კახიანი დარეჯან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დარეჯან კახიანი

კახიანი დარეჯან, (ჯანა) — Kaxiani Darejan, Кахиани Дареджан 1952-

ქართველი ფსიქოლოგი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (1986), პედაგოგიკურ მეცნიერებათა დოქტორი (2002), პროფესორი (2003), საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის წევრი (2009). სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტზე. 1978-1998 წლებში მუშაობდა დ. უზნაძის სახ. ფსიქოლოგიის ინსტიტუტში. პარალელურად მსახურობდა საქართველოს განათლების სამინისტროსთან არსებული გამოყენებითი ფსიქოლოგიის ცენტრში. 1996 წლიდან დღემდე ეწევა პრაქტიკულ საქმიანობას ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრში. 1999-2006 წლებში ხელმძღვანელობდა ფსიქოლოგიის კათედრას თბილისის ი. ჭავჭავაძის სახ. ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო 2006 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსისტეტის პროფესორია. დ. კახიანი აქტიურად არის ჩაბმული საექსპერტო და საკონსულტაციო საქმიანობაში. იგი მონაწილეობდა არაერთი კვლევითი და გამოყენებითი გრანტის შესრულებში. ხშირად მონაწილეობს რეგიონული და საერთაშორისო კონფერენციებისა და კონგრესების მუშაობაში.

დ. კახიანის სამეცნიერო-კვლევითი ინტერესის სფეროებია: ბავშვის ფსიქოლოგია და განვითარების ფსიქოლოგია, განვითარების დარღვევები, ფსიქოდიაგნოსტიკა, ფსიქოკონსულტაცია. შესაბამისად იგი ეწევა როგორც კვლევით, ისე პრაქტიკულ საქმიანობას.

ბავშვის ფსიქოლოგიის დარგში დ. კახიანის მიერ ჩატარებული კვლევა ეხებოდა ბავშვის ნახატებს, ზოგადად ხატვის როლს ბავშვის განვითარებაში. დახასიათდა ბავშვის მიერ ნიმუშის აღქმისა და ხატვის თავისებურებანი დაწყებითი სკოლის ასაკში. დადასტურდა ნახატის/ხატვის, როგორც ფსიქოდიაგნოსტიკური მეთოდის გამოყენების მნიშვნელოვნება. ამ მიმართულებით მუშაობა შემდგომში აისახა სახელმძღვანელოების სერიაში „სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება” (I-VI კლასები).

დასაფასებელია დ. კახიანის წვლილი ბავშვის განვითარების დარღვევების შესწავლაში. მან პირველად საქართველოში შეისწავლა ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომი; გამოიმუშავა სისტემატური მიდგომა ამ სინდრომის მქონე ბავშვების გამოსავლენად. გაარკვია სინდრომის გავრცელების სიხშირე საქართველოში. შეისწავლა გარემოს გავლენა სინდრომის მიმდინარეობაზე და დასახა სარეაბილიტაციო ღონისძიებათა სისტემა. ამ კვლევას, გარდა თეორიულისა, უდავო პრაქტიკული ღირებულებაც აქვს, რამდენადაც შემუშავებული რეკომენდაციები დაინერგა და გამოიყენება როგორც ფსიქოლოგიურ კონსულტაციებში, ისე სკოლებსა და სამედიცინო დაწესებულებებში.

აღსანიშნავია დ. კახიანის სამეცნიერო მუშაობის კიდევ ერთი მხარე, კერძოდ აუტისტური სპექტრის აშლილობის შესახებ. მან მონაწილეობა მიიღო ორ დიდ კვლევაში ამ მიმართულებით. ერთი ეხებოდა საქართველოში აუტიზმის გავცელების გარკვევას (ეპიდემიოლოგიური კვლევა). მეორე კი ამ დარღვევის წარმოშობის საკითხების შესწავლას მიეძღვნა (საერთაშორისო კვლევა, რომელშიც 9 ქვეყნის მეცნიერი მონაწილეობდა).

გარდა სამეცნიერო-კვლევითი საქმანობისა, დ. კახიანი ნაყოფიერ პრაქტიკულ მოღვაწეობას ეწევა. სახელდობრ, 25 წელიწადზე მეტია, მუშაობს ცერებრული დამბლის მქონე ბავშვებთან, მოზარდებთან, ასევე სხვა დარღვევების მქონე პირებთან, როგორც ფსიქოდიაგნოსტი და ფსიქოკონსულტანტი.

მთავარი ნაშრომები

  • ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერქატივობის სინდრომი (სინდრომის კვლევა ქართულ პოპულაციაში). თბილისი: “ენა და კულტურა”, 2002;
  • Difficulties of Learning Process in Children with Attention Deficit Hyperactivity Disorder” // Bulletion of The Georgian Academy of Sciences, 2002, 2;
  • დეზადაპტაციური ქცევის მქონე ბავშვის გამოვლენის მეთოდები // კავკასიური მაცნე, 2002, 5;
  • ბავშვის სამყარო (ფსიქოლოგიური რჩევები მშობლებს). თბილისი: “შემეცნება”, 2010;
  • ადრეული სკოლამდელი ასაკის ბავშვთა განვითარების შეფასება, ეპიდემიოლოგიური სკრინინგული კვლევა // საქართველოს მაცნე, ეროვნული აკადემია. 2010, 1/2, (თანაავტორი);
  • ნეიროფსიქოლოგიური კვლევა და მისი ინტერპრეტაცია ბავშვთა ასაკში / ბავშვთა ნევროლოგიურ დაავადებათა მკურნალობა. თბილისი, 2011;
  • Validity of the Georgian Montreal Cognitive Assessment for the Screening of Mild Cognitive Impairment and Dementia // American Journal if Alzheimer’s Disease & Other Dementias, 2016, 11.


წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები