კინტრაია პალიკო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პალიკო კინტრაია

კინტრაია პალიკო - საქართველოს მეან-გინეკოლოგთა და პერინატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, სამედიცინო აკადემიის აკადემიკოსი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

ბიოგრაფია

პალიკო კინტრაია დაიბადა 1933 წლის 8 დეკემბერს ქ. თბილისში.
1958 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი წარჩინებით.
1958-61 წწ. მუშაობდა თიანეთის რაისაავადმყოფოს სამეანო განყოფილების გამგედ.
1961-63 წწ. გაიარა კლინიკური ორდინატურის კურსი თბილისის სახ. სამედიცინო აკადემიის მეანობა-გინეკოლოგიის კათედრაზე აკად.კ.ჩაჩავას ხელმძღვანელობით.
1963-66 წწ. მუშაობდა მარნეულის სამშობიარო სახლის მთავარ ექიმად.
1964 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „ნაყოფის ელექტროკარდიოგრამის ცვლილებები ვაკუუმექსტრაქტორისა და სამეანო მაშების გამოყენებით“.
1971 წელს – სადოქტორო დისერტაცია „ნაყოფის თავის ტვინის ჰიპოთერმია მშობიარობის დროს“.
1966-2006 წლიდან მუშაობდა თბილისის ექიმთა დიპლომისშემდგომი მომზადების აკადემიის მეანობა-გინეკოლოგიის კათედრაზე ასისტენტად, პროფესორად, კათედრის გამგედ.
1980-2002 წლიდან - კ.ვ.ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინისა და მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორად, 2002 წლიდან დღემდე ინსტიტუტის სამეთალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ.
1977-86 წლებში და 1997-2005 წწ. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მთავარ მეანგინეკოლოგად.
1997-2003 წლიდან თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო ხარისხების მიმნიჭებელი საატესტაციო საბჭოს თავმჯდომარე მეანობა-გინეკოლოგიაში.
1998-2005 წ.წ. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექიმთა სასერთიფიკაციო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე მეანობა-გინეკოლოგიაში. არის საქართველოს სამედიცინო აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებეელი და მისი ნამდვილი წევრი.
1983 წელს მიენიჭა საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება, 1985 წელს საქართველოს სახელმწიფო პრემია სამეანოგინეკოლოგიური სეფსისის საკითხებისადმი მიძღვნილი სამეცნიერო შრომებისათვის. 1998 წელს დაჯილდოებულია ღირსების ორდენით. 1998 წელს არჩეულია უნგრეთის მეან-გინეკოლოგთა სამეცნიერო საზოგადოების წევრად, 1988წ. ევროპის მეან-გინეკოლოგთა ასოციაციის წევრად, 1988 წ. ამერიკის მეან-გინეკოლოგთა კოლეჯის საზღვარგარეთელ წევრად. არჩეულია რამდენიმე საერთაშორისო ჟურნალის სარედაქციო საბჭოს წევრად. 2002 წელს – რუსეთის ფედერაციის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის უცხოელ წევრად სხვადასხვა დროს პ. კინტრაია იყო საბჭოთა კავშირის მეან-გინეკოლოგთა საზოგადოების პრეზიდიუმის წევრი, სსრკ ჯანდაცვის სამინისტროს საექსპერტო საბჭოს წევრი მეანობა-გინეკოლოგიაში. სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის საპრობლემო კომისიის წევრი და სხვა.

პალიკო კინტრაიას მიერ თანაავტორებთან ერთად პირველად შემუშავებულ იქნა მშობიარობის დროს ნაყოფის პირდაპირი ელექტრო-კარდიოგრაფიის მეთოდი (1961 წ.) ეს იყო საეტაპო შრომა მეანობაში, რადგან მანამდე მთელ მსოფლიოში ნაყოფის ფუნქციურ მდგომარეობას აფასებდნენ ორსულის და მშობიარის მუცლის წინა კედლიდან სტეტოსკოპის საშუალებით გულისცემის სიხშირის მოსმენით. ამ მეთოდის შემუშავებით გაიხსნა გზა ნაყოფიდან პირდაპირი ინფორმაციის მიღების, რასაც შედეგად მოყვა ინსტიტუტის თანამშრომლების მიერ პირდაპირი ელექტროენცეფალოგრაფიის და რეოენცეფალოგრაფიის მეთოდების შექმნა.

ასევე პირველად შემუშავებულ იქნა ნაყოფისა და ახალშობილის კრანიოცერებრალური ჰიპოთერმიის მეთოდი (1968 წ.), რამაც შესაძლებელი გახადა ჟანგბადის მწვავე უკმარისობის პირობებში ნაყოფის თავის ტვინის გამძლეობის მნიშვნელოვანი გაზრდა, მაშინ როდესაც ნაყოფის ჰიპოქსიის მკურნალობის ყველა მანამდე არსებული მეთოდები იყო უეფექტო, ვინაიდან ისინი ეყრდნობოდნენ ნაყოფის ჟანგბადით მომარაგების გაუმჯობესებას პლაცენტარული სისხლის მიმოქცევის გზით, ეს გზა კი როგორც ცნობილია მძიმე ასფიქსიის დროს ფაქტიურად დაკეტილია. ჰიპოთერმია შესაძლებლობას იძლევა ნაყოფის თავის ტვინში უშუალო ზემოქმედების გზით ჟანგბადზე მოთხოვნილების მნიშვნელოვნად შემცირებისა და ამით იზრდება თავის ტვინის გამძლეობა ჟანგბადის ნაკლებობისადმი. შემუშავებულ იქნა (1961-70 წწ) მშობიარობის დროს ნაყოფის ფუნქციური მდგომარეობის შეფასების ელექტროფიზიოლოგიური კრიტერიუმები. პირველად პ. კინტრაიას მიერ დადგენილ იქნა, რომ მშობიარობის დროს ნაყოფს გააჩნია ტკივილის შეგრძნების ავტონომიური რეგულაციის უნარი და შემოღებულ იქნა ნაყოფის აუტოჰიბერნაციის მცნება. ამით შესაძლებელი გახდა მძიმე მშობიარობის შემდეგ დაბადებულ ახალშობილებში დიფერენციალური დიაგნოზის გატარება ასფიქსიასა და პათოლოგიურ აუტოჰიბერნაციას შორის, რომელთა მკურნალობაც მოითხოვს სრულიად განსხვავებულ მიდგომას.

თანაავტორებთან ერთად დადგენილ იქნა ნაყოფის ძილ-ღვიძილის ბიორითმების არსებობა და მასთან დაკავშირებული ნაყოფის გულის მოქმედების თავისებურებანი (1981წ), პირველად შეიქმნა ნაყოფის თავის ტვინის პეპტიდური რუქა, იდენტიფიცირებულ იქნა 15 ნეირო პეპტიდი და დაგინდა, რომ ანტენატალური პერიოდის დასასრულს ნაყოფის თავის ტვინის პეპტიდერგული სისტემა იმყოფება ფუნქციური აქტივობის მდგომარეობაში, რაც უზრუნველყოფს ნაყოფის შეგუებას ახალ პირობებთან. ასევე პირველად თანაავტორებთან ერთად შესწავლილ იქნა ნაყოფის ნეიროპეპტიდების როლი სამშობიარო მოქმედების აღძვრაში და რეგულაციაში.

გამოქვეყნებული აქვს 200-მდე სამეცნიერო შრომა. მათ შორის 14 გამოგონება. მისი ხელმძღვანელობით შესრულებულია და დაცულია 40 საკანდიდატო და 12 სადოქტორო დისერტაცია.

1980 წლიდან პ. კინტრაია არის საქართველოს მეან-გინეკოლოგთა საზოგადოების (ხოლო შემდგომ მეან-გინეკოლოგთა და პერინატოლოგთა ასოციაციის) უცვლელი ხელმძღვანელი. მისი ხელმძღვანელობით როგორც მეან-გინეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითმა ინსტიტუტმა, ასევე მეანგინეკოლოგთა საზოგადოებამ მოიპოვა დიდი საერთაშორისო აღიარება. პ. კინტრაიას ხელმძღვანელობით ინსტიტუტს და ასოციაციას ჰქონდა გრძელვადიანი საერთაშორისო ხელშეკრულება იაპონიის ტოკიოს უნივერსიტეტის, ინგლისის სოუთემპტონის უნივერსიტეტის, გერმანიის ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის, ბუდაპეშტის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის მეანობა-გინეკოლოგიის კათედრებთან. ამ ხელშეკრულების ფარგლებში ერთობლივად შესრულებული შრომების შედეგები იხილებოდა შემაჯამებელ საერთაშორისო კონფერენციებზე. 1980-2003 წლებში ჩატარებულია 23 ასეთი კონფერენცია და გამოცემულია 23 შრომათა კრებული საქართველოში, უნგრეთში და იაპონიაში.

ასევე ნაყოფიერია პ. კინტრაიას ხანგრძლივი მუშაობა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მთავარ მეან-გინეკოლოგად. საკმარისია აღინიშნოს, რომ მაშინ როდესაც საქართველოში წელიწადში 150 000 ბავშვი იბადებოდა, დედათა სიკვდილობა 3.5 ჯერ შემცირდა და ეს იყო მთელ საბჭოთა კავშირში სამაგალითო მაჩვენებელი. ასევე დიდია პ. კინტრაიას დამსახურება საქართველოში მეან-გინეკოლოგთა როგორც სამეცნიერო, ასევე პრაქტიკოს ექიმთა მომზადებაში და დღეს საქართველოს ყველა კუთხეში მის მიერ აღზრდილი მეან-გინეკოლოგები უძღვებიან ამ ურთულეს საქმეს.

სამეცნიერო პრობლემა, რომელზეც მუშაობს პროფესორი პ. კინტრაია და მისი ხელმძღვანელობით პერინატალური მედიცინისა და მეანობაგინეკოლოგიის ინსტიტუტი არის:

1. სტრესი და ორსულობა:
2. ორსულობის დრომდემიუტანლობის პათოგენეზი და პათოგენეზური მკურნალობის მეთოდების შემუშავება.

წყარო

„პრაქტიკული მეანობა-გინეკოლოგიის აქტუალური საკითხები“: (შრომათა კრებული, პროტოკოლები)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები