კლარჯეთი (ისტორიული მხარე სამხრეთ საქართველოში)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კლარჯეთი

კლარჯეთისაქართველოს სტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეა შავშეთის სამხრეთით. კლარჯეთს გასასვლელი ჰქონდა შავ ზღვაზე. მდ. ჭოროხის დინების აუზში მდებარე კლარჯეთის „ქვეყანა“ მოიცავდა მურღულის, ეგრის, არტანუჯის, ნიგალის და სხვა ხევებს.

კლარჯეთი ძველი ქართლის (იბერიის) სამეფოში საერისთავოს სახით შედიოდა. ერისთავის რეზიდენცია არტანუჯში იყო. ვახტანგ გორგასალს აქ ეკლესია-მონასტრები აუშენებია. VIII ს. აქ დამკვიდრდა ბაგრატიონთა სამეფო დინასტია, რომელთა მეფობა საქართველოში XIX ს-მდე გაგრძელდა. VIII ს-ში არაბებმა კლარჯეთი გააპარტახეს. გადარჩენილი მოსახლეობის ნაწილი ეპიდემიამ მოსპო. IX ს. დასაწყისში მეფე აშოტ I-მა მხარე აღადგინა და აქ დიდი სამონასტრო მშენებლობა გაიშალა გრიგოლ ხანძთელის თაოსნობით.

კლარჯეთში არაერთი ქართული ეკლესია-მონასტერი იყო აშენებული. XVI ს-ში კლარჯეთი, სხვა ქართულ ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარეებთან ერთად, თურქებმა დაიპყრეს.

XX ს-ის დასაწყისში კლარჯეთში იმოგზაურა ნიკო მარმა, რომელმაც ქართულად მოლაპარაკე კლარჯელები საკმაოდ ნახა. XIX ს-ში კლარჯეთს ტაოსთან ერთად, უფრო სწორად მთელ ჭოროხის ხეობას „ლივანად“ მოიხსენიებდნენ, რომლის შესახებ XIX ს. 70-იან წლებში წერდნენ: „საერთოდ ლივანაში ძალიან ბევრია ძველი ეკლესია. ზოგი მთელია და დღემდე შემორჩენილა კედლის მხატვრობა ბერთაში, არტანუჯის ახლოს, ართვინიდან რვა საათის სავალზე, არის თამარ მეფის დროინდელი ციხე ეკლესიითურთ... ბერთაში რამდენიმე სხვა ეკლესიაც არის, ერთ მათგანს ახლა მეჩეთად ხმარობენ“. „ლივანელ მუსლიმებს შემორჩენიათ წასული ქრისტიანული დროის მოგონება. 30-ოდე წლის წინათ მათში ქრისტეს ფარულ აღმსარებელსაც შეხვდებოდით; ახლა ასეთები აღარ არიან. ქართულად მთელ ლივანაში ლაპარაკობენ, თუმცა არც ისე წმინდად. ქართული ყველაზე მეტად გავრცელებულია სოფლის მოსახლეობაში“ (ბაქრაძე, 1987, გვ. 42). იგივე ავტორი კლარჯელთა და ტაოელთა ეთნოგრაფიული ყოფის ზოგიერთ რეალიაზეც წერდა: „რაც შეეხება ლივანას, იგი ყველაზე უფრო ნაყოფიერად ითვლება ლაზისტანის საფაშოს უბნებს შორის. აქ აწარმოებენ ცვილს, რომელიც ადგილზე 18 მან. ღირს ფუთი, აბრეშუმს, მოყავთ ზეთისხილი, ჩინებული მსხალი და ვაშლი; აქ ყველა ჯიშის ყურძენი მოდის... ლივანაში ვაზი ხეებზეა გაშენებული. მუსლიმები მას მეტწილად ფოთსა და ახალციხეში ყიდიან. ქრისტიანები კი ღვინოს აყენებენ, წურავენ ქართულად - შიშველი ფეხებით საწნახელში და ინახავენ ქვევრებში, რომლებიც ბლომადაა შემორჩენილი“ (გვ. 41). „მისთვის ცნობილი ლივანის დასახლებული პუნქტებიდან ნეგაშევმა (დიმიტრი ბაქრაძის მთხრობელი - რ.თ.) დაასახელა ისეთები, რომელთაგან ზოგი აღნიშნულია ახლანდელ რუკებზე, ზოგიც არა და თითქმის ყველა მათი სახელწოდება ქართულია. ასეთები: მარადიდი, კათაფხია, ბორჩხა, მამაწმინდა, ბარი, სვეტი, ლომაშენი, სინგოთი, წყალოქრო, არტანუჯი, ბერთა, გვერდა, ორჯახი, ანჩა, ანაკერტი, ხლითი, პარხალი და უთავი. მათგან ართვინი ლივანის მთავარი ქალაქია“ (გვ. 41).

ვახუშტის დახასიათებით „და არს ეს ლივანის დეობა, თგნიერ სივიწროვისა, ფრიად ნაყოფიერი ნარინჯით, თურინჯით, ლიმინით, ზეთისხილით, ბროწეულით, ლეღგთ., ვენახით, ხილით შემკობილი, და ქებულნი მუნებურნი ყოველნივე. მარცვალნი ყოველნი ნაყოფიერებს, გარნა სივიწროვით ვერ სთესვენ ბრინჯ-ბამბას" (გვ. 680)

წყარო

საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები