კეჩხუაშვილი გიორგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გიორგი კეჩხუაშვილი

კეჩხუაშვილი გიორგი — Kechkhuashvili George, Кечхуашвили Георгий 1920-1997

ფსიქოლოგიის ქართული სკოლის პირველი თაობის წარმომადგენელი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (1951), დოქტორი (1971), პროფესორი (1972). შრომისა და საინჟინრო ფსიქოლოგიის ფუძემდებელი საქართველოში. 1942 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ფილოლოგიის ფაკულტეტი, 1945 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურა დ. უზნაძის ხელმძღვანელობით. მომდევნო წლებში პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა ამიერკავკასიის საარტილერიო სასწავლებელში და სოხუმის პედაგოგიკურ ინსტიტუტში. 1961-1971 წლებში სათავეში ედგა თსუ-ს კიბერნეტიკის ფაკულტეტთან არსებულ საინჟინრო ფსიქოლოგიის განყოფილებას. თანდათანობით მტკიცედ დაამკვიდრა უნივერსიტეტში საინჟინრო ფსიქოლოგია, როგორც ფსიქოლოგიის ერთერთი თანამედროვე მიმართულება. ამას მოჰყვა შრომისა და საინჟინრო ფსიქოლოგიის კათედრის შექმნა, რომელსაც თავად ხელმძღვანელობდა. მისივე ინციატივით, მოგვიანებით ის გარდაიქმნა შრომისა და ეკონომიკური ფსიქოლოგიის კათედრად. მეცნიერულ მუშაობას გ. კეჩხუაშვილი ფართო პედაგოგიურ საქმიანობას უთავსებდა, როგორც თსუ-ში, ისე სხვა უმაღლეს სასწავლებლებში (კონსერვატორია, თეატრალური ინსტიტუტი, სამხატვრო აკადემია, პოლიტექნიკური ინსტიტუტი და სხვა). მისი ხელმძღვანელობით შესრულდა არაერთი სადისერტაციო ნაშრომი, მათ შორის საზღვარგარეთელი ავტორებისა. გ. კეჩხუაშვილი აქტიურად თანამშრომლობდა რუსეთის, საფრანგეთის, ჩეხოსლოვაკიის, იაპონიის, პოლონეთის, აშშ-სა და სხვა ქვეყნების მეცნიერებთან, იყო არაერთი საერთაშორისო კონფერენციის, სიმპოზიუმისა და კონგრესის მონაწილე.

გ. კეჩხუაშვილის ნაშრომები მუსიკის აღქმის, შრომისა და საინჟინრო ფსიქოლოგიის, ეკონომიკის, ხელოვნების ფსიქოლოგიისა და ფსიქოლინგისტიკის საკითხებს ეხება. მუსიკის აღქმის პრობლემატიკას მიეძღვნა მისი საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები. კერძოდ, მან ექსპერიმენტულად იკვლია თვალსაჩინო წარმოდგენების როლი მუსიკის ესთეტიკურ აღქმაში. გაირკვა, რომ ეს წარმოდგენები ორი სახისაა. ერთნი ემსახურებიან მუსიკის შინაარსის თვალსაჩინო ილუსტრაციას და აადვილებენ მის გაგებას, თუმცა შეიძლება თავად საკმაოდ ბუნდოვანი და სულაც არამუსიკალური ხასიათისა იყვნენ; მეორე შემთხვევაში, სახელდობრ მაშინ, როცა მუსიკის აღქმას წინ უძღვის მისი სათაურის (მაგ., შუბერტის „კალმახი”) ან ნაწარმოებთან დაკავშირებული რაიმე სიუჟეტური მასალის გაცნობა, აღმოცენდება სავსებით კონკრეტული წარმოდგენები, რომელთა როლი წინასწარ მოცემული ტექსტის გაშლაში მდგომარეობს. გ. კეჩხუაშვილის აზრით, მუსიკის ზემოქმედების შედეგად მსმენელს აღმოუცენდება ნაწარმოების ხასიათის შესატყვისი საერთო განწყობა; ის თანდათან დიფერენცირდება და გამოიხატება განცდაში, რომელშიც ხშირად არამუსიკალური წარმოდგენები მონაწილეობს. განწყობისეული მექანიზმითვე ხსნის ავტორი მუსიკის აღქმისთვის უმნიშვნელოვანესი ე.წ. „წყობა-ტონალური გრძნობის” აღმოცენებისა და მოქმედების კანონზომიერებებს, რომლებიც მან გამოავლინა სპეციალურად ამ მიზნით მოდიფიცირებული ფიქსირებული განწყობის მეთოდით. მუსიკალური განათლების არმქონე ადამიანები, ბავშვებიც კი, მძაფრად გრძნობენ მუსიკის აღქმისას წყობა-ტონალურ დარღვევებს. ამ მოვლენის ასახსნელად ბევრად უფრო ადეკვატურია არაცნობიერი განწყობის ცნების გამოყენება.

უფრო ადეკვატურია განწყობის თეორია დაღლილობის და, კერძოდ, შრომითი დაღლილობის ფსიქოლოგიური ბუნების გარკვევის კუთხითაც. დაღლილობის სხვადასხვა თეორიებში (ემოციური, კონფლიქტური, დეზინტეგრაციული და სხვა) არ არის სათანადოდ გათვალისწინებული მთლიანობითი ადაპტაციური მექანიზმი, რომელიც რეალურად წარმართავს ინდივიდის ურთიერთობას გარემოსთან. გ. გოროშიძესთან ერთად გ. კეჩხუაშვილმა შეიმუშავა და ექსპერიმენტულად დაასაბუთა უზნაძის კონცეფციაზე დაფუძნებული „დაღლილობის პიროვნული (განწყობისეული) მოდელი”. გამომდინარე იქიდან, რომ განწყობა, როგორც ინდივიდის მთლიანობითი მდგომარეობა, ყოველ მომენტში განსაზღვრავს მის შეგუებას გარემოსთან, შრომითი და სხვა სახის დაღლილობა ინდივიდის (პიროვნების) განწყობისეულ-ადაპტაციურ შესაძლებლობათა ცვლილებაა. ეს ცვლილება გამოიხატება განწყობის ფიქსირების (აგზნებადობის) უნარის შემცირებაში ან დაკარგვაში.

აღნიშვნას იმსახურებს სიახლე, რომელიც გ. კეჩხუაშვილმა განწყობის ექსპერიმენტულ ფსიქოლოგიაში შეიტანა. ესაა ორიგინალური მეთოდიკა, რომლითაც განწყობის ფიქსაცია ხდება ერთდროულად ობიექტის რაოდენობრივი (სიდიდე) და თვისებრივი (საგნობრივობა) მახასიათებლების გათვალისწინებით. არსებულ მეთოდიკებში მხოლოდ ერთერთი მათგანი გამოიყენებოდა.

მთავარი ნაშრომები

  • თვალსაჩინო ხატის საკითხისათვის მუსიკის ესთეტიკურ აღქმაში / ფსიქოლოგია, ტ. VIII. თბილისი: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, 1953;
  • მუსიკალური წყობის გრძნობის ფსიქოლოგიური რაობოს საკითხისათვის. თბილისი: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, 1955;
  • К проблеме структуры установки // „Сообщения” АH ГССР 1971, т. 64, N1;
  • Установочная модель восприятия слова / Психологические исследования, посвященные 85-летию со дня рождения Д. Н. Узнадзе. Тбилиси: „Мецниереба” 1973;
  • შრომისა და საინჟინრო ფსიქოლოგია. თბილისი: „გამომცემლობა თსუ”, 1982;
  • Установка как метод исследования утомления // Вопросы психологии, 1985, 6;
  • Бессознательное, установка, музыка / Хрестоматия по психологии художественного творчества М.: „Магистр”, 1996.

წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

იხილე აგრეთვე

გიორგი კეჩხუაშვილი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები