კოლბერგი ლოურენს

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლოურენს კოლბერგი

კოლბერგი ლოურენს - Kohlberg Lawrence, Колберг Лоренс, 1927-1987

ამერიკელი ფსიქოლოგი, მორალური განვითარების თეორიის შემქმნელი. იგი თავად იყო განსაკუთრებით მგრძნობიარე ზნეობისა და სამართლიანობის მიმართ, რითაც ახალგაზრდობიდანვე გამოირჩეოდა. ამიტომ მეორე მსოფლიო ომის დროს, სულ ახალგაზრდა, მონაწილეობდა ებრაელი ემიგრანტების პალესტინაში გადაზიდვის საშიშ და კანონსაწინააღმდეგო საქმიანობაში. ამით მან პირველი მორალური დილემა თავისთვის გადაწყვიტა გულმოწყალების და არა კანონის სასარგებლოდ. შემდგომში მორალური არჩევანის თემა კანონსა და სინდისს შორის მისი მრავალწლიანი ფსიქოლოგიური კვლევის საგანი გახდა.

კოლბერგმა განათლება ჩიკაგოს უნივერსისტეტში მიიღო, სადაც დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. იქვე ერთხანს ფსიქოლოგიის კათედრას ხელმძღვანელობდა. მანამდე მუშაობდა ბოსტონის ბავშვთა სამედიცინო ცენტრში და იელის უნივერსისტეტში, ხოლო 1959 წლიდან გარდაცვალებამდე ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი იყო.

აღმოჩნდა, რომ ზნეობრივი მსჯელობის განვითარება, ისევე როგორც აზროვნების განვითარება, სტადიური კანონზომიერებით ხასიათდება (ზნეობრივი შეგნების განვითარების თვისებრივი კანონზომიერება). ჟ. პიაჟემ დაიწყო იმის შესწავლა, თუ როგორ უყალიბდებათ ბავშვებს ზნეობრივი ცნობიერება (ანომია, ჰეტერონომია, ავტონომია). ლ. კოლბერგმა, ჟ. პიაჟეს მიმდევარმა, განაგრძო და გააღრმავა ეს კვლევა. ის აძლევდა ბავშვებსა და ზრდასრულებს განსახილველად მოკლე მონათხრობს, რომელიც რაიმე მორალურ დილემას შეიცავდა. დილემა იმიტომაა საჭირო, რომ მას არა აქვს გარკვეული პასუხი, თანაც ცდისპირს მსჯელობისკენ უბიძგებს. ეს ყოველივე კი კარგ სარბიელს ქმნის პროექციისთვის {პროექციული ტესტი}. ასე რომ კოლბერგის მეთოდი ნახევრადპროექციულია.

კვლევებმა აჩვენა, რომ სხვადასხვა კულტურაში ბავშვების ზნეობრივი შეგნება მართლაც კოლბერგის მიერ გამოვლენილი იერარქიული სქემის, ე.წ. „მორალური კიბის” მიხედვით ვითარდება. აზროვნების განვითარების კვალდაკვალ ჩვენი ზნეობრივი შეგნება:

I. ჯერ ეგოიზმს სცილდება და უფრო პროსოციალური, ჰუმანური და კანონმორჩილი ხდება - ამის საფუძველია სოციალიზაცია და დეცენტრაცია;
II. შემდეგ კი უფრო პიროვნული ხდება {პიროვნება} - ამის საფუძველია აზროვნება და განსჯა ზნეობრივ საკითხებზე.

თუმცა ამ თეორიას კრიტიკა მოჰყვა. ზნეობრივი შეგნების პოსტკონვენციური დონე აღინიშნება ძირითადად ისეთი ქვეყნების საშუალო კლასის განათლებულ წრეებში, რომლებშიც ინდივიდუალიზმი ფასობს (და აქაც ზრდასრული მოსახლეობის მხოლოდ 5-15% თუ არის პოსტკონვენციურ დონეზე). ასეთი, ინდივიდუალისტური კულტურის ქვეყნებია ევროპა და ჩრდილოეთი ამერიკა. აქ უპირატესობა ენიჭება საკუთარ ინტერესებს, განსხვავებით ე.წ. კოლექტივისტური კულტურებისაგან (აღმოსავლეთი აზია, ლათინური ამერიკა და სხვა), სადაც ჯგუფური ინტერესებია მთავარი და გაცილებით მეტად ფასობს ურთიერთდამოკიდებულება, ურთიერთდახმარება, სოლიდარობა, ზრუნვა.

კოლბერგმა აღიარა ამ შენიშვნის მართებულობა და საბოლოოდ იმ აზრზე შეჩერდა, რომ თეორიაში დახასიათებული ზნეობის უმაღლესი დონე შეიძლება შესაფერისი არ იყოს განსხვავებული კულტურის ყველა ადამიანისთვის. მორალური განვითარება მხოლოდ ინტელექტუალური განვითარებით არ განისაზღვრება. ზნეობრიობის განვითარების „უმაღლესი” დონეები არაა უთუოდ „საუკეთესო” და „ყველაზე დახვეწილი” მორალური პრინციპები, რომლებითაც ხელმძღვანელობს ყოველი ადამიანი. ისინი ეთნოკულტურულ გარემოში უნდა განვიხილოთ.

გამოითქვა აგრეთვე აზრი, რომ არსებობს ორი სხვადასხვაგვარი ზნეობრივი შეგნება. ერთი ემყარება აბსტრაქტული სამართლიანობის მცნებას, მეორე კი - ადამიანურ ურთიერთობებსა და მოყვასზე ზრუნვას. პირველი უფრო მამაკაცების აზროვნებისთვისაა დამახასიათებელი, მეორე - უფრო ქალებისთვის {აზროვნებისა და მეხსიერების გენდერული თავისებურება}. თუმცა ეს განსხვავება შეფარდებითია. ჯერ ერთი, ის მხოლოდ საშუალო სტატისტიკური ტენდენციაა. მეორეც, ის არ შეინიშნება 10 წლამდე ასაკის ბავშვებთან და საზოგადოდ ზნეობრივი შეგნების პრეკონვენციურ დონეზე. მეორეც. მესამეც, კვლევები გვიჩვენებს, რომ ზნეობრივი შეგნების კონვენციურ დონეზე გოგონებისა და ქალების მორალური შეგნების ტიპი მართლაც უფრო მეტადაა გამსჭვალული სხვებზე ზრუნვითა და თანაგრძნობით, თანაც ეს ყველგან ასეა (შდრ. ქალური ძალაუფლება); თუმცა პოსტკონვენციურ სტადიაზე გენდერული განსხვავებები თითქმის აღარაა.

კოლბერგს მიაჩნდა, რომ ჭეშმარიტი ზნეობა ორივეს მოიცავს - სამართლიანობასაც და თანაგრძნობასაც. ორივე გადმოცემულია ახალი აღთქმის „ოქროს წესში” , რომლის პირველი მცნება სამართლიანობას გამოკვეთს - „მოეპყარი სხვებს ისე, როგორც გსურს, რომ სხვები მოგეპყრონ” (აქედანაა ი. კანტისეული კატეგორიული იმპერატივიც); ხოლო მეორე მცნება თანგრძნობას გამოკვეთს - „შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი”

დასჯის შიში და ანგარება → სირცხვილი → სინდისი.

ეს კანონზომიერება პირველად გამოჩენილმა რუსმა ფილოსოფოსმა, ვლ. სოლოვიოვმა აღმოაჩინა (ეს ის მოაზროვნეა, რომლის ფილოსოფიის გამოკვლევა იყო ახალგაზრდა დ. უზნაძის გერმანული დისერტაციის საგანი).

ლ. კოლბერგი ყველა ხანის ფსიქოლოგთა შორის ყველაზე ხშირად ციტირებად და ყველაზე პოპულარულ ავტორთა ოცეულშია (ს.ჯ. ჰანგბლუმი). (ჩანამატის ავტორი ზურაბ ვახანია).


წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები