კითხვის აშლილობა სპეციფიკური

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კითხვის აშლილობა, სპეციფიკური - (F81.0), (reading disorder, specific), კითხვის ჩვევათა განვითარების საკმაოდ ძლიერი სპეციფიკური დარღვევა, ანამნეზში კითხვის სპეციფიკური აშლილობის არარსებობით, რომელიც მხოლოდ მცირე ფსიქიური ასაკით, მხედველობის დაქვეითებით ან განათლების არასაკმარისი დონით არ აიხსნება. შესაძლოა ნებისმიერი უნარის დარღვევა – წაკითხულის გაგების, სიტყვათა ამოცნობის, ხმამაღლა კითხვის და, აგრეთვე, იმ დავალებების შესრულების, რომლებიც კითხვის უნარებს მოითხოვს.

კითხვის სპეციფიკურ აშლილობას ხშირად თან სდევს მართლწერის პრობლემები, რომლებიც მოზარდობის ასაკშიც ნარჩუნდება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ კითხვის დარღვევის დაძლევაში მიღწეულია პროგრესი. კითხვის სპეციფიკურ აშლილობას, ჩვეულებრივ, წინ უსწრებს ენისა და მეტყველების განვითარების დარღვევა. მათი კავშირი ემოციურ და/ან სკოლის პერიოდში ქცევით აშლილობებთან – ჩვეულებრივი მოვლენაა. (ჯმო-ს ფსიქიატრიის ლექსიკონები)

DSM IV-ში ამას კითხვის აშლილობა ეწოდება. მისი დადგენა ხდება ასაკისა და ინტელექტის შესაბამისი კითხვის უნარის დაბალი მაჩვენებლის (ჩვეულებრივ, 2 სტანდარტული დევიაციით დაბალი მაჩვენებლის) გამოვლენისას. ყველაზე ციტირებადი კვლევის მიხედვით, უაიტის კუნძულზე ეს დარღვევა 10-11 წლის ასაკის ბავშვების 4%-ს აღენიშნებოდა, ხოლო ლონდონში თითქმის ორჯერ მეტი იყო (Yule and Rutter, 1985). შემდგომი კვლევებით ეს მონაცემები კვლავ დადასტურდა.

კითხვის სპეციფიკური აშლილობა უნდა განვასხვავოთ სწავლაში ზოგადი ჩამორჩენისგან, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს დაბალი ინტელექტით, სახლში ან სკოლაში სწავლის საშუალების არქონით ან ცუდი მხედველობით. ამ დროს ბავშვს კითხვის სერიოზული პრობლემა აქვს, რაც სკოლის პირველივე წლებში ვლინდება და შესაძლოა განაპირობოს წერისა და მეტყველების შეფერხებებიც. შეიძლება გამოხატული იყოს წერითი, მეტყველებისა და მართლწერის პრობლემები, რაც უფრო თვალსაჩინოა მოგვიანებით ასაკში, ვიდრე კითხვის შეფერხება. კითხვისა და მართლწერის დროს დაშვებული შეცდომებია ასოების გამოტოვება, ჩანაცვლება, სიტყვის დამახინჯება, ნელი კითხვა, დიდხანს ყოყმანი, ასოებისა და სიტყვების შეცვლა. შეიძლება თავი იჩინოს გაგების პრობლემებმაც. შესაძლებელია, ეს დაკავშირებული იყოს ემოციურ მდგომარეობასთან, მაგრამ სხვამხრივ განვითარება ნორმალურად მიმდინარეობს. სკოლაში ზოგად ჩამორჩენასთან შედარებით, კითხვის სპეციფიკური აშლილობა უფრო ხშირია ბიჭებში; მათ, ასევე, აღენიშნებათ ზომიერი ნევროლოგიური პრობლემები და ისინი უპირატესად სოციალურად დაუცველ ოჯახებში ცხოვრობენ.

კითხვის სპეციფიკური ჩამორჩენილობა ქცევის აშლილობებთან მოსალოდნელზე მეტადაა ასოცირებული (Rutter et al., 1970a, b). ეს კავშირი ნაწილობრივ შეიძლება გამოწვეულია ამ ორი დაავადების ნეიროგანვითარებისა და ტემპერამენტის საერთო წარმოშობით, ნაწილობრივ იმით, რომ კითხვაში ჩამორჩენა იწვევს ქცევის დარღვევებს სკოლაში, ვინაიდან წარუმატებლობის გამო ბავშვი ფრუსტრირებულია და ნაწილობრივ კი იმით, რომ ქცევის დარღვევები ხელს უწყობს კითხვის პრობლემების განვითარებას.


სარჩევი

ეტიოლოგია

კითხვა რთული უნარ-ჩვევაა, რომელიც დამოკიდებულია რამდენიმე ფსიქოლოგიურ პროცესზე და სხვადასხვა საფეხურს მოიცავს. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ კითხვის სპეციფიკურ აშლილობებს ერთი გამომწვევი მიზეზი არ აქვს. კითხვის დასწავლის გავრცელებული თეორიის თანახმად, ბავშვი თავდაპირველად იყენებს ვიზუალურ მეთოდს: ის სწავლობს ერთიანი სიტყვის ხატს და არ შეუძლია ახალი სიტყვის დანახვა. განვითარების შემდგომ, ანბანურ საფეხურზე, ბავშვები სწავლობენ ახალი სიტყვის დეკოდირებას ასოსთან დაკავშირებული ბგერების ჟღერადობით, ხოლო ბოლოს, დასკვნით საფეხურზე, მხედველობითი და ანბანური მეთოდების კომბინაციით კითხვა ხდება ავტომატური და სხარტი (ეს მოდელი არ არის აღიარებული ყველას მიერ, მაგრამ გამოსადეგია კლინიკურ პრაქტიკაში)

დისლექსია

ითვლება, რომ კითხვის სპეციფიკური აშლილობის მქონე ბავშვები ქმნიან ქვეჯგუფს მათთვის დამახასიათებელი ნეიროფსიქოლოგიური სინდრომებით, როგორებიცაა ცუდი კოორდინაცია, კონსტრუირების უუნარობა და მარჯვენა/მარცხენა მხარეების არევა. დისლექსიის დროს ბავშვების უმრავლესობაში ერთი ან ორი ეს სიმპტომი ვლინდება, მაგრამ მყარი მტკიცებულება ასეთი ქვეჯგუფის არსებობის სასარგებლოდ ჯერჯერობით არ არსებობს. მიუხედვად ამისა, დისლექსიის კონცეფცია ხშირად გამოიყენება და გარკვეული მნიშვნელობაც აქვს. ამ ტერმინით არაპროფესიონალებს ვატყობინებთ, რომ კითხვის პრობლემები გამოწვეულია არა სიზარმაცითა ან ჩამორჩენით, არამედ სპეციფიკური პრობლემით და ბავშვი დახმარებას საჭიროებს.

გენეტიკური მიზეზები

ოჯახის წევრებში კითხვის დარღვევების სიხშირე გვაფიქრებინებს, რომ მას საფუძვლად გენეტიკური მიზეზები უნდა ედოს. ოჯახის პატერნები არა ერთ მემკვიდრულ ნიშანზე მიუთითებს (Rutter et al., 1990). კვლევებმა აჩვენა, რომ რამდენიმე რაოდენობრივი მახასიათებელი, როგორებიცაა ლოკუსები მე-2, 3, 6, 7, 15 და 18 ქრომოსომებზე, კითხვის დარღვევებთანაა დაკავშირებული (Kaminen et al., 2003). ყველაზე ხშირად დასტურდება მე-6 ქრომოსომის p უბნის მნიშვნელობა (Francks et al., 2004).

ნევროლოგიური მიზეზები

ცერებრული დამბლის ან ეპილეფსიის დროს ბავშვებს კითხვის სპეციფიკური აშლილობის განვითარების მომატებული რისკი აქვთ. არსებობს მოსაზრება, რომ ბავშვებს, რომლებსაც აღენიშნებათ კითხვის სპეციფიკური აშლილობა, მაგრამ არ აქვთ გამოხატული ნევროლოგიური დარღვევები, შეიძლება ჰქონდეთ ზომიერი და ნაკლებად თვალსაჩინო ნევროლოგიური პრობლემები. თუმცა, არსებული მონაცემებით, ეს მოსაზრება დადასტურებული არაა. არსებობს სხვა ვარაუდიც, რომ საქმე გვაქვს ტვინის განვითარების შეფერხებასთან, რაც იწვევს კითხვასთან დაკავშირებული ერთი ან მეტი უნარის დარღვევას. ეს ახსნა თანხვედრაშია ისეთ მონაცემებთან, როგორებიცაა ამ ბავშვებში ვიზუალური სკანირების სირთულეები, მარჯვენა/მარცხენა მხარეების არევა. ამასთან, ასაკთან ერთად ეს დარღვევები უმჯობესდება.

სოციალური ფაქტორები

როგორც ჩანს, კითხვაში ისეთი ჩამორჩენის განვითარებისთვის, რომელიც სპეციფიკური კითხვის აშლილობის კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს, სოციალური სირთულეების არსებობა საკმარისი არაა. თუმცა, კითხვის პრობლემები ხშირია იმ ბავშვებში, ვინც გაუნათლებელ ან სოციალურად დაუცველ ოჯახში იზრდება, ან როცა მას სკოლაში სათანადო ყურადღებას არ აქცევენ ან ხშირად იცვლის სკოლას.

პროგნოზი

პროგნოზი დამოკიდებულია მდგომარეობის სიმწვავეზე. ბავშვების დაახლოებით მეოთხედი, რომელთაც 7-12 წლის ასაკში ზომიერად გამოხატული კითხვის აშლილობა აღენიშნებათ, აღწევს განვითარების ნორმალურ დონეს მოზარდობაში. გამოხატული აშლილობის მქონე ძალიან მცირე ნაწილი ახერხებს ამ პრობლემის გამოსწორებას მოზარდობამდე. სამწუხაროდ, არ არსებობს საკმარისი მონაცემები იმისთვის, რომ ვიმსჯელოთ, რა ემართებათ ამ ბავშვებს მოზრდილობაში. თუმცა, ნაჩვენებია, რომ კითხვის გამოხატული დარღვევების მქონე მოზარდები მოზრდილობაშიც ავლენენ ამ პრობლემებს (Maughan et al., 1985). (ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში)


სინონიმები

  • კითხვის უნარის განვითარების დაგვიანება
  • დისლექსია, განვითარებასთან დაკავშირებული
  • ლეგასთენია
  • კითხვის უნარ-ჩვევების განვითარებისას სპეციფიკური ჩამორჩენა


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები