კიდობანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კიდობანი

კიდობანი - სამეურნეო დანიშნულების დგამი, რომელშიც ინახებოდა მარცვლეული, ფქვილი ან გამომცხვარი პური. შესაბამისად არსებობდა ერთბუდიანი, ანუ ერთთვლიანი კიდობანიცა და კომბინირებული - ორ ან სამთვლიანი.

კიდობანს მჭიდროდ აგებდნენ თელის, ცაცხვის, ვერხვის, ნაძვის ან ფიჭვის მასალით. იყო კვადრატული ან წაგრძელებული ფორმის. კიდობნის ოთხივე სვეტს მუხის ხისაგან თლიდნენ და ორ მხარეს ღარავდნენ ფიცრების ჩასაწყობად.

ჩვეულებრივად ოჯახს რამდენიმე კიდობანი ჰქონდა: გამომცხვარი პურის, ხორბლის ფქვილის, ფეტვის, ქონისა და ა.შ. შეძლებულ ოჯახს ათამდე კიდობანიც კი ჰქონია. კიდობანი სხვადასხვა სიდიდისა იყო, ზოგი კი იმოდენა, ზედ კიბით ადიოდნენ. ასეთი კიდობანი ხშირად ბეღლის ფუნქციასაც ასრულებდა. კიდობნის ტევადობაც განსხვავებული იყო. ზოგი ოც ფუთ პროდუქტს იტევდა, ზოგი 120 ფუთს.

აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს მთიან კუთხეებში ჰქონდათ საკულტო დანიშნულების კიდობნები, სადაც სარიტუალო კვერებსა და მსგავსი დანიშნულების მარცვლეულს ან ფქვილს ინახავდნენ.

კიდობნებს ამკობდნენ ორნამენტებით, განსაკუთრებით მათ წინა მხარეს, მაგალითად, გეომეტრიული გამოსახულებებით, ბორჯღალებით, ჯვრებითა და ა.შ.

კიდობანი სამზითვო ავეჯიც იყო და რძლის პირად საკუთრებას შეადგენდა. შემკული იყო ძირითადად გასხივოსნებული წრეხაზებით - ბორჯღლებით.

კიდობანი

საინგილოში კიდობანი, რომელიც დედაბოძის მარჯვენა კუთხეში იდგა, უფროს მამაკაცს ეკუთვნოდა. კიდობანი საახალწლო რიტუალის დროს წმინდა საგნად იქცეოდა. ოჯახის უფროსი მასზე ანთებულ სანთლებს მიაკრავდა და ილოცებდა.

სვანეთში ერთ-ერთი დღეობის დროს („ქორა ლიმზირ“) ქალები აცხობდნენ კერისათვის შესაწირ პურს - „კიხვს“, რომელსაც „გვემში“ - ბეღელში მდგარ კიდობანში ინახავდნენ - ბარაქა იცისო, მეორე დღეს კაცების დაუნახავად გვემში შედიოდნენ, იღებდნენ კიდობნიდან შესაწირ პურს და მიწაზე დამსხდარნი შეექცეოდნენ. ეს იყო მოსავლიანობისა და ბარაქიანობის გამომწვევი ერთ-ერთი რიტუალი. ამ მიზნით იყო, რომ კიდობნები უმეტესწილად იხატებოდა სხვადასხვა სახის ჭრელებით და მაგიურ აპოთროპული დანიშნულების მოტივებით. ბარაქიანობის მონიჭების იდეამ შექმნა განსაკუთრებული მოკრძალებული დამოკიდებულება სანოვაგის ამ ტიპის სათავსის მიმართ. მთელ საქართველოში (განსაკუთრებით მთიან ნაწილში) მეტ-ნაკლები სიხშირით გავრცელებულია მოჭრელებული კიდობნების საუკეთესო ნიმუშები, სადაც უმაღლეს დონეზეა წარმოდგენილი მხატვრული ხითხუროობის ეს დარგი.

ტერმინის „კიდობანი“ სკივრის, ზანდუკისა და ლარნაკის ძველი ქართული შესატყვისია, რომელიც წერილობით ძეგლებში IX-X საუკუნიდან ჩანს.



ლიტერატურა

  • ლ. ბედუკიძე, ხალხური ავეჯი აღმ. საქართველოს მთიანეთში, 1973.
  • ვ. ართილაყვა XVI-XVIIIსს. მატერიალური კულტურის ისტორიიდან, 1965.
  • ნ. შოშიტაშვილი, დასურათებული ლექსიკონი, 2008. ლ.ბ.


წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები