კორტინა დ`ამპეცოს ზამთრის VII ოლიმპიური თამაშები (1956)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ზამთრის VII ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია ყინულის ეროვნულ სტადიონზე

კორტინა დ`ამპეცოს ზამთრის VII ოლიმპიური თამაშები – ზამთრის VII ოლიმპიური თამაშები ჩატარდა 1956 წელს (26 იანვარი-5 თებერვალი) იტალიის კურორტ კორტინა დ`ამპეცოში.

წარწერის ტექსტი

რომ არა მეორე მსოფლიო ომი, კორტინა დ’ამპეცო ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს 1944 წელს უმასპინძლებდა. ჩრდილოეთ იტალიის სათხილამურო კურორტმა 1952 წლის თამაშებისთვისაც წარადგინა საკუთარი კანდიდატურა, მაგრამ მაშინ ოსლოსთან დამარცხდა. კორტინა მესამედ 1956 წლის VII ზამთრის ოლიმპიადის მასპინძლობისთვის ბრძოლაშიც ჩაება და, ამჯერად, ლეიკ პლესიდთან, კოლორადო სპრინგსთან და მონრეალთან ჭიდილში მისი ჩატარების უფლება მოიპოვა. პირველად ზამთრის ოლიმპიადების ისტორიაში, ათლეტთა სახელით ფიცი ქალმა სპორტსმენმა დადო. ასეთი პატივი ერგო სწრაფდაშვებაში ოსლოს თამაშების ბრინჯაოს მედალოსანს, იტალიელ ჯულიანა მინუცოს.

ფიცი ქალმა სპორტსმენმა იტალიელმა ჯულიანა მინუცომ დადო

კაპიტოლიუმის ბორცვზე სიმბოლურად დანთებული ცეცხლის მთავარ მეჩირაღდნედ მასპინძლებმა ციგურებით მრბოლელი გუიდო კაროლი შეარჩიეს, რომელსაც წინა ორ ოლიმპიადაზე ასპარეზობის გამოცდილება ჰქონდა, მაგრამ ხელშესახები წარმატებისთვის არ მიუღწევია. საპატიო ამპლუაში მყოფმა ყურადღება იმით მიიპყრო, რომ გახსნის ცერემონიაზე ციგურებით შესრიალებულმა, სატელევიზიო კაბელს ფეხი წამოსდო და წაიქცა, მაგრამ როგორღაც მოახერხა და ოლიმპიური ცეცხლი ჩაქრობისგან იხსნა. მიუხედავად უხერხული დასაწყისისა, კორტინა დ’მპეცომ ზამთრის თამაშებს ყოველმხრივ ბრწყინვალედ უმასპინძლა. ეს იყო ზამთრის პირველი თამაშები, რომელიც საერთაშორისო მასშტაბით ტელევიზიით გადაიცემოდა.

ზამთრის ოლიმპიადებზე დებიუტი ჰქონდათ საბჭოთა კავშირის, ბოლივიისა და ირანის გუნდებს. აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანია ამჯერად გაერთიანებული გუნდით წარსდგა, გერმანელთა ამგვარი შეთანხმება 1964 წლის ინსბრუკის თამაშების ჩათვლით გაგრძელდა.

ზამთრის ოლიმპიადაზე სსრკ-ის მონაწილეობამ მნიშვნელოვნად ასწია საშეჯიბრო თამასა. საბჭოელები, გარდა იმისა, რომ დებიუტშივე ყველაზე მეტი მედალი მოიპოვეს, ოქროს მედლების სიმრავლითაც საუკეთესონი აღმოჩნდნენ.

წარწერის ტექსტი

სსრკ-მ ყველაზე დიდ წარმატებას ჰოკეიში მიაღწია. დებიუტანტებმა ყველა შეხვედრა მოიგეს, მათ შორის ექვსგზის ოლიმპიურ ჩემპიონ კანადასთან, რომელსაც მეშვიდე ოლიმპიურ ოქრომდე 2002 წლამდე მოცდა მოუწია. იმის გათვალისწინებით, რომ ჰოკეისტთა ტურნირს ოლიმპიურთან ერთად მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების დატვირთვაც ჰქონდა, სსრკ-ის ნაკრებმა მსოფლიო და ევროპის ჩემპიონობაც იზეიმა.

საგანგებოდ უნდა აღინიშნოს ავსტრიელი სამთომოთხილამურის, ტონი ზაილერის მიღწევა. ის გახდა პირველი სპორტსმენი, ვინც ერთ ოლიმპიადაზე გათამაშებული მედლების 3 კომპლექტიდან ამდენივე ოქრო დაისაკუთრა.

ისტორიული გამოდგა ფიგურულ ციგურაობაში ჩატარებული ასპარეზობებიც. კორტინას თამაშები ბოლო იყო, სადაც მოციგურავეთა ტურნირი ღია ცის ქვეშ გაიმართა VII ზამთრის თამაშები გარდამტეხი აღმოჩნდა ტრამპლინიდან ხტომაში. ფინეთის გუნდმა მეტოქეებს ხტომის ახალი და უფრო აეროდინამიური სტილი შესთავაზა. ამ სიახლის მიხედვით, მხტომელებს ხელები არა თავს ზევით ჰქონდათ გაშვერილი, რასაც ნორვეგიული კონგსბერგერის ტექნიკა ითვალისწინებდა, არამედ – ბარძაყის გასწვრივ. ამგვარმა ტექნიკამ, რომელიც ვინდიშის თუ დაიშერის, ასევე პარალელური სტილის სახელითაა ცნობილი, ფინელებს ოქრო და ვერცხლი მოაპოვებინა. ნორვეგიელებმა კი, რომლებიც სპორტის ამ სახეობის ფუძემდებლები არიან და საინაუგურაციო თამაშებიდან მოყოლებული, ჩემპიონობა არავისთვის დაეთმოთ, ახალი ტექნიკის გამოყენებაზე უარი თქვეს და სამეულს მიღმა დარჩნენ. თავად სიახლის დამნერგავმა ანდრეას დაიშერმა შეჯიბრება მეექვსე საფეხურზე დაასრულა. ამ თამაშებზე შედგა პირველი ქართველი ოლიმპიელის, ბაკურიანული კობა წაქაძის დებიუტი, რომელმაც 70-მეტრიანი ტრამპლინიდან ხტომაში 30-ე ადგილი დაიკავა.



წყარო

ოლიმპიური ორტომეული

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები