კარგარეთელი ია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ია კარგარეთელი

კარგარეთელი ია (ილია) გიორგის ძე - (1867, ერთაწმინდა - 31.III.1939, თბილისი) - მომღერალი, კომპოზიტორი, რეჟისორი, ფოლკლორისტი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, ეროვნულ საოპერო სცენაზე ქართული ენის დამნერგავი, სარომანსო ჟანრის ერთ-ერთი წამომწყები.

სარჩევი

ბიოგრაფია

დაიბადა მღვდლის ოჯახში. რვა წლის ასაკში გორის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს. 1884-85 წლებში სიონის ტაძრის გუნდში გალობდა. შემდეგ ლადო აღნიაშვილის გუნდში მღეროდა. 1889 წელს მუსიკალური განათლების მისაღებად რუსეთში გაემგზავრა და მოსკოვის მუსიკალურ დრამატულ სასწავლებელში ვოკალურ და თეორიულ განყოფილებებზე სწავლა დაიწყო. აქტიურად იყო ჩაბმული მოსკოვის მუსიკალურ ცხოვრებაში.

1895 წელს საქართველოში დაბრუნდა და მრავალმხრივ მოღვაწეობას შეუდგა. დაწერა თავისი პირველი რომანსები - „მშვენიერთა ხელმწიფევ“ და „შევიშრობ ცრემლსა“. 1896 წელს შედგა მისი დებიუტი თბილისის ოპერის თეატრში. იყო ერთ-ერთი პირველი ქართველი მუსიკოსი, რომელმაც მთელი საქართველო მოიარა და ქართული ხალხური სიმღერის მნიშვნელოვანი ნიმუშები ჩაიწერა. 1899 წელს გამოდის კრებული, სადაც მის მიერ ჩაწერილი 50 სიმღერა შევიდა. 1905 წლამდე არტისტულ მოღვაწეობას ეწეოდა, ასევე, დაინიშნა საოპერო თეატრის დასის მეორე დირექტორად და მონაწილეობა მიიღო საქართველოს ფილარმონიული საზოგადოების დაარსებაში. ქართულ ენაზე თარგმნა ოპერები: „დემონი“, „ტრავიატა“, „ჯამბაზები“, „სოფლის პატიოსნება“, „ოტელო“, „პიკის ქალი“, „ფაუსტი“, „ბალ-მასკარადი“, „რიგოლეტო“, და „ბოჰემა“.

1909 წლის 13 დეკემბერს რუსეთის „ოხრანკის“ თანამშრომლებმა დააპატიმრეს, წაიყვანეს საგუბერნიო ციხის მახლობლად და ესროლეს. სიკვდილს შემთხვევით გადარჩენილი, იძულებული გახდა, საოპერაციოდ ოდესაში წასულიყო. იქიდან დაბრუნების შემდეგ გაზეთ „ტალღაში“ ხელისუფლების საწინააღმდეგო სტატიის გამოქვეყნების გამო მეტეხის ციხეში სასჯელი მოიხადა. 1909 მისი მეორე კრებული დაიბეჭდა, რომელშიც 16 სიმღერა და ხალხური პოეზიის ნიმუშები შევიდა. 1910 წლიდან თბილისის სასულიერო სემინარიაში და ზოგადი განათლების სკოლაში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა. თბილისის კონსერვატორიაში დაარსების დღიდან ასწავლიდა მუსიკის ისტორიასა და ელემენტარულ თეორიას.

თბილისის უნივერსისტეტის დაფუძნების შემდეგ, 1918 მისი თაოსნობით, მუსიკოსთა ერთი ჯგუფი, უნივერსიტეტში ქართული მუსიკის ისტორიის შესასწავლად, კათედრის შექმნის ინიციატივით გამოვიდა. უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ მოიწონა იდეა და მუსიკოსთა აღნიშნული ჯგუფის ხელმძღვანელის კანდიდატურის დასახელება შესთავაზა. ამ ამბავმა განათლების სამინისტრომდე მიაღწია, რომელმაც უნივერსიტეტს კ. ფოცხვერაშვილის კანდიდატურა შესთავაზა. უმაღლესი სასწავლებელი და სამინისტრო კანდიდატურაზე ვერ შეთანხმდნენ, შედეგად, ეს მნიშვნელოვანი წამოწყება ვეღარ განხორციელდა. უკვე დამოუკიდებელ საქართველოში (1918.05.VII.) გაზ. „საქართველომ“ გამოაქვეყნა მისი სტატია „წერილის მაგიერ“. აღნიშნული სტატია ქართული მუსიკის პრობლემებს ეხებოდა. 1919 წელს ასევე გაზეთ „საქართველოში“ დაიბეჭდა მისი რეცენზია ზაქარია ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერის“ შესახებ. წერილით კმაყოფილი იყო კომპოზიტორიც და ქართული საზოგადოებაც. 1920-1921 წლებში სკოლებისათვის განკუთვნილი მისი სახელმძღვანელო - „სიმღერა მუსიკისა“ გამოიცა.

1923 წელს საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის დამსახურებული არტისტის წოდება მიანიჭეს. 1933 წელს მისი ავტორობით „მოკლე პოპულარული სამუსიკო ენციკლოპედია“ დაიბეჭდა, 1938 წელს კი ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიიღო. სიცოცხლის ბოლო ორი ათეული წელი კონსერვატორიაში პედაგოგობასა და კვლევით სამუშაოებს მოანდომა. ქართული მრავალხმიანობის საკითხებს სწავლობდა და X-XII საუკუნეების ქართული საეკლესიო სანოტო დამწერლობის (ნევმების) გაშიფვრას ცდილობდა. გარდაიცვალა ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ.

ზურაბ ლეჟავა

თხზულებები

  • ი. კარგარეთელი, „მემუარები“. საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი. თბ., 2008;
  • ი. კარგარეთელი, „წერილის მაგიერ“, გაზ. „საქართველო“, 1918, №130;

ლიტერატურა

  • ლ. გავაშელი, „ია კარგარეთელი“, მონოგრაფია, ხელოვნება, თბ., 1959;
  • ლ. დონაძე, ო. ჩიჯავაძე, გ. ჩხიკვაძე, „ქართული მუსიკის ისტორია“, წ. I, გამომცემლობა „განათლება“, თბ., 1990;
  • ი. კარგარეთელი, „წერილის მაგიერ“, გაზ. „საქართველო“, 1918,N 130;

იხილე აგრეთვე

ია კარგარეთელი

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები