კახაბერისძე კახაბერ (III)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა კახაბერ (III) კახაბერისძე-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კახაბერ (III) [კახაბერისძე] - რაჭის ერისთავი XIII ს-ის შუა ხანებში. XIII ს-ის 40-იანი წლების დასაწყისში რუსუდან მეფე მონღოლებს დაეზავა და თბილისში გადმოვიდა. ამ დროს თან ახლდნენ ლიხთ-იმერეთის დიდებულები: ცოტნე დადიანი, ბედიანი, რაჭის ერისთავი]კახაბერისძე, გურიელი და ყოველნი წარჩინებულნი. როდესაც მონღოლებმა ქვეყანა დუმნებად დაყვეს, დადიანს და რაჭის ერისთავს იმერეთი ჩააბარეს. რაჭის ერისთავი მონაწილეობს კოხტასთავის შეთქმულებაში; იგივე პირი ჩანს ურდოდან დაბრუნებული დავით ნარინის საზეიმოდ დამხვედრთა შორის. მაგრამ არც ერთ ამ ეპიზოდში ჟამთააღმწერელი რაჭის ერისთავის სახელით არ იხსენიებს. მხოლოდ 1261 წ., დავით ლაშას ძის სტუმრობის დროს დავით ნარინთან ახსენებს რაჭის ერისთავი კახაბერ კახაბერისძეს, საიდანაც ირკვევა, რომ რუსუდანისა და დავით ნარინის თანამედროვე რაჭის ერისთავს სახელად კახაბერი რქმევია.

1259 წ. მონღოლთა წინააღმდეგ აჯანყებული ნარინ დავითი დასავლეთ საქართველოში გადავიდა, რაჭის ერისთავი კახაბერი და სხვა დიდებულები მას მეფედ იღებენ და ერთგულად ემსახურებიან. კახაბერს (III) ნათესაური კავშირი ჰქონდა დამყარებული საქართველოს უმაღლეს არისტოკრატიულ სახლებთან - მისი ასული გვანცა ავაგ ათაბაგის ცოლ-ყოფილი, ავაგის გარდაცვალების შემდეგ დავით ულუს თანამეცხედრე გამხდარა. ამ ქორწინებამ საბედისწერო როლი შეასრულა კახაბერის პოლიტიკურ არჩევანში. დავით ნარინის დასავლეთ საქართველოში გამეფებიდან მოკლე ხანში მონღოლებს აუჯანყდა დავით ლაშას ძეც (ულუ), მაგრამ მონღოლთაგან დამარცხებული, იძულებული გახდა დავით ნარინს შეკედლებოდა. მოკლე ხანში დავით ულუმ, დიდებულთა წაქეზებით (სავარაუდიოდ, იმ მიზნით, რომ ტახტი კვლავ გაეერთიანებინა), შეთქმულება მოაწყო ნარინის წინააღმდეგ. მის მხარეს აღმოჩნდა ნაწილი დასავლეთ საქართველოს გავლენიანი დიდებულებისა, მათ შორის რაჭის ერისთავი კახაბერ (III). კახაბერი აბაღა ყაენს დაუკავშირდა და იმერეთში მონღოლთა ჯარი შემოიყვანა. ნარინმა მტერი მოიგერია, მოღალატე ერისთავს კი, რაჭის საერისთავო ჩამოართვა და იმერეთიდან გააძევა. კახაბერი დავით ულუსთან ერთად აღმოსავლეთ საქართველოში გადმოვიდა. აქ მას მეფემ ატენის ქვეყანა უბოძა. დავით ულუს გარდაცვალების შემდეგ კახაბერი ცდილა რაჭის დაბრუნებას და, როგორც ჩანს, დავით ნარინს სთხოვა შეწყალება. დავით ნარინმა იგი შეიწყალა და დაუბრუნა „მამული მისი ყოველი“. ამ პასაჟში ბუნდოვანია, საგვარეულო მამულს იბრუნებს კახაბერი, თუ საერისთავო ქვეყანას. 1280-იანი წწ-ის დასაწყისში კახაბერს კვლავ ორგულობა გამოუჩენია მეფისადმი - ისევ გაუბამს კავშირი მონღოთა ნოინთან. მეფემ შეიპყრო, ჯერ თვალები აღმოხადა, შემდეგ ხელ-ფეხი მოკვეთა, მისი შვილები კი, კონსტანტინოპოლში წარგზავნა. მემატინის სიტყვით, ასე დასრულდა ბაღვაშ-კახაბერისძეთა სახლი. კახაბერისძეთა დამხობის შემდეგ, ვახუშტის ცნობით, მეფემ რაჭა სამეფოდ დაიჭირა, მაგრამ, საუკუნის შემდეგ, როგორც ე.წ. სასისხლო სიგელები იუწყებიან, რაჭის საერისთავო აღდგენილა.



წყაროები და ლიტერატურა

  • ჟამთააღმწერელი 1959: 195, 208, 215, 229, 268-269, 275;
  • ვახუშტი 1973: 811;
  • სილოგავა 1980: 168;
  • სოსელია 1973: 71;
  • ბახტაძე 2003:230-232.

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები