კასიო ტადაო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
CASIO

ტადაო კასიო - (Tadao Casio 26.ნოემბერი 1917 - 06.მარტი 1996), იპონელი ბიზნესმენი, ტრანსნაციონალური სამომხმარებლო ელექტრონიკის მწარმოებელი კომოანიის Casio Computer Co., Ltd. დამფუძნებელი

ბიოგრაფია

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იაპონიის მთელი ეკონომიკა იაფი პროდუქციის წარმოებაზე იყო ორიენტირებული _ მომხმარებელს ფული არ ჰქონდა. ტადაო კასიოც ბაზრის კონიუნქტურას ითვალისწინებდა და საკუთარ ეზოში მოწყობილ მინი ქარხანაში სიმინდის ღვეზელის საცხობ დანადგარს და რგოლიან მუნდშტუკებს ამზადებდა. მის პროდუქციაზე, სიიაფის გამო, მოთხოვნილება გაიზარდა. გამომთვლელი მანქანების სამყაროში რევოლუცია ჯერ შორს იყო, თუმც ამის პიონერად სწორედ ტადაო კასიო იქცა.

ტადაო კასიო 1917 წლის 26 ნოემბერს კოჩის პრეფექტურის ერთ-ერთ სოფელში დაიბადა. მის სახლს მშვენიერი ბუნება ერტყა გარს. სოფელში ის 1923 წლამდე ცხოვრობდა. იქიდან წასვლაში ტოკიოს საშინელი მიწისძვრა დაეხმარა, რამაც 100 ათასი იაპონელი იმსხვერპლა. დედაქალაქი ხელახლა შენდებოდა, ამიტომაც მუშახელზე მოთხოვნილება მკვეთრად გაიზარდა. კასიოს ოჯახს დედაქალაქში რთული ცხოვრება დახვდა. მშენებლობაზე ცოტას უხდიდნენ. იმისთვის, რომ ტადაოს სწავლისთვის ფული დაეზოგა, უფროსი კასიო ტრამვაითაც კი არ მგზავრობდა და რამდენიმე კილომეტრს სახლიდან სამსახურამდე ფეხით გადიოდა. ტადაოც ცდილობდა მშობელთა ზრუნვა წყალში არ ჩაეყარა. კლასში იგი მუდამ პირველი იყო. სკოლის დამთავრების შემდეგ, როგორც წარჩინებული, ქარხანაში გააგზავნეს, სადაც ხარატის თანაშემწედ დაიწყო მუშაობა. სამსახურში ტადაო პირველი ცხადდებოდა, ქარხანას კი ყველაზე გვიან ტოვებდა. ასეთი გულმოდგინების საფასურად ადმინისტრაცია საღამოს ტექნიკურ კურსებზე სწავლის თანხას თვითონ უხდიდა.

დაუღალავმა შრომამ ტადაო კასიოს ორგანიზმი იმდენად გამოფიტა, რომ სამედიცინო კომისიამ იგი სამხედრო სამსახურისთვის უვარგისად სცნო. იმ დროს ახალგაზრდა იაპონელისთვის ეს სირცხვილი იყო.

იმის გამო, რომ სამშობლოს დამცველთა რიგებში ვერ ჩადგა, კასიო საშინელ სინდისის ქენჯნას განიცდიდა. მან გადაწყვიტა გაორმაგებული ენერგიით ემუშავა და ფრონტს ამ გზით დახმარებოდა. მასრების დამამზადებელი საამქრო, სადაც კასიო მუშაობდა, მთელ ქარხანაში საუკეთესო იყო, როგორც პროდუქციის რაოდენობით, ისე ხარისხით, მაგრამ ტადაო მაღალტექნოლოგიურ წარმოებაზე ოცნებობდა. ამისთვის კი საკუთარი საქმის წამოწყება იყო საჭირო.

თავისი საქმე ტადაომ 1942 წელს დაიწყო. მან ქარხანაში იაფად შეიძინა სახარატო დაზგა, რომელიც ეზოში, პატარა სახელოსნოში მოათავსა. პოტენციურ შემკვეთებს კასიო უკვე იცნობდა. ხოლო ხარატის პროფესიას საუცხოოდ ფლობდა. ყველაფერი ეს მონდომებასა და მეგობრულ ოჯახთან ერთად დასაწყისისთვის საკმარისი იყო. ბიზნესის დასაწყისი კასიოს ოჯახმა მონატრებული საზეიმო სადილით აღნიშნა. სულ მალე ტადაომ, რომელიც სამხედრო თვითმფრინავებისთვის დეტალებს ამზადებდა, კრედიტიც დააბრუნა და იმდენი ფულიც მოაგროვა, რომ ცოლიც შეირთო.

ომის დასრულებასთან ერთად ტადაოს ცხოვრებაც მკვეთრად შეიცვალა. სახლი ამერიკული ბომბდამშენების ცეცხლს ემსხვერპლა, აწყობილი წარმოება გაპარტახდა, ახალი შეკვეთების მიღების იმედიც გადაიწურა. ტადაოს ომიდან დაბრუნებული ძმები სამუშაოს ვერ შოულობდნენ. ოჯახი სიღარიბის ზღვარზე აღმოჩნდა.

მძიმე ვითარებიდან გამოსავალი კვლავ ტადაომ იპოვა. ნაცნობმა მას მჩარხავი დაზგა შესთავაზა. მისი მეშვეობით ქვაბების, პრიმუსების, ღუმელების დამზადება შეიძლებოდა. ამგვარ საქონელზე კი ომის შემდგომ პერიოდში მოთხოვნილება მართლაც დიდი იყო. ჩარხი კასიოს ტოკიოდან 300 კილომეტრით დაშორებული ადგილიდან უნდა ჩამოეტანა. ტრანსპორტის შოვნა კი შეუძლებელიიყო. ეს პრობლემა საოცარი თავგანწირვით მამა-კასიომ გადაჭრა. ორთვლიანი საზიდარი ველოსიპედს გამოაბა და ნახევარტონიანი დაზგა დედაქალაქში ჩამოიტანა, რასაც მთელი კვირა მოანდომა. ამგვარად, კასიოს ოჯახმა არა მარტო შიმშილს დააღწია თავი, არამედ მომავლის დაგეგმვასაც შეუდგა.

1950 წლიდან ტადაომ და მისმა ძმამ ტოსიომ გამომთვლელი მანქანის შექმნაზე დაიწყეს მუშაობა. პროექტის სარეალიზაციოდ საჭირო ფულს ტადაო კასიო დღისით შოულობდა, ხოლო ღამეს ახალი იდეის განხორციელებას ახმარდა. ხელმოკლეობის გამო კასიოს მუშახელის დაქირავება არ შეეძლო. ამიტომ ტექნიკურ მხარეს ტოსიო უძღვებოდა. იგი შრომასთან ერთად სწავლობდა კიდეც.

პირველი მოდელის შექმნას 5 წელიწადი დასჭირდა. თუმცა მუშაობის პროცესში იგი უკვე მორალურად მოძველდა. საქმიანობის გასაგრძელებლად ტადაომ ბანკიდან სესხი გამოიტანა. შემდგომში ნოვატორი იძულებული გახდა კონსტრუქცია სრულიად შეეცვალა და რელეს უფრო პროგრესულ სისტემაზე გადასულიყო. მუხლჩაუხრელი შრომის შედეგად შექმნილი ტექნიკური სიახლე სიმაღლეში მეტრს, წონაში კი 120 კგ-ს აღწევდა. იმ დროისთვის ეს გრანდიოზული მიღწევა იყო. სახელწოდება „კასიო 14ა” (Casio 14A) ნიშნავდა, რომ მანქანას თოთხმეტნიშნა ციფრებით ოპერირება შეეძლო. საზღვარგარეთულ მოდელებთან შედარებით, მაღალტექნიკური მაჩვენებლების გამო, „კასიო“-ს უფრო დიდი ფასიც დაედო.

წარმატებას წინ არაფერი ედგა. იაპონელები ყველაფერ იაპონურს მუდამ უპირატესობას ანიჭებენ. გამოგონება იაპონიის ეკონომიკურ აღმავლობას დაემთხვა. ამიტომ „კასიო” შეკვეთების ნაკლებობას არ უჩიოდა. დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, კაპიტალის მოზიდვის მიზნით, კომპანია აქციონერულ საზოგადოებად გადაკეთდა. ქალაქ მიტაკე-სიტიში ახალი ქარხანა აშენდა, გაიხსნა ტექნიკური განათლების კურსები თანამშრომელთათვის. „კასიო”-ს მუშა-მოსამსახურეთა გულმოდგინებას საზღვარი არ ჰქონდა. თავდაუზოგავად მუშაობდა საკონსტრუქციო ბიუროც. ტადაო კასიოც თავის ხელქვეითებს ზრუნვას არ აკლებდა. სწორედ ამიტომაც გამოიგონა მან ფერადი გამტარები, რაც მუშაობის პროცესს საგრძნობლად აადვილებდა. მოგვიანებით ეს ნოუ-ჰაუ მსოფლიო პრაქტიკაშიც დამკვიდრდა.

წარმატებებმა ტადაოსა და მის ძმას ტოსიოს ცოტა არ იყოს თავბრუ დაახვია. ისინი იმდენად გაიტაცა გოლფმა, რომ ახალი იდეებისთვის თავს აღარ იწუხებდნენ. ასეთი უზრუნველობა კარგად გამოიყენეს კონკურენტებმა, უპირველესად - „შარპმა“. მის მიერ გამოშვებული ახალი თაობის მანქანები უკვე ელექტრონულ პრინციპზე იყო აწყობილი. კასიოს პროდუქციაზე მოთხოვნილება მყისვე დაეცა. ტადაოს ფირმას მძიმე დღეები დაუდგა, მას ხელი არ ჩაუქნევია და ტექნიკური ლაბორატორიები ახალი სიმძლავრით აამუშავა. 1965 წელს კასიომ ახალი მოდელი გამოუშვა - „001“ ე. ი. უახლესი, ახალი ერის დამწყები. კომპანიამ ეკონომიკური სტრატეგიაც ზუსტად გათვალა, იაპონურ ბაზარზე გაბატონებულ კონკურენტებთან ბრძოლას მან ამერიკისა და ევროპის მსხვილი ქალაქების დაპყრობა არჩია. გაიხსნა მრავალი საფირმო მაღაზია, რომელთა პერსონალსაც სპეციალური სასწავლო პროგრამით ამზადებდნენ. ასეთმა ტაქტიკამ გაამართლა. 70-იანი წლების დასაწყისში კასიომ დაკარგული წლების რეპუტაცია დაიბრუნა და წინსვლა განაგრძო. ტადაო კასიოთავის ერთ-ერთ ვაჟს ხუთი წლის ასაკიდან დისციპლინასა და გულმოდგინებას აჩვევდა. მას, როგორც ჭეშმარიტ იაპონელს, მიაჩნდა, რომ კომპანია ოჯახურ კლანს უნდა ემართა.

80-იანი წლების შუახანებში კასიომ საგრძნობლად გაზარდა ასორტიმენტი. უზარმაზარი კომერციული გამოცდილების მქონე ტადაო კასიო ახალი ბაზრის დასაპყრობად ემზადებოდა. მალე კასიო საათების გამოშვებას იწყებს. ერთჯერადი საათებიდან ელიტური მოდელების ჩათვლით. კასიოს საათებმა ისეთივე პოპულარობა მოიპოვა, როგორიც გამომთვლელ მამანქანებმა და ფირმის ნამდვილ სიმბოლოდ იქცა. ტადაო კასიო ფირმას 1960-88 წლებში ხელმძღვანელობდა. ამის შემდეგ კი მართვის სადავეები ტოსიოს გადასცა. ორმა ძმამ კაძუომ და იუკიომ, შესაბამისად გენერალური დირექტორისა და ვიცე-გენერალური დირექტორის თანამდებობა დაიკავეს. ტადაოკასიო 1993 წლის 6 მარტს გარდაიცვალა. მომავალ ბიზნესმენებს მან ბედნიერების რეცეპტიც დაუტოვა: - „თუ გინდათ ბედნიერნი იყოთ, მთელი ძალები სხვა ადამიანების ბედნიერებას მოახმარეთ”.

წყარო

გამოჩენილ ბიზნესმენთა სამეწარმეო ცხოვრებიდან

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები