კანემანი დენიელ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დენიელ კანემანი

კანემანი დენიელ - Kahneman Daniel, Канеман Даниел, 1934

ისრაელელ-ამერიკელი ფსიქოლოგი, პრინსტონისა და თელავივის უნივერსიტეტების პროფესორი. დაიბადა თელავივში. ბავშვობა პარიზში გაატარა და კვლავ დაბრუნდა ისრაელში. თელავივის უნივერსიტეტში მიიღო მათემატიკისა და ფსიქოლოგიის ბაკალავრის წოდება. ერთხანს მსახურობდა ისრაელის სამხედრო ძალების ფსიქოლოგიურ ქვეგანაყოფში, სადაც შეიმუშავა ახალწვულთა პიროვნების შეფასების ტესტი. 1958 წლიდან გადასახლდა აშშ-ში და ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტში მიიღო ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის დოქტორის წოდება. მჭიდროდ თანამშრომლობდა ადამ ტვერსკისთან. 2002 წელს კანემანსა და ტვერსკის მიენიჭათ ნობელის პრემია ეკონომიკის დარგში − ფსიქოლოგიური კვლევების გამოყენებისთვის ეკონომიკაში, უპირველესად - გადაწყვეტილების მიღების კანონზომიერებათა შესწავლისთვის განუსაზღვრელობისა და მაღალი რისკის პირობებში (ფსიქოლოგიაში ნობელის პრემია არ არსებობს, ამიტომ ფსიქოლოგისთვის ნობელის პრემიის მინიჭება გამონაკლისია).

კანემანს ეკუთვნის აზროვნებისა და შეფასების ტიპური შეცდომების უმნიშვნელოვანესი გამოკვლევები, რომლებმაც ზოგადად შემეცნების ფსიქოლოგია და სოციალური ფსიქოლოგია გაამდიდრა. მაგალითად:

  • ზრდასრული ადამიანებისთვის გაცილებით უფრო ადვილია, რომ ახალი უჩვეულო ფაქტი როგორღაც, თუნდაც ხელოვნურ-ნაძალადევად ჩასვან თავინათ არსებულ სქემა-მოდელში (ასიმილაცია), ვიდრე ამ ახალი უჩვეულო ფაქტის გამო გადასინჯონ სქემა-მოდელი {აკომოდაცია}; და მაინც, თუკი გადასინჯვა აუცილებელი გახდება, ადამიანთა უდიდესი უმრავლესობა ყოველნაირად ცდილობს, რომ ეს გადასინჯვა მოცულობითაც და სიღრმითაც უმცირესი იყოს.
  • წინანდელი დანახარჯების ეფექტი {აზროვნების ტიპური შეცდომა}.
  • სტატისტიკური შეფასების ტიპური შეცდომები, მათ შორის − მისაწვდომობის ევრისტიკა, დეტერმინიზმის ილუზია, პროცესების მართვის ილუზია {სტატისტიკური შეფასების ტიპური შეცდომა}.
  • საშუალოსტატისტიკურ მნიშვნელობათა და საერთო განაწილების, საზოგადოდ ლოგიკურ-სტატიტიკური მსჯელობის უგულებელყოფა, ცალკეული თვალშისაცემი შემთხვევების უსაფუძვლო განზოგადება {ჰალოეფექტი}.
  • ეკონომიკური შეფასების ტიპური შეცდომები.

აზროვნების შეცდომებს დ. კანემანი თავისი „შეზღუდული რაციონალურობის თეორიით“ ხსნის − გარკვეულ პირობებში (საჭირო ინფორმაციის დანაკლისი, გაურკვევლობა-განუზღვრელობა, დროის სიმცირე, დიდი რისკი და სხვა) ადამიანის რაციონალურობა იძულებით იზღუდება. თუმცა ეს ახსნა არადამაკმაყოფილებელია. თანამედროვე ზრდასრულ ცივილიზებულ ადამიანებსაც კი არარაციონალური დასკვნები ხშირად გამოაქვთ საკმარისი ინფორმაციის შემცველ, სრულიად გარკვეულ და მშვიდ ვითარებებშიც. აზროვნების ილუზიის ზოგადი და მთავარი მიზეზია აზროვნების ინფანტილიზმი: სააზროვნო განწყობათა ინფანტილური რიგიდულობა და ლოგიკურ-ცნებითი აზროვნების არასაკმარისი სიმყარე {დეკალაჟი}. კერძოდ: ეგოცენტრიზმი, ხატობრივ-ასოციაციური აზროვნება და კონფორმიზმი არის ის სამი მთავარი მახასიათებელი, რომლებიც 10-12 წლამდე ბავშვის აზროვნების თავისებურებას შეადგენს და რომლებიც ზრდასრულთა აზროვნების ტიპურ შეცდომებსაც იწვევს {ზ. ვახანია}.

დ. კანემანი კოგნიტივისტური ეკონომიკის აღიარებული ლიდერია.


წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები