კომედია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კომედიის მუზა თალია

კომედია - (ბერძ. comōidía < comos „მხიარული ბრბო“ და ode „სიმღერა“) დრამატული ნაწარმოები, რომელსაც აქვს სასაცილო (გასართობი) ან სატირული სიუჟეტი.

სარჩევი

კომედიის წარმოშობა

კომედიის წარმოშობა უკავშირდება საბერძნეთის სხვადასხვა კუთხეში არსებულ სამ გასართობ სიმღერას: ფალიკებს, კომოსსა და დორიულ სცენას.

ფალიკური სიმღერები

არისტოტელეს თქმით ტრაგედია და კომედია წარმოიშვა ავტოსქედიასტიკური (იმპროვიზაციული) საწყისისგან. ტრაგედია – დითირამბის დამწყებთაგან წარმოიშვა, ხოლო კომედია კი ფალიკების დამწყებთაგან. ფალიკური სიმღერები სრულებოდა დიონისეს დღესასწასწაულებზე. პროცესიას წინ მიუძღვოდა ფალოფერი ფალოსით ხელში (ფალოსი - სიმბოლო ბუნების მწარმოებელი ძალებისა). ამ სიმღერას მხიარულება შექონდა ხალხში საოხუნჯო თქმულებისა და უწმაწური ნაკვესების საშუალებით. არისტოფანე კომედიაში „აქარნელები“ აღწერს თუ როგორი ხასიათის იყო ფალიკური სიმღერები: ვინმე დიკაიოპოლისი სოფლის დიონისეებს დღესასწაულობს. იგი თავის ქალიშვილს შესაწირ კალათას აძლევს ხელში, თავის მონას ქსანთიას – ფალოსის წაღებას უბრძანებს. თვითონ აპირებს ფალიკების მღერას, ხოლო ცოლს წინადადებას აძლევს სახლის სახურავიდან უცქიროს. პროცესი მიემართება ასე: წინ დიკაიოპოლისის ქალიშვილი, მას შემდეგ მონა, რომელსაც ხელში ფალოსი უჭირავს, მას მოჰყვებიან დიკაიოპოლისი და სხვები.

კომოსი

კომოსი წარმოადგენდა დიონისეს სადღესასწაულო გართობების კიდევ ერთ სახეს. სოფელში ჩამოივლიდა ღვინით დატვირთული ურმების პროცესია, რომელებსაც ღვინო ბაზარზე მიჰქონდათ გასაყიდად. მიმავალნი ერთმანეთს გესლიანი სიტყვებით უმასპინძლდებოდნენ. შინ დაბრუნებისას იმართებოდა საერთო ქეიფი. ნაბახუსევი მონაწილენი სახეზე თხლესა და ღვინის ნალექს ისვამდნენ და ასე სახემოთხუპნულები ჯგუფ-ჯგუფად დაიფანტებოდნენ ქუჩაში. ლანძღვა-გინებითა მიადგებოდნენ იმ პირის სახლს, რომელსაც თემის წინაშე რაიმე დანაშაული მიუძღვოდა და დამცინავი სიტყვებით უმასწინძლდებოდნენ მას.

დორიული დრამა

კომედიის წარმოშობის საწყისს ფალიკური სიმღერები და კომოსი წარმოადგენდა, მაგრამ მათ აკლდათ ის, რაც უმთავრესია კომედიისთვის – დრამატული მოქმედება. მოქმედება კი კომედიამ შეიძინა იმ კომიკური სცენებიდან, რომელიც გავრცელებული იყო დორიელებით დასახლებულ ტერიტორიაზე.

პოლუქსი (II ს. ახ. წ.) „ონომასტიკონში“ აღწერს გიპონებისა და ჰიპოგიპონების დორიულ მიმიკურ ცეკვებს. ჰიპოგიპონები ცეკვავდნენ ყავარჯნებზე დაყრდნობით და ამით ჰბაძავდნენ მოხუცებს, ხოლო გიპონები, ოჩოფეხებზე შემდგარნი ცეკვავდნენ გამჭვირვალე ქალის კაბებში და ამით დასცინოდნენ ქალაჩუნა კაცებს.

გარდა ამისა ლაკონიაში გავრცელებული იყო ფარსი, რომლის მოქმედი გმირი იყო უცხოელი ექიმი (მისი საუბარი მაყურებელში სიცილ-ხარხარს იწვევდა) ან ქურდი, რომელსაც ვენახში ყურძნის ქურდობის დროს პატრონი მიუსწრებდა. ამ ტიპის მსახიობები (მოხუცი ყავარჯნით, კოჭლი, ქურდი და სხვ.) ხალხში დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ.

ეპიქარმე სირაკუზელი

დორიული სცენები განავითრა და მათ მხატვრული ფორმა მისცა ეპიქარმე სირაკუზელმა. მან დორიული ხალხური სახუმარო ნაკვესებიდან შექმნა მხატვრული ჟანრი დორიული კომედიისა. თუ დორიული ფარსი უბრალო დაცინვასა და ხუმრობას წარმოადგენდა, ეპიქარმეს კომედია რეალურ ცხოვრებას ასახავდა და ადამიანის (თუ მითიური გმირის) სასაცილო მხარეების ჩვენებით საზოგადოებრივი ცხოვრების ნაკლოვანებებზე მიუთითებდა.

ატიკური კომედიის უძველესი წარმომადგენლები

ატიკური კომედიის განვითარების ისტორიაში, სამწუხაროდ, არისტოფანეს გარდა ჩვენამდე არ მოუღწევია არც ერთი კომიკოსი მწერლის ნაწარმოებებს, გარდა მხოლოდ უმნიშვნელო ნაწყვეტებისა, რომელთა შემწეობით შეიძლება წარმოვიდგინოთ მხოლოდ ზოგადი ხასიათი არისტოფანეს წინადროინდელი ატიკური კომედიისა.

ატიკური კომედიის უძველესი წარმომადგენლები იყვნენ: ქიონიდე, მაგნეტი, ეკფანტიდე, ამფეისია, ლევკონი, კრატინე.

წყარო

ყაუხჩიშვილი, ს. ანტიკური ლიტერატურის ისტორია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები