აფხაზი კონსტანტინე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა კონსტანტინე აფხაზი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კონსტანტინე აფხაზი
დაბადების თარიღი - 27 ნოემბერი, 1867
დაბადების ადგილი - სიღნაღის მაზრის სოფ. კარდენახი
გარდაცვალების თარიღი - 19 მაისი, 1923 (56 წლის)
გარდაცვალების ადგილი - ქ. თბილისი
საქმიანობა - პოლიტიკური ლიდერი, სამხედრო პირი

აფხაზი კონსტანტინე ნიკოლოზის ძე (27.XI.1867, 43 კარდენახი, სიღნაღის მაზრ. - 20.V.1923, თბილისი) - საზოგადო, პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თვალსაჩინო წევრი, ილია ჭავჭავაძის დისშვილი.

სარჩევი

ბიოგრაფია

1885 დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი, ხოლო 1890 - პეტერბურგის პავლეს სახელობის სამხედრო სასწავლებელი. მეფის რუსეთის არმიაში განვლო გზა არტილერიის გენერალ-მაიორობამდე (1916). 1906-1913 წლებში არჩეული იყო თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის ზედამხედველი კომიტეტის წევრად. 1911 წელს განთავისუფლდა სამხედრო სამსახურისაგან პოლკოვნიკის წოდებით. 1913 წლის იანვარში აირჩიეს აღმოსავლეთ საქართველოს თავად-აზნაურთა წინამძღოლად (მარშლად), თუმცა I მსოფლიო ომის დაწყებისას, კავკასიის მეფისნაცვლის თხოვნით, კვლავ შეუდგა სამსახურს და სარდლობდა მისივე ხელმძღვანელობით ჩამოყალიბებულ კავკასიის საარტილერიო ბრიგადას. თავდაპირველად ოსმალეთის ფრონტზე გაგზავნეს, 1915 წლის აპრილიდან დეკემბრამდე დასავლეთის ფრონტზე იბრძოდა, შემდეგ კი მეფისნაცვლმა გამოიწვია თბილისში, თავად-აზნაურთა წინამძღოლობის მოვალეობის აღსასრულებლად. მისი უშუალო ხელმძღვანელობით გაყვანილ იქნა კახეთის რკინიგზა. 1916 წელს სამხედრო მინისტრის განკარგულებით დაინიშნა სახელმწიფო დაცვის განსაკუთრებული თათბირის თავმჯდომარის რწმუნებულად და კავკასიის რაიონის თავმჯდომარედ. იმავე წელს ხელახალი ვადით არჩეული იყო აღმოსავლეთ საქართველოს თავად-აზნაურთა წინამძღოლად. 1916-1917 წლებში იყო რუსეთის სახელმწიფო საბჭოს წევრი. 1917 წლის მარტში, რუსეთის დროებითი მთავრობის მეთაურის გ. ლვოვის წინადადებით, დაიკავა თბილისში შექმნილი კავკასიის ფრონტის საინჟინრო-საამშენებლო რაზმის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა.

მიღებული ჰქონდა მაღალი სამხედრო ჯილდოები: წმ. ანას მესამე ხარისხის ორდენი (1906); წმ. სტანისლავის მეორე ხარისხის ორდენი (1910); წმ. ვლადიმირის მეოთხე ხარისხის ორდენი ხმლითა და ბაბთით (1915) და წმ. ვლადიმირის მესამე ხარისხის ორდენი (1916).

1917 აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენაში. 1917-1918 წლებში იყო ქართული უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების თავმჯდომარე და დიდი წვლილი შეიტანა მის დაარსებაში. 1917 წლის ნოემბერში საქართველოს პირველ ეროვნულ ყრილობას გადასცა ქართველი თავადაზნაურობის კოლექტიური ქონება (26 მილიონი ოქროს მანეთის ღირებულებისა), რითაც საფუძველი ჩაეყარა დამოუკიდებელი საქართველოს ფინანსურ სისტემას. ყრილობაზე აირჩიეს ეროვნული საბჭოს წევრად. შედიოდა საბჭოს სამხედრო კომისიაში.

1918 წელს იყო პოლიტიკური ორგანიზაცია „უპარტიოთა კავშირის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და ლიდერი. „კავშირმა“ დამოუკიდებლად მიიღო მონაწილეობა დამფუძნებელი კრების არჩევნებში, მაგრამ დეპუტატის გაყვანა ვერ შეძლო. 1921 წლის იანვარში უპარტიოთა კავშირი ეროვნულ-დემოკრატებთან გაერთიანდა და შეიქმნა გაერთიანებული დემოკრატიული პარტია. კ. აფხაზი მისი მთავარი კომიტეტის წევრად აირჩიეს. ქმედითი მონაწილეობა მიიღო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო მმართველობის, საქართველოს რესპუბლიკის რეგულარული არმიის ორგანიზაციისა და რიგი კანონპროექტების შემუშავებაში, რომლებიც დაამტკიცა პარლამენტმა.

საქართველოს ბოლშევიკური ოკუპაციისას უცხოეთში არ გახიზნულა, სამშობლოში დარჩა და ქართველი ერის განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერად მოგვევლინა. 1922 წელს კოოპტაციის წესით შევიდა ედპ-ის არალეგალური ცკ-ის შემადგენლობაში, მალე კი იატაკქვეშეთში გადასული ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარედ დაამტკიცეს. შედიოდა 1922 წელს ჩამოყალიბებული დამოუკიდებლობის კომიტეტის სამხედრო ცენტრის შემადგენლობაში, რომელიც საერთო-სამხედრო კოორდინაციას უწევდა საყოველთაო ეროვნული აჯანყების მზადებას. როდესაც საბჭოთა სპეცსამსახურებმა კ. აფხაზის კვალს მიაგნეს, თანაპარტიელებმა სასწრაფოდ საზღვარგარეთ წასვლა შესთავაზეს, სადაც მისი ცოლ-შვილიც იმყოფებოდა, მაგრამ უარი მიიღეს. „ჩვენს ქვეყანასა და ხალხს ვერ მივატოვებ ამ მის ბრძოლის გაჭირვების ხანაში. გარდა ქართულ ძველ ისტორიულ ტრადიციისა, რომელიც ასეთ დროს იშვიათად ატოვებინებდა ქართველ კაცს თავის სამშობლოს, სად გაგონილა, რომ ღენერლები ჯარს ბრძოლის ველზე სტოვებდნენ… მე ვრჩები და დავრჩები ბოლომდე, რათა დავეხმარო საქართველოს მებრძოლ ბანაკს მის განთავისუფლებისათვის ბრძოლაში!” – უპასუხია კ. აფხაზს. 1923 წელს საგანგებო კომისიამ დააპატიმრა სამხედრო ცენტრის მთელი შემადგენლობა (15 კაცი). ისინი გაასამართლეს „საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულების, მუშურ-გლეხურ სახელმწიფოსათვის ღალატისა და ანტისაბჭოთა აჯანყების მზადების მცდელობისთვის“. ყველა მათგანს სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა მიუსაჯეს და აღასრულეს კიდეც 1923 წლის 20 მაისს, თბილისში, დღევანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე. დახვრეტის წინ კ. აფხაზის ბოლო სიტყვები იყო: „მე ვკვდები სიხარულით, რადგან ღირსი გავხდი სამშობლოს სამსხვერპლოზე ზვარაკად მიტანისა, ჩვენი სიკვდილი გამარჯვებას მოუტანს საქართველოს“.

ჰყავდა მეუღლე - ელენე აფხაზი და ვაჟი - ნიკოლოზი. კ. აფხაზის საცხოვრებელ სახლზე - ყოფილი ბებუთოვის ქ. 46 (დღევანდელი ლ. ასათიანის ქ. 46) განთავსებულია მემორიალური დაფა.

ოთარ ჯანელიძე

ლიტერატურა

  • ენც. „საქართველო“, ტ. I, თბ., 1997, გვ. 256;
  • გ. საითიძე, სწამდა სამშობლოს აღორძინება, თბ., 1997;
  • ლ. ურუშაძე, გენერალ კონსტანტინე (კოტე) აფხაზის ბიოგრაფიისათვის, საქართველოს ეროვნული მუზეუმის მოამბე, N3 (48-B), თბ., 2012;
  • ო. ჯანელიძე, ნარკვევები საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ისტორიიდან, თბ., 2002.

იხილეთ აგრეთვე

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები