კაჭარავა ვაჟა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვაჟა კაჭარავა

კაჭარავა ვაჟა — (1937 წლის 2 იანვარი, თბილისი), ქართველი ფრენბურთელი. თამაშობდა თბილისის „ბურევესტნიკში“ (1955-64) და მოსკოვის „დინამოში“ (1965-71), სსრკ ნაკრებში (1959-67). XVIII ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1964, ტოკიო), ევროპის ჩემპიონი (1967) და მესამე პრიზიორი (1963), მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1966), მსოფლიოს თასის მფლობელი (1965), მსოფლიო უნივერსიადის ორგზის ჩემპიონი (1963, 65), სსრკ ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1965), სსრკ ხალხთა სპარტაკიადების ორგზის მეორე (1967, 71) და მესამე პრიზიორი (1963). მოსკოვის ბაუმანის სახელობის ტექნიკური სასწავლებლის გუნდის და სსრკ-ის ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი (1976-77), საქართველოს კაცთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი (1984-94), სსრკ-ის სპორტის დამსახურებული ოსტატი, რუსეთის ფედერაციისა და სსრკ დამსახურებული მწვრთნელი. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი. ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის, ღირსების და სეოკ-ის ორდენების კავალერი.

თბილისში, ტრამვაის ქუჩაზე, „დინამოს“ სტადიონის გვერდით ცხოვრობდა და ვაჟთა მე­-12 სკოლაში სწავლობდა. თავდაპირველად ფეხბურთმა გაიტაცა. სკოლის გვერდით დიდი მინდორი იყო და გაკვეთილების შემდეგ, უბნის ბიჭები იქ იკრიბებოდნენ. ვაჟა ისე კარგად თამაშობდა, ეგონათ, რომ ფეხბურთს გაყვებოდა და მომავალიც ექნებოდა. მერე, რატომღაც, გულმა ფრენბურთისკენ გაუწია. არადა, ფიზიკურად ძალიან სუსტი იყო, შუშისკაცას ეძახდნენ. მშობლები ნემსის ყუნწში ძვრებოდნენ, რომ როგორმე მოეფერიანებინათ, მაგრამ არ შველოდა არც კურორტები და არც ყველა ბავშვისთვის ავად სახსენებელი თევზის ქონი. ბოლოს ისევ სპორტმა უშველა: „უბანი ფეხბურთით იყო მოწამლული. რაც კი დაგორავდა, ყველაფრით ვთამაშობდით – კონსერვის ქილით დაწყებული და „კამერა­აბალოჩკით” დამთავრებული. ჩვენი სკოლის რამდენიმე მოსწავლე ფრენბურთის სექციაზე პიონერთა სასახლეში დადიოდა. შემამჩნიეს, რომ კარგად ვხტებოდი და შემომთავაზეს, მეც მათთან მევლო. ასე მოვხვდი ფრენბურთში.”

ვაჟა კაჭარავა (#9) საბჭოთა ნაკრების გამორჩეული წევრი იყო

ოჯახი არაერთგვაროვნად შეხვდა ვაჟას გადაწყვეტილებას. დედას ფრენბურთის გაგონებაც არ უნდოდა, მამამ კი მხარი დაუჭირა. ვარჯიშს რომ მორჩებოდა, მერე ეზოში თამაშობდა მეზობელ ბიჭებთან ერთად.

სიტყვა „პირველი” ვაჟა კაჭარავას სპორტული ცხოვრების ერთგვარ სინონიმად იქცა. მან პირველად ჩატარებულ ყველა დიდ შეჯიბრებაში მიიღო მონაწილეობა და გუნდთან ერთად გაიმარჯვა კიდეც: მსოფლიო თასის პირველ გათამაშებაში, პირველ მსოფლიო უნივერსიადაში, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში, რომლის პროგრამაში პირველად შეიტანეს ფრენბურთი. სპორტული კარიერის მანძილზე სხვადასხვა რანგის ცხრა ნაკრებში უთამაშია – მოსწავლეთა ნაკრებით დაწყებული და ოლიმპიურით დამთავრებული.

1964 წელი განსაკუთრებული იყო ვაჟა კაჭარავას სპორტულ ბიოგრაფიაში. იმ წელს ვაჟა კაჭარავა ოლიმპიური ჩემპიონი გახდა: „სასიხარულო წუთი ბევრი მქონია და არა მხოლოდ ოლიმპიადაზე. მე ამას ჭეშმარიტების მომენტს ვუწოდებ, როცა შენი სულიერი და ფიზიკური მდგომარეობა აბსოლუტურ ჰარმონიას აღწევს და გრძნობ, რომ ყველაფერი შეგიძლია. ასეა ცხოვრებაში და ასევეა სპორტში. მაშინ შენ ვერაფერი დაგაკავებს და სულ ერთია, ვინ დგას ბადის გადაღმა. ეს აღმაფრენის წუთებია და შენ ყოვლისშემძლე ხარ. რაც შეეხება ტოკიოს ოლიმპიადაზე გამარჯვებას, შეუძლებელია ზუსტად გადმოცემა მაშინდელი სულიერი მდგომარეობისა. ეს იყო იშვიათი წუთები."

იხილე აგრეთვე

ვაჟა კაჭარავა

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები