კევრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კევრი

კევრი (ქართლ. კახეთ. სამცხ.-ჯავახ. რაჭ.),ფსკვერი (ზ. რაჭ), კიავირ(სვ.), კელი (ქ.იმერ.) - ხორბლეულის სალეწი.

კევრს, როგორც თავთავის სალეწ სამეურნეო იარაღს, დიდი ხნის ისტორია აქვს. მზადდებოდა უპირატესად ფიჭვის ხისაგან, რომელიც ადვილი სათლელია და კოხებსაც კარგად იჭერს. შეგულებულ-შერჩეულს მოჭრიდნენ, გაქერქავდნენ, დამორავდნენ და ხის სოლებით გააპობდნენ. საკევრე ფიცრებს დიდი, საორხელო ხელეჩოთი გათლიდნენ, „სამუშაო პირზე“ სატეხით „საკოხე ბუდეებს“ ცერად ამოიღებდნენ, რომელშიც მაგარ კოხს (ქვებს) ჩასვამდნენ. კოხები ბუდეში ისე იყო ჩაწყობილი, რომ მათი საჭრელი პირი (ფხა) გარეთ რჩებოდა, რათა თავთავი კარგად გალეწილიყო. კევრის ფიცრებს ერთმანეთზე მიაწყობდნენ და რიკით შეაერთებდნენ, ზურგზე კი ორ უღელს დააკრავდნენ. სათავო უღელზე ღვედს გამოაბამდნენ, რომლის საშუალებითაც გამწევ ძალას (ცხენს, ხარს) ჩაუბამდნენ.

კევრები ძირითადად, ხე-ტყით მდიდარ ხეობებში მზადდებოდა და სამიწათმოქმედო რაიონებში იყიდებოდა. გამზადებული კევრი კალოზე გაჰქონდათ. კალო ეწყობოდა შემაღლებულ ადგილზე (სახლის ბანზე, ეზოში, ყანასთან ახლოს). მიწას დატკეპნიდნენ, გაფოცხავდნენ, მორწყავდნენ და ბზეს მოაყრიდნენ, ლეწვისთვის არჩევდნენ მზიან დღეს, რადგან ამ დროს თავთავი უკეთესად ილეწება. ყურადღება ექცეოდა აგრეთვე ქარის მიმართულებასაც.

კალოში პირველად წინა წელს დამზადებული თავთავისაგან შეკრულ ჯვარს ჩაშლიდნენ (ვარსკვლავი) - „ახალ მოსავალს მიაგებოსო“, მერე ბჯას (ძნის ზვინს) თავთავით შიგნით ჩაშლიდნენ, სქლად ჩააფენდნენ და ზედ კევრებს შეაყენებდნენ. კალოზე სამი-ოთხი კევრი მუშაობდა, იმისდა მიხედვით, თუ რამდენი ძნა იყო ჩაშლილი.

კალოსა და ნალეწ ხვავს ავი თვალი რომ არ სცემოდა, ლეწვის მონაწილე აიღებდა რკინის ნაჭერს და ქვას ურტყამდა. როდესაც მორჩებოდნენ კალოობას, იცოდნენ მცირე ლხინის გადახდა ანუ „კალოს ქორწილი“ (მესხეთ-ჯავახეთი), „კალოკრეფიანობა“ (ქართლი), „კალოს დალოცვა“ (იმერეთი), „ლიკლაური“ (სვანეთი). კალო ძველთაგანვე წმინდა ადგილად მიაჩნდათ, კალოზე დატოვებულ ნივთს ხელს არავინ ახლებდა.

ხოვლეგორაზე (კასპის რაიონი) არქეოლოგებმა გათხრების დროს მიაკვლიეს კარგად გათლილ-გამოყვანილ და კოხებით გაწყობილ ოთხ კევრს, რომლებიც ძვ. წ. XII-XI საუკუნეებით თარიღდება, საყურადღებოა, რომ კევრის ნაშთებთან ერთად არქეოლოგებმა ადამიანის ჩონჩხიც ნახეს, ე.ი. კევრზე მიცვალებული ყოფილა დასვენებული. როგორც ჩანს, მიცვალებულის კევრზე დასაფლავების ჩვეულება უძველესია და ჩვენი ხალხის დიდ სამიწათმოქმედო კულტურაზე მიუთითებს.

საინტერესოა, რომ ასეთი ძველი, ეფექტური სალეწი იარაღი, როგორიცაა კევრი, ბევრ სხვა ქვეყნებში გვიანობამდე არ იცოდნენ.



წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები