კახიაშვილი კახი (ძალოსანი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კახი კახიაშვილმა პირველი ოლიმპიური ოქრო საქართველოს სახელით მოიპოვა, დანარჩენი ორი - საბერძნეთის სახელი

კახი კახიაშვილი — (დ. 1969 წლის 13 ივლისი, ცხინვალი), ძალოსანი (90, 94, 99 კგ). XXV, XXVI და XXVII ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი (1995, 98, 99) და ორგზის მეორე პრიზიორი (1993, 94), ევროპის ოთხგზის ჩემპიონი (1992, 93, 95, 96), მეორე (1994) და მესამე (1998) ევროპის სუპერთასის მფლობელი (1993) და მსოფლიოს სუპერთასის გათამაშების ორგზის მეორე პრიზიორი (1992, 94). ორჭიდში დამყარებული აქვს მსოფლიო რეკორდი: 420 კგ (99 კგ კატეგორიაში, 1996); ატაცში - ორი მსოფლიო რეკორდი: 185,5 კგ (91 კგ კატეგორიაში, 1994) და 188 კგ (94 კგ კატეგორიაში, 1999); აკვრაში - სამი: 227,5 კგ (91 კგ კატეგორიაში, 1995), 228,5 კგ (91 კგ კატეგორიაში, 1995) და 235 კგ (99 კგ კატეგორიაში, 1996). სპორტის დამსახურებული ოსტატი, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენისა და ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის კავალერი. 1994 წლიდან გამოდიოდა საბერძნეთის სახელით. 2005 წელს აღიდგინა საქართველოს მოქალაქეობა. 2015 წლიდან საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი.

2011 წლის შემოდგომაზე კახი კახიაშვილი მსოფლიო ძალოსნობის „დიდების დარბაზის“ წევრად აირჩიეს. დედამიწის ზურგზე სულ რამდენიმე სპორტსმენი თუ მოიძებნება, რომელთა კარიერა ასეთი წარმატებული ყოფილა. კახი კახიაშვილი დიდი ჩემპიონი და რეკორდსმენია და არა მხოლოდ ძალოსანთა შორის. ოლიმპიური თამაშების სამგზის ჩემპიონს, არაერთი მსოფლიო და ევროპული ტიტულის მფლობელს, მისდა უნებურად, რეკორდები ძალოსნურ ფიცარნაგის მიღმაც დაუმყარებია. კახიაშვილი ერთადერთი სპორტსმენია მსოფლიოში, რომელიც სხვადასხვა დროს ოთხი სხვადასხვა ქვეყნის სახელით გამოდიოდა – საბჭოთა კავშირის, რუსეთის, საქართველოსა და საბერძნეთის სახელით.

პირველი დიდი ოლიმპიური გამარჯვება, რა თქმა უნდა, მის სამშობლოს – საქართველოს უკავშირდება. დავით ხახალეიშვილთან და ლერი ხაბელოვთან ერთად, კახიაშვილი იყო ის ქართველი სპორტსმენი, რომლის გამარჯვების აღსანიშნავად ოლიმპიურ თამაშებზე პირველად აჟღერდა საქართველოს ჰიმნი. ეს ამბავი მოხდა ბარსელონაში, 1992 წლის 1 აგვისტოს. ბარსელონაში ოქროს მედალს ორი მთავარი პრეტენდენტი ჰყავდა – კახიაშვილი და რუსი სერგეი სირცოვი. მაშინდელი პოლიტიკური ვითარების გამო, ორივენი ეგრეთწოდებულ გაერთიანებულ გუნდში გამოდიოდნენ, ამ გუნდს კი უფროს მწვრთნელად ვასილ ალექსეევი დაუნიშნეს. ოლიმპიადისწინა მსოფლიოს ჩემპიონატი სირცოვმა მოიგო, მაგრამ დსთ­ს ღია პირველობაზე მას კახიაშვილმა აჯობა. დანარჩენი ბარსელონის ოლიმპიურ ფიცარნაგზე უნდა გადაწყვეტილიყო. პირველი დისციპლინის – ატაცის შემდეგ სირცოვი 12,5 კილოგრამით დაწინაურდა: კახიაშვილმა 177,5 კგ აიტაცა, მისმა მთავარმა მეტოქემ – 190 (ოლიმპიური რეკორდი). აკვრაში როლები შეიცვალა და ახლა უკვე კახის ჯერი დადგა. სირცოვმა სულ 222,5 კგ სიმძიმის შტანგა დაძლია და ორჭიდის ჯამში 412,5 კგ დაუგროვდა. კახიმ ბუმბულივით აიღო ჯერ 220, მერე კი – 225 კილოგრამი, მაგრამ მეტოქესთან გასათანაბრებლად შტანგა კიდევ 10 კილოთი უნდა დაემძიმებინა. ბოლო ცდაზე, ძალების უკიდურესი მობილიზების ფასად, კახიმ სარეკორდო წონაც დაიმორჩილა და ორჭიდში ასევე 412,5 კილო დაუგროვდა, მაგრამ რაკი მეტოქეზე რამდენიმე ასეული გრამით მსუბუქი იყო, ოქროს მედალი მას ერგო.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები