კენტავრომაქია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კენტავრომაქია. აპოლონის ტაძრის ფრიზი (ძვ.წ. 410 წ.), ლონდონი, ბრიტანეთის მუზეუმი

კენტავრომაქია(ბერძნ.) ბრძოლა, რომელშიც მონაწილეობდნენ კენტავრები.

მითოსში ყველაზე ცნობილი კენტავრომაქია ლაპითებისა და კენტავრების ბრძოლას ასახავს. როდესაც ლაპითთა მეფე პირითოოსმა ულამაზესი ჰიპოდამეა ცოლად შეირთო, დიდებული ქორწილი გადაიხადა. თავად თესევსი ესწრებოდა ამ ქორწინებას. ლაპითებმა მეზობელი ველური კენტავრებიც მოიპატიჟეს მრავალ სხვა დიდებულ სტუმართან ერთად. ამ გარეული ზნის კენტავრებმა პირველად იგემეს ღვინო და მიეძალნენ სასმელს, რომელსაც წყალგაურევლად მიირთმევდნენ. ისე გამოთვრნენ, რომ როდესაც მშვენიერი პატარძალი სუფრასთან მოიწვიეს, რათა სადღეგრძელო წარმოეთქვათ, კენტავრებმა გაუგონარი ღრიანცელი ატეხეს. ერთ–ერთმა ხელი სტაცა პატარძალს და თავისკენ მიიზიდა. სხვა კენტავრებმაც მას მიბაძეს და სუფრასთან მსხდომ ქალებს დაერივნენ. პირითოოსი და თესევსი ჰიპოდამეას საშველად წამოიმართნენ. გაიმართა ბრძოლა, რომელმაც შუაღამემდე გასტანა. კენტავრები დამარცხდნენ.

ეს ამბავი კი, როგორც ამბობენ, ომის ღმერთმა არესმა და განხეთქილების ქალღმერთმა ირისმა მოაწყვეს. ამით სამაგიერო გადაუხადეს ლაპითებს, რომლებმაც ისინი ქორწილში არ მიიპატიჟეს.

კენტავრომაქია ძველი საბერძნეთის მხატვართა და მოქანდაკეთა რჩეული თემა იყო. საყოველთაოდ არის ცნობილი ოლიმპიის ზევსის ტაძრის დასავლეთ ფრონტონისა და პართენონის სამხრეთ მეტოპთა გამოსახულებანი. კენტავრომაქიებს ვხვდებით მიქელანჯელოს (რელიეფი), რუბენსის, ბეკლინის, როდენის და სხვა ხელოვანთა ქმნილებებზე.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები