კეტაშვილი გელა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სსრ კავშირისა და ბრაზილიის ფეხბურთელთა ფინალური მატჩი: გელა კეტაშვილი და რომარიო. სეული, 1988 წელი

კეტაშვილი გელა — (დ. 1965 წლის 27 სექტემბერი, თბილისი). ფეხბურთელი, მცველი. თამაშობდა ქუთაისის „ტორპედოში“ (1981-83), თბილისის „დინამოში” (1984-90, 1994), ლანჩხუთის „გურიაში” (1991), თბილისის „თეთრ არწივში” (1993-94). სსრკ ნაკრებში ჩაატარა 3 მატჩი. 1988 წლის სეულის ოლიმპიადის ჩემპიონი. ოლიმპიადის ფინალურ ეტაპზე ითამაშა 6 მატჩი. სსრკ-ის უმაღლეს ლიგაში ითამაშა 164 მატჩი (4 გოლი), საქართველოს უმაღლეს ლიგაში - 9. სსრკ-ის სპორტის დამსახურებული ოსტატი. ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის და ღირსების ორდენების კავალერი.

გელა კეტაშვილი ერთადერთი ქართველი ფეხბურთელია, ხუთი რგოლით მორთული ოქროს მედალი რომ მოიპოვა. კარიერის უმაღლესი მწვერვალი 23 წლისამ დაიპყრო, 25 წლისა კი სპორტს ჩამოშორდა. ბედმა მას, ერთი მხრივ, გაუღიმა სპორტული დიდების მწვერვალზე აიყვანა, მეორე მხრივ კი, თავზე ხელი აღარ გადაუსვა და ურთულეს ისტორიულ ეპოქას პირისპირ შეატოვა.

საოცრად სხარტ და ტექნიკურ მცველს გელა კეტაშვილს ფეხბურთის თამაში იმ ეპოქაში მოუხდა, როდესაც უზარმაზარი ქვეყანა, რომლის სახელითაც მან ოლიმპიური ოქრო მოიგო და რომლის ნაკრებსაც ნიჭი და ჯან­ღონე შეალია, ნაწილებად დაიშალა. ვეებერთელა ორგანიზმის ნგრევა, ბუნებრივია, უმტკივნეულოდ ვერ ჩაივლიდა – მთელს დედამიწაზე ძლიერი რყევები გამოიწვია, ადამიანთა ბედიღბალშიც მოურიდებლად ჩაერია და ბევრის ცხოვრება ყირაზე დააყენა. ქართული ფეხბურთი საბჭოურს გამოეყო. შედეგად, მივიღეთ სხვისგან დამოუკიდებელი, საკუთარი და ამით ნამდვილად საამაყო, მაგრამ აშკარად სუსტი ჩემპიონატი. და ასეთ დროს გელა კეტაშვილი გახლდათ უკვე ჩამოყალიბებული ვარსკვლავი, ოლიმპიური ჩემპიონი, რომელსაც წესით წინ კარიერის საუკეთესო წლები ელოდა. მას სწორედ ამ დროს სჭირდებოდა მაღალი დონის ჩემპიონატი, ძლიერი გუნდი, საერთაშორისო ასპარეზი. კეტაშვილი ­ ფეხბურთელის ცხოვრების იმ ეტაპზე იმყოფებოდა, როდესაც დიდ ქალაქებში, პროჟექტორების შუქზე, ხალხით გადავსებულ სტადიონებზე უნდა გამოსულიყო, საქართველოში კი, ამ დროს, ზოგ კუთხეს ერთი შეიარაღებული ფორმირება აკონტროლებდა და ზოგს ­ მეორე. გუნდები ერთი რაიონული ცენტრიდან მეორეში „ატამანების“ ნებართვით გადაადგილდებოდნენ და მათ თამაშს, რასაკვირველია, ზედ არავინ უყურებდა. და მაინც, ნუთუ არ შეიძლებოდა, კარიერის მწვერვალზე მყოფ 25 წლის ბიჭს რაიმე გზა მოეძებნა? ნუთუ გამოსავალი არ იყო? თეორიულად იყო, როგორ არა. მარსელის „ოლიმპიკი“, „გალათასარაი“, „ბორდო“, „რომა“ – აი, ევროპული გუნდები, რომლებსაც კეტაშვილის ყიდვა უნდოდათ. გარდა ამისა, 1980-იანი წლების მიწურულს, როდესაც საქართველოში თოფს ჯერ კიდევ არ ისროდნენ, კიევის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ჯერ კიდევ ცოცხალი ნაკრების ლეგენდარული მწვრთნელი, ვალერი ლობანოვსკი გელას შინ დღეგამოშვებით ურეკავდა: „მოკიდე ცოლ­შვილს ხელი და ჩამოდი. შენ მე აქ მჭირდები, „დინამოშიც“ და ნაკრებშიც. ძირითად შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული გაქვს. კარს მსოფლიოს ჩემპიონატია მომდგარი...“ მაგრამ, იმ ეპოქაში საბჭოთა კავშირის ნაკრების სახელით თამაში სახიფათო საქმე იყო. მავან, მოჭარბებული პატრიოტიზმისგან თავბრუდახვეულ გამომსვლელს ერთ­-ერთ მიტინგზე გამოუცხადებია კიდეც, თუ კეტაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატზე წავა, ერის მოღალატედ გამოვაცხადოთო. იყო სხვა ხელისშემშლელი გარემოებებიც და გელამ საქართველოში დარჩენა გადაწყვიტა.

იხილე აგრეთვე

გელა კეტაშვილი

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები