კირკე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კირკე. დ. დოსი (1514-1516 წ.წ.), ვაშინგტონი, ნაციონალური მუზეუმი

კირკე(ბერძნ.) გრძნეული ნიმფა, რომელიც კუნძულ აიაიაზე იყო დავანებული. ჰელიოსისა და პერსეს ასული. აიეტისა და პასიფაეს და. მედეას მამიდა, კოლხი.

ჰომეროსის თანახმად, აიაია არის კუნძული, „სადაც აისზე შობილი ეოსის სასახლე და საფერხულო ადგილია და სადაც ჰელიოსი იწყებს აღმოსვლას“. ამ დიდებულ კუნძულზე ცხოვრობს მშვენიერი და გრძნეული კირკე. როდესაც ოდისევსი თავისი ხომალდით მიადგება ამ კუნძულს, მის დასაზვერად გაგზავნის რამდენიმე მეგობარს, რომელთაც კირკე ღორებად გარდასახავს. ჰერმესი, ღმერთების მაცნე, ოდისევსს ურჩევს, თუ როგორ დაიმორჩილოს კირკე. გმირი ჯადოსნური მცენარის, მოლის ძირების მეშვეობით თავს დააღწევს კირკეს გრძნეულებას, კეთილად განიწყობს ქალღმერთს და ისიც მის მეგობრებს ადამიანის სახეს დაუბრუნებს. ერთი წელი ნეტარებდა ოდისევსი აიაიაზე და როდესაც სამშობლოს სევდა შემოაწვა, კირკემ მას უკან დასაბრუნებელი გზა ასწავლა. ოდისევსსა და გრძნეულ ნიმფას დაებადებათ ვაჟიშვილი, რომელსაც ტელეგონოსს (ან ლატინუსს) შეარქმევენ.

კირკეს სახე არგონავტების მითოსშიც ჩნდება. როდესაც ხომალდი „არგო“ კოლხთა დევნას თავს დააღწევს, ერთ მშვენიერ დილას მიადგება აიაიას განთქმულ ნავსადგომს, სადაც აიეტის და – კირკე სახლობდა. თავად კირკე კი, საშინელი სიზმრით აღელვებული, განთიადის დადგომისთანავე სანაპიროზე გასულიყო თმის და სამოსის განსაწმენდად. მას თან ახლდა უჩვეულო ნადირთა გუნდი: ცხოველებს სხეულის ასონი აღრეულად ჰქონდათ შეერთებული. კირკემ თვალი მოჰკრა თუ არა გმირებს, ხელით ანიშნა, მას გაჰყოლოდნენ. მაგრამ იასონის ბრძანებით, ყველა ხომალდთან დარჩა. თავად კი მედეას თანხლებით დაედევნა მას. როდესაც სასახლის დარბაზში შეაბიჯეს, დედოფალმა მათ სავარძელი შესთავაზა. კირკე გრძნეული იყო და უმალ შეიცნო, რომ მის წინ მკვლელები იდგნენ (მედეამ ხომ სიცოცხლეს გამოასალმა საკუთარი ძმა აფსირტოსი, რომლის ასო-ასო აკუწული სხეული ზღვის ზვირთებს მისცა, რათა კოლხთა დევნა შეენელებინა). არგონავტებს ზევსი მფარველობდა და მისი ბრძანებით კირკემ მაინც აღასრულა მათი განწმენდის რიტუალი. შემდეგ ვინაობა გამოჰკითხა. როგორც კი მედეამ ძირს დახრილი თვალები გაუსწორა კირკეს, მან თვალთა სხივით უმალ შეიცნო ჰელიოსის ბადიში, თავისი ძმისშვილი, რომელსაც ასე მიმართა: „საზარელი რამ ჩაგიდენია და ვერასოდეს გაექცევი აიეტის მძვინვარე რისხვას. მაგრამ ჩემი ახლობელი ხარ და ჩემგან ელი შეწყალებას. მე ვერ გაგწირავ, მაგრამ გამშორდი და დაედევნე ამ უცხოელს. ვეღარ მომილბობ გულს ვედრებით!“.

აი, ასე შთამბეჭდავად წარმოადგინა კოლხი კირკეს სახე ბერძენთა ფანტაზიამ არგონავტებისა და ტროას მითოსში. საგულისხმოა, რომ ჰომეროსი კუნძულ აიაიას აღმოსავლეთში ათავსებს, სხვა ავტორები კი – დასავლეთში. ისინი კირკეს კუნძულს ტირსენიელების (ეტრუსკთა) მიწას უკავშირებენ, სადაც ჰელიოსმა თავისი ასული კოლხიდადან გადაიყვანა (აიაია). აქედან გამომდინარე არსებობს მოსაზრება კოლხი კირკეს ეტრურიასთან კავშირის თაობაზე, რაც მეცნიერებს ეტრუსკულ-ქართველური ურთიერთობების კვლევის საფუძველს აძლევს.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები