კოდისწყარო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კოდისწყარო – სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის კასპის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე. მდ. ლეხურას მარჯვენა მხარეს, კასპიდან ჩრდილოეთით, 22 კმ-ის დაშორებით, სხვილოს ციხის დასავლეთით.

კოდისწყარო არქეოლოგიურად შეუსწავლელია. 1938 წ. სოფელში შემთხვევით აღმოჩნდა თიხის უინვენტარო სარკოფაგი. 1982 წ. სოფლის აღმოსავლეთით შემთხვევით ნაპოვნია ვერცხლით ინკრუსტირებული დიონისეს ბრინჯაოს ქანდაკება (სიმაღლე 0,2 მ). ინახება კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში. დაზვერვებისას სოფლის განაპირას, ადგილ ხრიაკებში, მიკვლეულია ადრე შუა საუკუნეების ნასახლარი და სამაროვანი. სოფლის სასაფლაოზე დგას რიყის ქვით ნაგები XVIII-XIX სს-ის წმინდა თევდორეს დარბაზული (7,5X5,1 მ) ეკლესია.

თქმულება

მაკე ღორს მუცელი ასტკივნია და წამოსულა ადგილის საძებრად, რომ გოჭები დაყაროს. ტყე-ტყე უვლია, უვლია და, ბოლოს, წყარო უნახავს და ჩაწოლილა, მოუგია გოჭები. ახლა ღორის პატრონი ხუთი ვაჟის მამა, გვარად ღვინაძე, გაჰყოლია ღორის ნაფეხურებს. ნაკვალევს წყაროსთან მიუყვანია და, აჰა, ხედავს, მისი ღორი წყაროსთან წევს და გარშემო ახლადმოგებული გოჭები ახვევია. მოწონებია ღვინაძეს ეს ადგილი და გადაუწყვეტია აქ დასახლებულიყო. აიყარა ჭალიდან და თავის ხუთ შვილთან ერთად აქ გაიჩინა სახლი და კარ-მიდამო. ვიდრე გადმოსახლდებოდა, ხურვალეთში მღვდლებისთვის უთქვამს, ბატონს გამოვექეცი და დამიცავითო – ეს ადგილი საეკლესიო ადგილი ყოფილა. მღვდლებს უთქვამთ ბატონისთვის, ეს ხალხი კარგი გლეხები არიან, რაკი ეკლესიის ადგილზე დასახლდნენ, ეკლესიას შემოეხვეწნენ, ამიერიდან ეკლესიის ყმები არიან და არ შეაწუხოო. ბატონიც შეეშვა მათ. ასე დააღწია თავი ღვინაძემ ღორის დახმარებით თავის ბატონს. ხუთი ვაჟი გამრავლებულა და სოფელიც აშენებულა. იმ წყაროს გამო, სადაც ღორმა გოჭები დაყარა, სოფელს კოდისწყარო დაარქვეს


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები