კედია მელქისედეკ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მექი კედია

კედია მელქისედეკ (მექი) მიხეილის ძე (1878 – 25.XI.1945, პარიზი) - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებული რაზმის უფროსი. ადრეული პერიოდიდან მუშაობდა ჟანდარმერიაში უბნის ინსპექტორად.

სარჩევი

ბიოგრაფია

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ საქართველოში არსებული კონტრრევოლუციური ელემენტების, სპეკულაციისა და ძარცვა-გლეჯის წინააღმდეგ საბრძოლველად, შინაგან საქმეთა მინისტრის ნოე რამიშვილის ინიციატივით შეიქმნა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო რაზმი. 1918 წლის 26 ივლისს ეროვნულმა საბჭომ საბოლოოდ დაამტკიცა კანონი განსაკუთრებული რაზმის შექმნისა და მისი უფლებამოსილების შესახებ. შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილის 1918 წლის 17 აგვისტოს №225 ბრძანებით, განსაკუთრებული რაზმის უფროსად მელქისედეკ კედია დაინიშნა, ხოლო მის ამხანაგად - პლატონ ფაჩულია. რაზმი თავდაპირველად 6 თვის ვადით შეიქმნა, შემდგომში ვადა 1920 წლის იანვრამდე გაგრძელდა, საბოლოოდ კი 1921 წლის მარტამდე მოქმედებდა. კედიას დაქვემდებარებაში არსებული რაზმი 131 შტატიანი და 16 შტატგარეშე თანამშრომლისგან შედგებოდა. მ. კედიასა და მისი რაზმის საქმიანობის ძირითად მიმართულებას ბოლშევიკთა წინააღმდეგ ბრძოლა, მოსალოდნელი ამბოხისა თუ ტერორისტული აქტის გამოვლენა და აღკვეთა, სპეკულაციების აღკვეთა, ბოლშევიკთა და სპეკულიანტთა შეპყრობა წარმოადგენდა.

1918 წლის ბოლოს განსაკუთრებით აქტიურად მოქმედებდა სომხეთთან ომის მიმდინარეობის პირობებში თბილისში არსებულ ფარულ სომხურ ორგანიზაციებთან მიმართებაში. 1918-1921 წლებში ათეულობით ფაქტი გამოაშკარავეს და დააკავეს სპეკულაციაში მხილებული დამნაშავეები. მ. კედიას მიერ წარმოებული ეფექტური მუშაობის შედეგად ასობით ბოლშევიკი იქნა დაპატიმრებული საქართველოს წინააღმდეგ აგიტაციისა და ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებების ბრალდებით. მ. კედია და რაზმი ებრძოდა ჯაშუშებს, 1919 შეიპყრო სამხედრო სამინისტროს თანამშრომელი პავლე ნიკიტინი სამხედრო სამინისტროდან საქართველოს ტოპოგრაფიული მასალების ჩრდილოეთ კავკასიაში გატანის მცდელობის დროს. ხშირი იყო შემთხვევები კედიას მხრიდან ყალბი ფულისა და სავაჭრო საქონელის გამოვლენისა. 1920 წლის დეკემბერში შინაგან საქმეთა მინისტრმა ნ. რამიშვილმა ოფიციალური ბრძანებით მადლობა გამოუცხადა მექი კედიას მოვალეობის პირნათლად შესრულებისათვის.

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ მექი კედია მთავრობის წევრებთან ერთად ემიგრაციაში წავიდა. ემიგრაციაშიც ინარჩუნებდა კავშირს მთავრობასთან და მთავრობის დავალებით აწარმოებდა დაზვერვით საქმიანობას. დაკრძალულია ლევილის ქართულ სასაფლაოზე.

ირაკლი ირემაძე

ლიტერატურა

  • ო. თუშურაშვილი, ივ. ჯოხუა, XX საუკუნის საქართველოს შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრები, შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, თბ., 2013;
  • გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 1919, №125, №129. 1920, №282;
  • გაზ. „საქართველო“, 1919, №21.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

მექი კედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები