კახეთის ერისთავი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კახეთის ერისთავი - კახეთის საერისთვოს დაარსებას ქართული საისტორიო ტრადიცია ფარნავაზ მეფეს მიაწერს. მის ფარგლებში იგულისხმება ვრცელი ტერიტორია „არაგვიდან ჰერეთამდე რომელ არს კახეთი და კუხეთი“.

საუკუნეების განმავლობაში ფარნავაზის დროინდელი საერისთავო ტერიტორიის სტატუსი არაერთხელ ჩანს შეცვლილი. მაგ., მირიან მეფის დროს კახეთი და კუხეთი საუფლისწულო დომენი გახდა, ხოლო მისი მემკვიდრეების დროს კუხეთი, ცენტრით რუსთავში, გამოეყო დომენს და ისევ საერისთავო ქვეყნად იქცა. შემდეგი ცნობა ეკუთვნის ვახტანგ გორგასლის ხანას. ვახტანგმა, მემატიანის სიტყვით, კახეთი და კუხეთი თითქოს კვლავ ერთ საერისთავოდ შეაერთა. შემდგომ საუკუნეებში, ვიდრე ქართლის სამეფო ტერიტორია ახალ სამეფო-სამთავროებად დაიშლებოდა, კახეთის ერისთავი, როგორც მოხელე, წყაროებიდან ქრება, მაგრამ მას შემდეგ, რაც ბაგრატ III-მ კახეთი და ჰერეთი შემოიერთა (1010), ამ ვრცელი რეგიონების სამართავად თავისი ერისთავები დასვა. ივარაუდება, რომ ბაგრატი მოერიდებოდა ვიწრო თემობრივ პრინციპზე ტერიტორიულ დაყოფას და საერისთავოების სახით აქ ორი მსხვილი ადმინისტრაციული ერთეული - კახეთისა და ჰერეთის - უნდა დაეარსებინა. ამაზე მიანიშნებს „მატიანე ქართლისაჲს“ თხრობა ამირა ფადლონის მიერ ჰერეთისა და კახეთის ერისთავთა შევიწროების შესახებ. გიორგი I-ის ტახტზე ასვლისას ბაგრატ III-ის მიერ დასმული ერისთავები უკვე კახელებს შეუპყრიათ. ვახუშტი ბატონიშვილის მოწმობით, კახეთის მეფე კვირიკე დიდმა (1010-1037) კახეთ-ჰერეთის ტერიტორია შვიდ საერისთავოდ დაანაწილა. ამათგან სამი: რუსთვი, კვეტერა, პანკისი ანუ მარილისი საკუთრივ კახეთში იყო, ოთხი - ხორნაბუჯი, ვეჯინი, მაჭი, შტორი ჰერეთში. როგორი იყო კახეთის ადმინისტრაციული დაყოფა ერთი საუკუნის შემდეგ, როდესაც დავით აღმაშენებელმა კახეთი ხელახლა შემოიერთა, წყაროებიდან არ ჩანს. არსებობს მოსაზრება, რომ კვირიკე დიდის დროინდელი დაყოფა ერთიან საქართველოშიც შენარჩუნდა, რის მოწმობასაც ხედავენ გვიანდელი კახეთის მეფეების სიგელთა გამონათქვამებში: „საპანკისო“, „ვეჟინის პირთა“ და სხვ., რომლებშიც ტერიტორიული ერთეულების ძველი ცენტრები უნდა იყოს მინიშნებული (ნ. ასათიანი). საპირისპირო მოსაზრებით, კახეთის ხელახალი შემოერთების შემდეგ დავით აღმაშენებელი ადმინისტრირების კვლავ ბაგრატ III-ის დროიდელ პრინციპს უნდა მიბრუნებოდა (მ. ბახტაძე). კახეთის ერისთავების შესახებ წყაროებში მეტისმეტად მწირი ცნობებია შემონახული, თუმცა მათი შეჯერება საფუძველს იძლევა ერთიან ქართულ მონარქიაში კახეთის ერისთავებად აბულეთისძეთა საგვარეულოს წარმომადგენლები იქნას მიჩნეული. სახელი აბულეთი წყაროებში X ს-დან ჩნდება. პირველად იგი მოიხსენიება ზედა-ლისას (შიდა ქართლი) ეკლესიის სამშენებლო წარწერაში, რომელშიც ეკლესიის მაშენებელი ფებრონია მოიხსენიებს თავის ძე აბულეთს. აბულეთისძეთა საგვარეულოს არსებობა არაბი ისტორიკოსის, ალ-ფარიკის ცნობაზე დაყრდნობით XI ს-დან დასტურდება (გ. ჯაფარიძე). ნიშანდობლივია, რომ კახეთის შემოერთების წინ დავით აღმაშენებელს სწორედ აბულეთისძეთა წინააღმდეგობის დაძლევა მოუხდა. ამ საგვარეულოს სხვა განშტოება - აბულეთისძე-ძაგანისძენი დიდი გავლენით სარგებლობდნენ XII-XIII სს-ის საქართველოში და მაღალ თანამდებობებსაც ფლობდნენ. თამარის დროს კახეთის ერისთავი იყო ბაკურ-ყმა ძაგანისძე. მოგვიანებით, 1259 წ. გაცემული ძაგან აბულეთისძის სიგელის თანახმად, XIII ს-ის შუა ხანებში კახეთის ერისთავი ყოფილა ივანე აბულეთისძე. აბულეთისძე-ძაგანისძეთა სახლის შთამომავლად მიიჩნევს ნ. შოშიაშვილი ეგასლან ბაკურციხელსაც, რომელიც, „ჟამთააღმწერლის“ ცნობით, მონღოლებმა კახეთ-ჰერეთის დუმნისთავად დანიშნეს. ამ ვარაუდზე დაყრდნობით მიაჩნიათ ეგარსლანი კახეთის ერისთავად (მ. ბახტაძე). ეგარსლანის წარმომავლობა კახეთის ერისთავთა საგვარეულოდან სავსებით დასაშვებია, მაგრამ მის კახეთის ერისთაობას ერთგვარად აბრკოლებს ეგარსლანის მემატიანისეული დახასიათება - „ჟამთააღმწერელი“ ხაზს უსვამს ეგარსლანის ჭკუასა და გამჭრიახობას, მაგრამ, ამასთანავე, საგანგებოდ აღნიშნავს მის უმეცრებას სამხედრო საქმეში, მაშინ, როდესაც ერისთავის უპირველესი მოვალეობა სამხედრო სამსახურია. ეგარსლანი კოხტასთავის შეთქმულებაშიც მონაწილეობს და მონღოლთა სამსახურშიც ახერხებს დაწინაურებას, იმდენად, „რომელ კნინღადა სახელისდებაცა მეფისა იკადრა“. მაგრამ განდიდებული მოხელე დიდების მწვერვალიდან ეშვება მაშინ, როდესაც არისტოკრატულ სამოხელეო ეტიკეტს დაარღვევს - იგი ხაზგასმით ქედმაღლურად დახვდა ურდოდან დაბრუნებულ ავაგ ათაბაგს, რის გამოც ავაგმა მას იქვე, საჯაროდ, გადაუჭირა მათრახი და ბრძანა, ცხენიდან ჩამოეგდოთ. ამის შემდეგ წყაროებში ეგარსლანის ხსენება წყდება. კახეთის ერისთავად მიიჩნევენ თორღვა პანკელსაც, რომელსაც, „ჟამთააღმწერელის“ თანახმად, დავით ლაშას ძემ ბათო ყაენთან გამგზავრების წინ კახეთის საქმეები ჩააბარა (მ. ბახტაძე). თორღვა პანკელს მეფის იმედები არ გაუმართლებია, დიდად „გაამაყებულა“ და კახეთი თვითნებურად თავისად დაუჭერია. მეფემ საქართველოში დაბრუნების შემდგომ იგი სიკვდილით დასაჯა. მეტი ცნობა კახეთის ერისთავების შესახებ არ მოგვეპოვება.

ერისთავის ინსტიტუტი XIV ს-დან მთელ საქართველოში გადაგვარების გზას დაადგა. XV ს-ის მეორე ნახევარში, როდესაც გიორგი VIII-მ (ერთიანი საქართველოს მეფე 1446-1476; კახეთის მეფე 1466-1476) კახეთის სამეფო დააფუძნა, მას ერისთავის ინსტიტუტი აღარ აღუდგენია და ქვეყნის ადმინისტრაციული მოწყობა მოურავობის ინსტიტუტზე დააფუძნა.


წყაროები და ლიტერატურა

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები