კანკელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Kankeli.jpg

კანკელი, იკონოსტასი - ტაძრის ის ნაწილი, რომლითაც გამოყოფილია საკურთხეველი, იმ ნაწილისაგან, სადაც მორწმუნეები დგანან.

კანკელი ხის ან ქვისგან გაკეთებული კედელია და მასზე განლაგებულია ხატები. კანკელს საკურთხეველში შესასვლელად სამი კარი აქვს. შუა კარს აღსავლის, ანუ სამეუფო კარი ეწოდება, დანარჩენ ორს კი - ჩრდილოეთისა და სამხრეთის კარები.

კანკელი ეკლესიაში, ღმერთთან ჩვენი ერთობის სიმბოლოა. კანკელის აღსავლის კარებს უკან – ყოვლად წმინდა ღვთისმშობლის ხატსა და განდიდებული ქრისტეს ხატს შორის – მდებარეობს ტრაპეზი, რაც იმას მიუთითებს, რომ ყველაფერი, რაც ჩვენთან მიმართებით ეკლესიაში ხდება, ისტორიულად აღსრულდა ქრისტეს ორ მოსვლასშო რის: ქრისტეს, როგორც ქალწულისაგან შობილი მაცხოვრის, მოსვლასა და საუკუნეთა დასასრულს ქრისტეს, როგორც მეუფისა და მსაჯულის, მოსვლას შორის.

აღსავლის კარებზე განთავსებული ხატები ადასტურებს ქრისტეს ხარებას, ხსნის ხარებას; ჩვეულებრივად, მასზე გამოსახულია ხარების პირველი უწყება: ოთხი მახარებელი და ხარება.

აღსავლის კარების ზემოთ განთავსებულია საიდუმლო სერობის ხატი, ქრისტიანული რწმენის მთავარი საიდუმლოსა და სამყაროში ეკლესიის ერთიანობის ხატი. ესაა ხილული მოწმობა იმისა, რომ ჩვენც ვმონაწილეობთ „სერობასა მას კრავისასა“ (გამოცხადება, 19:9), რომ ჩვენც მოგვემართება ქრისტეს სიტყვები: „რაჲთა სჭამდეთ და სუმიდეთ ტაბლასა ზედა ჩემსა სასუფეველსა შინა ჩემსა (ლუკა, 22:30)

კანკელის გვერდით განთავსებულ სადიაკვნო კარებზე (ისინი, ძირითადად, საკურთხევლის მსახურთათვისაა განკუთვნილი), ჩვეულებრივად, წმინდა დიაკვნების ან ანგელოზების – უფლის მსახურთა ხატებია დაწერილი. კანკელის პირველ („ადგილობრივ“) რიგში იმ წმინდანის ან ტაძრის იმ დღესასწაულის ხატია გამოსახული, რომლის სახელობისაცაა ტაძარი; ამ რიგში, ასევე, შესაძლებელია სხვა წმინდანებისა და დღესასწაულების ხატების განთავსებაც. მაღალ კანკელებზე, აგრეთვე, შეიძლება დაწერილი იყოს მოციქულების, თორმეტი საუფლო დღესასწაულის, წინასწარმეტყველთა, მამამთავართა და სხვა წმინდანთა ხატები. ეს ყველაფერი კი გვირგვინდება ქრისტეს ჯვრით.

ბოლო რამდენიმე საუკუნის განმავლობაში კანკელი უმრავლეს მართალმადიდებლურ ტაძარში თანდათან რთულდებოდა, სანამ, ბოლოს და ბოლოს, ის არ გადაიქცა ერთიან კედლად, რომელიც მორწმუნეებს განაცალკევებს საკურთხევლისაგან, ნაცვლად იმისა, რომ ისინი გააერთიანოს საკურთხეველთან. და მხოლოდ შედარებით ცოტა ხნის წინ დასავლეთის ეკლესიებში კანკელმა დაიკავა თავისთვის შესაბამისი ადგილი – კანკელი იქცა მცირე „სადგამად“ ხატებისათვის.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები