კანდილ-სინაპი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კანდილ-სინაპი

კანდილ-სინაპი - ყირიმული ვაშლის ჯიშია; მას ჩვენში შემოკლებულად „კანდელას“ უწოდებენ. ჩვენში კანდილი გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოს მეხილეობის რეგიონებში. საქართველოში კანდილი თითქმის ყველგან გვხვდება, მხოლოდ ფართოდ გავრცელებული კი იგი არც ერთს რეგიონში არ არის. უფრო მეტად აფასებენ კანდილს კახეთსა და ახალციხეში, იქ, სადაც შედარებით ნაკლებქარიანი ადგილებია.

კანდილ–სინაპის ნარგავები მხოლოდ კარგ დაფარულ, მყუდრო, უქარო რაიონებში უნდა შენდებოდეს, რადგანაც ნაყოფს ყუნწი მეტად ბოში აქვს, ამასთანავე მსხვილი ნაყოფი აქვს და უხვი მსხმოიარეა. მცირე ქარების შემთხვევაშაც კი მოსავალი მთლად ძირს სცვივა და მასთან ტოტები ელეწება, რაც ხეს სამამულედ მეტისმეტად აზიანებს.

კანდილის ნაყოფი მსხვილია, ცილინდრული მოყვანილობის, ბოლოში ოდნავ შევიწროებული, თითქოს სალტე ჰქონდეს შემოკრული. ნაყოფის გარეგნობა იშვიათი თვალწარმტაცია, მეტად ლამაზი მოყვანილობისაა და სიმეტრიული ნაყოფი ხშირად ჯგუფ–ჯგუფადაა მოთავსებული მოგრძო სანაყოფე ტოტებზე, რაც ქარების დროს ადვილად ქანაობს და ხელს უწყობს ნაყოფის გაცვივნას.

ნაყოფის ჯამი დახურულია და მოთავსებულია განიერ და არაღრმა ღრუში. ნაყოფის ყუნწი გრძელია, წვრილია და ზის ვიწრო და არაღრმა ღრუში.

კანდილ–სინაპის ყვავილი

ნაყოფის კანი გლუვია და მეტად პრიალა, საკმაოდ თხელი და მკვრივი; ძირითადი ფერი მოყვითალოა, საფარი ფერი კი ალისფერწითელი, რომელიც ნაყოფის 1/2–1/3–ს ფარავს ხან სიმეტრიულად, ხან კიდევ ირიბად. ნაყოფის კანს ზევიდან გადაკრული აქვს ძლიერი თხელი ცვილისფერი ფიფქი, რაც მეტად ლამაზ შეხედულებას აძლევს მთლიანად ნაყოფს. ადვილად ზიანდება ქეცით და უკანასკნელის შავი ხალები მეტად აუშნოებს ასეთი ლამაზი გარეგნობის მქონე ნაყოფს, რის გამოც მას სასაქონლე ღირებულება ეკარგება.


ნაყოფის ხორცი ნაზია, ფხვიერი, წვნიანი, ტკბილი და მეტად კარგი შეხამებული გემოსი. სრულ სიმწიფეში შედის დეკემბერ–იანვარში და კარგად ინახება აპრილამდე. მოკრეფის დრო უდგება სექტემბრის შუა რიცხვებში.

ხე ძლიერი ზრდისაა, ინვითარებს მაღალ და ვიწრო პირამიდულ ვარჯს, რომელიც მსხმოიარობის გამო გადიშლება ხოლმე. ხეს ახასიათებს ოდნავ დაშვებული ტოტებიც; უფრო მეტად განვითარებული აქვს სანაყოფე გრძელი ტოტები. ყვავილობა საშუალო პერიოდის აქვს. ყვავილი თვითსტერილია, კარგად ნაყოფიერდება სარი სინაპით. ხე პირველი მოსავლის მოცემას მე–15–17 წლიდან იწყებს, მაგრამ მალე შედის უხვ მსხმოიარობაში.

ბოში ყუნწი, თხელი ვარჯი, გვიანა მსხმოიარობა, სოკოვან დაავადებებით ადვილი დაზიანება, საკმაოდ დიდი მოთხოვნილება გარემო პირობებისადმი, კანდილ–სინაპს ჩვენში სამრეწველო ჯიშად გავრცელების პირობებს ვერ უქმნიან.



წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები