კლაპის ფავორიტი (მსხლის ჯიში)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კლაპის ფავორიტი

კლაპის ფავორიტი(Vavorite de Clapp, Clapps Favorite, Clapps Liebling).მსხლის ჯიში კლაპის ფავორიტი Thaddeus Clapp-ის მიერ გამოყვანილია ჩრდილოეთ ამერიკაში, დორჩესტერში, მასაჩუსეტის შტატში, მსხლის ჯიშის „ტყის სილამაზის“ ბუნებრივი ნაჯვარის შედეგად მიღებული თესლიდან.

კლიპის ფავორიტი პირველად 1860 წ. იქნა ლიტერატურაში შეტანილი და აღწერილი, როგორც იშვიათად ძვირფასი სამრეწველო ჯიში. ევროპაში ეს ჯიში ფართოდ გავრცელდა მეტადრე ინგლისსა, საფრანგეთსა და საბჭოთა კავშირში, გავრცელდა ყირიმსა, ჩრდილოეთ კავკასიასა, უკრაინასა და საქართველოშიაც. საქართველოში კლაპის ფავორიტი უმთავრესად ქართლში გვხვდება. მცირე რაოდენობით – ახალციხეში და თითო-ოროლა ხე კი - სხვა რაიონებშიც.

ნაყოფი მსხვილია ან საშუალო სიდიდის, 75–80 მმX80 მმ ზომით და 150–200 გრ. წონით; მოკლე მსხლის მოყვანილობისაა, მოკლე ყელით და უფრო განიერი მუცლით. ნაყოფის ზედაპირი ოდნავ ბორცვიანია, ნაყოფჭამია საკმაოდ აზიანებს და ამიტომ ნაქარს ბევრს იძლევა.

ჯამი ღია ან ნახევრად ღიაა, მსხვილი, დიდი ჯამის ფოთლებით და ზის პატარა, ვიწრო, ოდნავ მონაოჭებულ ღრუში.

ნაყოფის ყუნწი ცვალებადი სიდიდისაა, ხან მოკლე, ხან გრძელი, სქელი და ზის ნაყოფის ზევიდან პირდაპირ.

ნაყოფის კანი გლუვია, მკვრივი და პრიალა, მოკრეფისას ღია მწვანე ფერისაა, სრული სიმწიფისას კი ყვითელ ფერს ღებულობს და მზის მხარეზე ღია წითელი ფერისაა; ნაყოფის ზედაპირზე აქა-იქ ჟანგაროს წერტილებია გაფანტული. საერთოდ ნაყოფი საკმაოდ ლამაზი გარეგნობისაა.

ნაყოფის ხორცი თეთრია, ნაზი, წვნიანი, მთლიანად მდნარი, ტკბილი და ოდნავი სასიამოვნო მჟავიანობით. საერთოდ გემოს მხრივ მაღალი ღირსების ნაყოფს ეკუთვნის. სიმწიფის დრო აგვისტოში უდგება.

ხე სუსტი, შეიძლება ითქვას საშუალო სიძლიერის ზრდისაა. ახალგაზრდა ხე ყინვების მიმართ საკმაოდ მგრძნობიარეა, ინვითარებს პირამიდულ, თხელ და უხვად შეფოთლილ ვარჯს. მოსავლიანობას იწყებს ცოტა მოგვიანებით მე-7–8 წლიდან, შემდეგში კი უხვ მოსავალს იძლევა, ნიადაგის მიმართ დიდ მოთხოვნილებას არ აყენებს. ყვავილობა გვიანი აქვს, ყვავილი თვითსტერილია. ქეცით ძლიერ არ ავადდება. კარგად იზრდება ძლიერ საძირეზე და კომშზედაც. სჭირდება გრძელი გასხლვა.

კლაპის სამეურნეო-სამრეწველო თვისებებია: ლამაზი და გემრიელი ნაყოფი, ადრეულა სიმწიფე და ნაყოფის კარგი ტრანსპორტაბელობა, ხის ყინვაგამძლეობა, გარემო პირობებისადმი ადვილი შეგუება და საზოგადოდ ჯიშის დიდი ელასტიკურობა.




წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები