კელი ჯორჯ ალექსანდრ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კელი ჯორჯ ალექსანდრ

კელი ჯორჯ ალექსანდრ - Kelly George Alexander, Келли Джордж Александер, 1905-1966

ამერიკელი ფსიქოლოგი მკვლევარი და ფსიქოთერაპევტი, პიროვნების ფსიქოლოგიაში კოგნიტივისტური ორიენტაციის პიონერი, ორიგინალური მეთოდოლოგიური მიდგომისა და თეორიული სისტემის ავტორი. მრავალმხრივი განათლება მიიღო ამერიკასა და ბრიტანეთში, კერძოდ შოტლადიაში (ფიზიკა-მათემატიკა, სოციოლოგია, პედაგოგიკა, ფსიქოლოგია). საბოლოოდ კი ფსიქოლოგად ჩამოყალიბდა და დისერტაციაც ამ მეცნიერებაში დაიცვა აიოვას უნივერსისტეტში. მეორე მსოფლიო ომის დროს კელი ემსახურებოდა სამოქალაქო რეისების მფრინავების გადამზადების საქმეს. ომის შემდგომ 20 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა კლინიკური ფსიქოლოგიის განყოფილებას ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1955 წელს გამოქვეყნდა მისი მთავარი ნაშრომი „პიროვნების კონსტრუქტების ფსიქოლოგია”, რომელმაც მაშინვე მიიპყრო ფართო ფსიქოლოგიური საზოგადოების ყურადღება. მასში დამუშავებული პიროვნული კონსტრუქტების თეორია საყოველთაოდ არის ცნობილი.

ამ თეორიის თანახმად, ადამიანი არც ინსტიქტების მონაა, არც სტიმულებისა და რეაქციების დამჯერი სათამაშო და არც თვითაქტუალიზებული თვითობა. თუკი ანალოგიას ვეძებთ, ის უფრო მეცნიერს წააგავს, რომელიც გარე სამყაროს და საკუთარ თავს იკვლევს. ადამიანი აკვირდება გარემოცვის ქცევას, ცდილობს, გაიგოს და წინასწარ განჭვრიტოს ის და ამ პროცესში აყალიბებს პიროვნული კონსტრუქტების ინდივიდუალურ სისტემას. პიროვნული კონსტრუქტი კელის თეორიის საკვანძო ცნებაა. კონსტრუქტი არის ბუნების, კულტურის თუ საზოგადოების საგნებისა და მოვლენების კატეგორიზაცია-კლასიფიკაციის ძირითადი საშუალება, ბიპოლარული კოგნიციური სკალა, მაგ.: კარგი-ცუდი, დიდი-პატარა, ლამაზი-უშნო, ჭკვიანი-სულელი და ა.შ. პიროვნება გაგებულია, როგორც მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი კონსტრუქტების ორგანიზებული და იერარქიზებული სისტემა. ადამიანი იყენებს ამ სისტემას, რათა გააკეთოს განცდების ინტერპრეტაცია და იწინასწარმეტყველოს მომავალი მოვლენები.

კელი კოგნიტივისტური ფსიქოთერაპიის ერთერთი ფუძემდებელია. მისი რწმენით, ადამიანებს ეუფლებათ შფოთვა ან დეპრესია, როცა ხვდებიან საკუთარი აზროვნების რიგიდული, არაადეკვატური კატეგორია-კონსტრუქტების მახეში. კელის ფსიქოთერაპია მიმართულია არაადაპტაციური აზროვნების შეცვლაზე და ისეთი კოგნიციის გამომუშავებაზე, რომელიც ამჟამინდელ და მომავალ სასიცოცხლო ვითარებათა ადეკვატურ სურათს მოგვცემს. პაციენეტებში კოგნიციური სქემების კორექციისთვის სხვადასხვა ტექნიკები გამოიყენება, მათ შორის ახალი როლების შესრულება. ესეც ნიშანდობლივია, რადგანაც ფსიქოთერაპიის განვითარების დღევანდელ ეტაპზე კოგნიტივისტური მიდგომა წმინდა სახით თითქმის აღარ გამოიყენება და ის ქცევით ტექნიკებთანაა შეუღლებული (ა. ბეკი, ა. ელისი და სხვანი).

კელი ჰარმონიულად უხამებდა ერთმანეთს ექსპერიმენტულ და კლინიკურ კვლევით მეთოდოლოგიას. მან შეიმუშავა ე.წ. „რეპერტუარული ბადის” მეთოდური პრინციპი, რომლის დახმარებითაც მან და მისმა მიმდევრებმა შექმნეს ტესტური მეთოდიკების მთელი რიგი, სუბიექტის მიერ რეალობის კონსტრუირების ინდივიდუალურ თავისებურებათა დიაგნოსტირებისთვის. კელის ეკუთვნის აგრეთვე ფიქსირებული როლების ორიგინალური ფსიქოთერაპიული მიდგომა. ყოველივე ამან ფართო გამოყენება ნახა კლინიკური, პედაგოგიკური და გამოყენებითი ფსიქოლოგიის სხვა დარგებში.


წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები