კაუცკი კარლ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კაუცკი კარლ

კაუცკი კარლ იოჰან - (დ. - 16.X.1854, პრაღა - გ. - 17.X.1938, ამსტერდამი) - მარქსიზმის თეორეტიკოსი, ფილოსოფოსი, ჟურნალისტი, გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიისა და მეორე სოციალისტური ინტერნაციონალის ლიდერი.

სარჩევი

ბიოგრაფია

დაიბადა საშუალო კლასის წარმომადგენელ ავსტროჩეხურ ოჯახში. უმაღლესი განათლება ვენის უნივერსიტეტში მიიღო, სადაც ისტორიას, ფილოსოფიასა და ეკონომიკას სწავლობდა. 1875 წელს შეუერთდა ავსტრიის სოციალ-დემოკრატიულ პარტიას. 1880-იან წლებში დაუახლოვდა გერმანულ სოციალ-დემოკრატიულ ჯგუფებს. 1883 წელს შტუტგარტში დააფუძნა სოციალისტური გამოცემა „DIe Neue Zeit”. შემდგომ წლებში დაუახლოვდა ფრიდრიხ ენგელსსა და გარკვეული პერიოდი ლონდონში ეწოდა თეორიულ მუშაობას. 1891 წელს აუგუსტ ბებელთან და ედუარდ ბერნშტაინთან ერთად შეიმუშავა გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ძირითადი საპროგრამო დასაყრდენი, რომელიც „ერფრუტის პროგრამის“ სახელითაა ცნობილი. ენგელსის გარდაცვალების შემდეგ კაუცკი მიიჩნეოდა ყველაზე ცნობილ მარქსისტ თეორიტიკოსად. 1890-იან წლებში არ გაიზიარა ე. ბერნშტეინისეული მარქსიზმის რევიზიონისტული შეხედულებები და დაიცვა კლასობრიობის პრინციპი.

XX ს-ის 90-იან წლებში კარლ კაუცკისთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა ქართული სოციალ-დემოკრატიის ლიდერ ნ. ჟორდანიას. კაუცკი თავის თეორიულ ნაშრომებში მკაცრად იცავდა მცირე ერთა თვითგამორკვევის პრინციპებსა და მათთვის დამოუკიდებლობის მინიჭებას უჭერდა მხარს. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისას კაუცკი ეთანხმებოდა რაიხსტაგში გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრების მიერ ომის კრედიტის მხარდაჭერას, იმპერიული რუსეთის დამარცხებისა და თავდაცვის მიზნით, თუმცა რამდენიმე თვეში, როდესაც ომის მიზნები თვალნათელი გახდა, ის აქტიურ ანტისაომარ პროპაგანდას ეწეოდა. მსოფლიო ომის შემდეგ მხარს უჭერდა დამოუკიდებელ სოციალ-დემოკრატიულ და სოციალ-დემოკრატიული პარტიების რევოლუციურ მთავრობას.

კაუცკი საქართველოში

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ კაუცკი მხარს უჭერდა იმპერიების ნგრევის შედეგად წარმოქმნილ სახელმწიფოებსა და მათ განვითარებას. აქტიურად უჭერდა მხარს საქართველოს საერთაშორისო აღიარების პროცესს, ეხმარებოდა ქართულ დელეგაციას გერმანიაში. 1920 წლის სექტემბერ-დეკემბერში კარლ კაუცკი, როგორც მეორე სოციალისტური-ინტერნაციონალის ლიდერი, საქართველოში იმყოფებოდა. ის დელეგაციის სხვა წევრებთან შედარებით, ჯანმრთელობის პრობლემების გამო, გვიან ეწვია საქართველოს. საქართველოში ვიზიტის დროს მონაწილეობა მიიღო არაერთ მიტინგსა და გამოსვლაში. მრავალჯერ მიმართა საქართველოს მოქალაქეებს. დაესწრო სახალხო უნივერსიტეტის გახსნას, გვარდიის ყრილობას, ეკონომიკურ თათბირებს, შეხვდა რკინიგზელებს და დაესწრო სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალური კომიტეტის სხდომას, სადაც წარმოთქვა სიტყვები - „საქართველოს სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან მე უფრო დაახლოებულად ვგრძნობ თავს, ვიდრე რომელიმე სოციალისტურ პარტიასთან ევროპაში“. ვიზიტის ბოლოს კი საქართველოს თავდაცვის ფონდს მეუღლესთან ლუიზ კაუცკისთან ერთად შესწირა ძვირფასეულობა. საქართველოში ვიზიტისას, ადგილზე დაკვირვებების საფუძველზე, არაერთი ნაშრომი შექმნა სოციალ-დემოკრატიული პოლიტიკური მოდელის განხორციელების შესახებ. ნაშრომებში, ქართულ მოდელზე დაყრდნობით, უპირისპირდება საბჭოთა მოდელს და აკრიტიკებს ლენინის ხედვებს.

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ მხარს უჭერდა დამოუკიდებლობის აღდგენისათვის ბრძოლას, პრესისა და წიგნების გვერდებზე აკრიტიკებდა საბჭოთა რეჟიმში. 1929 წელს დავით შარაშიძის წიგნს „ჰ. ბარბიუსი, საბჭოები და საქართველო“ გაუკეთა შესავალი სახელწოდებით - „საქართველო და მისი ჯალათები“. პოლიტიკურ დახმარებას უწევდა დევნილობაში მყოფ საქართველოს მთავრობას.

XX საუკუნის 20-30-იან წლებში ეწეოდა თეორიულ საქმიანობას, აკრიტიკებდა საბჭოთა პოლიტიკურ სისტემას, დასავლურ კაპიტალიზმსა და გერმანიის პოლიტიკურ მდგომარეობას. ჰიტლერის რეჟიმის კრიტიკის და ებრაული ფესვების გამო, გერმანიის დატოვება მოუხდა და თავი ნიდერლანდებს შეაფარა. მისი შვილი ბენედიქტი 7 წლის განმავლობაში ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკებში იმყოფებოდა. კარლ კაუცკის მეუღლე ლუიზი აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკში დაიღუპა, თავად კი ამსტერდამში გარდაიცვალა.

ირაკლი ირემაძე

თხზულებები

  • კ. კაუცკი, „სოციალიზმის პრობლემები და პერსპექტივები საქართველოში“, საქ. სოც. დემ. პარტიის ცენტ. კომიტეტის გამოცემა, 1920;
  • K. K a u t s k y, Georgia: A Social-DemocratIc Peasant Republic, Impressions and Observations. translated by H. J. Stenning and revised by the Author, London: International Bookshops, 1921.

ლიტერატურა

  • ნ. კირთაძე, ევროპა და დამოუკიდებელი საქართველო (1919-1921 წწ), თბ., 1997;
  • გ. შარაძე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა და საგარეო პოლიტიკა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, თბ., 2003;
  • გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 1920, №209, 1920, №233 №247;
  • გაზ. „ერთობა“, 1921, №5„ №6;
  • გაზ. „საქართველო“, 1920, №213; გაზ. „სახალხო საქმე“, 1921, №236.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები