კარალეთი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კარალეთი (ნაჭარმაგევი) - სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, მდებარეობს გორის მუნიციპალიტეტში, გორიდან 8 კმ-ის დაშორებით, გორი-ცხინვალის საავტომობილო გზაზე.

კარალეთში მიკვლეულია გვიანდ. ბრინჯაოს ხანის სამოსახლო გორა. სოფლის ძველი სახელია ნაჭარმაგევი. ვახუშტი ბაგრატიონი კარალეთ-ნაჭარმაგევის შესახებ გადმოგვცემს: „გორს ზეით ლიახვს ერთვის გორისავე ჭალისა და ნაჭარმაგევისა წყალნი. ნაჭარმაგევი იყო სადგური მეფეთა და კეთილსანადირო, და აწ კარალეთად წოდვილი, ადგილი ტურფა, ჭალიან-მინდვრიანი, ნადირიანი, ფრინველიანი.“

ნაჭარმაგევი წარმოადგენს კარალეთის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ნაწილს. გადმოცემით ნაჭარმაგევი სოფელს დარქმევია. იმის გამო, რომ აქ ამოუვლია ცხინვალს მიმავალ თამარ მეფეს (1184-1207) ცხენით, რომელსაც ნაჭარმაგევი რქმევია. ცხენი ამ ადგილზე მომკვდარა და მასაც ნაჭარმაგევი დაერქვა. სხვა ვერსიით „ნაჭარმაგი“ ნაშრომს ნიშნავს (მეგრელიძე).

ისტორია

XI-XII სს. ნაჭარმაგევი შიდა ქართლის პოლიტიკური ცენტრი იყო.

დავით აღმაშენებელის გამეფების დროს (1089-1125) მეფეთა სანადირო ნაჭარმაგევს ყოფილა. 1115 წ. დავითი ნაჭარმაგევს იდგა, როცა თრიალეთის მხრიდან საქართველოს თურქები შემოესივნენ. დავითი ნაჭარმაგევიდან ტანას ხეობით ერთ დღეში გადავიდა თრიალეთს და მტერი დაამარცხა (ბერძენიშვილი). 1178 წ. მეფე გიორგი III-მ (1156-1184) თამარი მეფედ გამოაცხადა ნაჭარმაგევს (ქც 2: 20,9-12). 1191 წ. თამარ მეფის წინააღმდეგ აჯანყებული გიორგი რუსის მომხრე დიდებულებმა მოაოხრეს ნაჭარმაგევი გორამდე. თამარი ნაჭარმაგევს დასნეულდა. 1234 წ. ნაჭარმაგევში შეიკრიბა ჯალალედინის წინააღმდეგ მებრძოლი ქართველთა ლაშქარი. კონსტანტინე II-მ (1478-1505) კარალეთი ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილს უბოძა (გვრიტიშვილი; გვასალია). 1703 წ. საბუთით კარალეთის ჭალა ნაკოშკარისა და მეფის წყაროს ზევით ეკუთვნოდა ქსნის ერისთავებს, ქვევით – თუმანიშვილებს (გვასალია). 1756 წ. ივლისში ლეკის ჯარი თავს დაესხა კარალეთის ციხეს. მათ აიღეს ქვედა გალავანი და წაიღეს ალაფი. თეიმურაზ II (1744-1762) და ერეკლე II (1744-1798) ლეკებს დაეწივნენ და დაამარცხეს (ორბელიანი). XVIII ს-ის ბოლოს კარალეთი ერისთავების კუთვნილებაა (გვასალია). ნაჭარმაგევ-კარალეთზე მნიშვნელოვანი გზები გადიოდა: ნაჭარმაგევი – მუხრანი; კახეთი – მუხრანი – ნაჭარმაგევი; ნაჭარმაგევი – გორი – ტანას ხეობა – თრიალეთი (ბერძენიშვილი).

სოფელი კარალეთი ქართლში რევოლუციური მოძრაობის ერთ-ერთი ცენტრი იყო. 1902 წ. აპრილს ერისთავსა და გლეხებს შორის ატყდა დავა საძოვრების თაობაზე. გლეხებმა სოფლის ცენტრში მოიყარეს თავი. გორის მაზრის უფროსმა დააპატიმრა რამდენიმე გლეხი. მათ გასათავისუფლებლად სოფლის გლეხობამ თბილისში, მთავარმართებელთან თხოვნით გაგზავნა დეპუტაცია. დაპატიმრებული გლეხები რუსეთის შორეულ გუბერნიაში გადაასახლეს.

1905 წ. 7 მარტს, 12 საათზე, სოფლის კანცელარიასთან თავი მოიყარა მეზობელი სოფლების – ხელთუბნის, თორტიზის, დიდი და პატარა გარეჯვრების მოსახლეობამ. მათ, ხელთუბნელების თაოსნობით, მოაწყვეს მსვლელობა წითელი დროშებით, დაარბიეს და დაანგრიეს კანცელარიის შენობა, 13 მარტს სოფლის ცენტრში კვლავ ათასამდე კაცმა მოიყარა თავი. შეკრებაზე გლეხებმა მთავრობის საწინააღმდეგო სიტყვები წარმოთქვეს, თავად ერისთავისაგან მოითხოვეს ნაცვლის გადასახადისაგან გათავისუფლება, ტყითა და საბალახოთი სარგებლობის უფლება, მღვდლისა და სოფლის მოხელეთა თვითნებობის ალაგმვა. მიტინგი მღელვარებაში გადაიზარდა. ამბოხებულებმა დაანგრიეს სამრევლო სკოლა, ჩამოხსნეს ეკლესიის ზარი. საღამოს ეკლესიის ეზოში შეკრებილებმა დასახეს ბრძოლის გეგმა.

1905 წ. 20 მარტს თავად ერისთავის სახლს (ახლა ამადგილზე სოფლის კლუბის შენობაა) ალყა შემოარტყა 600-მდე კაცმა. მათ გასაფანტავაღ გაიგზავნა პოლიცია. თავადმა დემონსტრაციის ხელმძღვანელთა გადასახლება მოითხოვა. მთავრობამ იმავე წლის სექტემბერში სოფელში კაზაკების რაზმი ჩააყენა, რამაც დიდი მატერიალური ზარალი მიაყენა სოფლის მოსახლეობას.

იხილე აგრეთვე

კარალეთის ღვთისმშობლის ეკლესია

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები