კარატისწვერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კარატისწვერიხევსურეთში, ლიქოკში არის ერთი მაღალი მთა – კარატისწვერი. ზედ წვერზე პატარა დავაკებაა. ერთ მხარეს ფშავის სოფელი ბულალაურთაა, მეორე მხარეს – ლიქოკის სოფლები. კარატისწვერი ფშაველ-ხევსურთა საზღვარია. ამ მთაზე ზაფხულობით ამოდის როგორც ბულალაურთის საქონელი, ისე ლიქოკელებისა და ამ მთის სიმაღლეზე სანიაოზე დგებიან.

ლიქოკში კოპალას დაარსებამდე ამ მთაზე საქონელს ამორეკავდნენ ხოლმე ლიქოკელი ახალგაზრდა ვაჟი და ბულალაურელი ახალგაზრდა ქალი. ძალიან უყვარდათ ერთმანეთი, ოღონდ და-ძმასავით იყვნენ. ერთხელ, როცა ძროხებს აძოვებდნენ კარატისწვერზე, რაღაც წივილი მოესმათ. გაიხედეს და ხედავენ, რომ მათ მახლობლად ზეციდან ვერცხლის თასი და ვერცხლის შიბი (ჯაჭვი) ჩამოეშვა. ქალ-ვაჟი ჯერ შეშინდა, მერე კი მივიდნენ ზეციდან ჩამოსულ საგნებთან. ქალმა შიბი აიღო, ვაჟმა კი – თასი. (ხევსურები ამბობენ, რომ მათი სიწმიდე შელახული რომ ყოფილიყო, ამ საგნების ვერც დანახვას და ვერც მათ ხელისხლებას ვერ შეძლებდნენო).

მათ ეს ნივთები სახლში წაიღეს. მხოლოდ პირობა დასდეს, რომ არსად გაემჟღავნებინათ ეს ამბავი, არც ოჯახში და არც სხვაგან. როცა შინ დაბრუნდნენ, ქალმა შიბი პურის კიდობანში დამალა, ვაჟმა კი თასი თავის ჭერხოს კარების უკან დადგა და ზედ ქეჩის ძველები გადააფარა, რომ ვერავის დაენახა.

დაღამდა თუ არა, ატყდა ორივე ოჯახში წივილი და ჟღრიალი. მაგრამ ოჯახებში ვერ გაიგეს, რამ გამოიწვია ეს წივილი. ქალი და ვაჟი ერთიმეორის აღთქმის გულისათვის არ გამოტყდნენ და არაფერი უთქვამთ. მეორე დღეს ქალ-ვაჟი ამავე მთაზე შეიყარნენ და უთხრეს ერთიმეორეს წუხანდელი ამბავი. გადაწყვიტეს, თუ განმეორდებოდა წივილი, მშობლებისთვის გაემხილათ მიზეზი. მეორე დღე რომ დაღამდა, ორივე ოჯახში ისევ ატყდა საშინელი წივილი და ჟღარუნი. ქალმა და ვაჟმა თავ-თავიანთ მშობლებს ყველაფერი უამბეს და ზეციდან ჩამოსული ნივთებიც აჩვენეს. მშობლები ქადაგთან წავიდნენ და უთხრა ქადაგმა, რომ შიბი ორად გაეჭრათ; ერთი ნახევარი იქ ჩაემარხათ, სადაც პირველად ჩამოეშვა, და ზედ პატარა კოშკი აეშენებინათ, მეორე ნახევარი კი – ბულალაურთაში. თასიც აქვე უნდა ჩაემარხათ და მასზეც პატარა კოშკი აეშენებინათ. მათაც შეასრულეს ქადაგის რჩევა და ასე მოიქცნენ.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები