კოტეტიშვილი იათამზე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იათამზე კოტეტიშვილი

კოტეტიშვილი იათამზე — Kotetishvili Iatamze, Котетишвили Иатамзе, 1929-

ქართველი ფსიქოლოგი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (1963), დოქტორი (1993). სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე, ფსიქოლოგიის განხრით და დ. უზნაძის სახ. ფსიქოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1957 წლიდან ამავე ინსტიტუტში დაიწყო მუშაობა. 1972-1974 წლებში ინსტიტუტის სწავლული მდივანი, 1974-1986 წლებში დაწყებითი სწავლების ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ხოლო 1986-2006 წლებში პედაგოგიკური ფსიქოლოგიის განყოფილების გამგე იყო. მომდევნო წლებში, ინსტიტუტის დახურვამდე (2011) მთავარი მეცნიერის თანამდებობა ეკავა. პარალელურად ნაყოფიერად მოღვაწეობდა პედაგოგიურ სარბიელზე. წლების განმავლობაში იყო სულხან-საბა ორბელიანის სახ. თბილისის სახელმწიფო პედაგოგიკური უნივერსიტეტის პროფესორი.


ი. კოტეტიშვილი საქართველოში ბავშვის ფსიქოლოგიისა და პედაგოგიკური ფსიქოლოგიის წამყვანი სპეციალისტია, ჟ. პიაჟეს შემოქმედების საუკეთესო მცოდნე, მან პირველად შემოიტანა საქართველოში ჟ. პიაჟეს თეორია თანმიმდევრულად. ი. კოტეტიშვილი იკვლევს განვითარების ფსიქოლოგიის აქტუალურ პრობლემატიკას. ამავე დროს, უდიდეს ყურადღებას უთმობს სკოლამდელი და სასკოლო ასაკის ბავშვების განვითარება-სწავლების პრაქტიკულ საკითხებს. ი. კოტეტიშვილის სამეცნიერო შემოქმედებაში გათვალისწინებულია თანამედროვე განვითარებისა და განათლების ფსიქოლოგიის მიღწევები. იგი ცდილობს, განავითაროს დ. უზნაძისა და შ. ჩხარტიშვილის შეხედულებები, რომლის მოწაფეცაა თავად. თავის საკანდიდატო დისერტაციაში მან კრიტიკულად გაანალიზა პიაჟეს კონცეფცია და შექმნა სიმბოლური ფუნქციის განვითარების ახალი, ექსპერიმენტულად დასაბუთებული მოდელი. ამ გამოკვლევის შედეგები აკადემიკოსმა რ. ნათაძემ ფართოდ გააშუქა თავის წერილში „მეტყველების ფსიქოლოგიის პრობლემები ქართველ ფსიქოლოგთა ნაშრომებში”, რომელიც დაიბეჭდა პარიზის უნივერსიტეტის ჟურნალში „Bulletin de Psychologie“ (1966, 247, XIX).

ამის შემდეგ ი. კოტეტიშვილმა მუშაობა დაიწყო სიმბოლური ფუნქციის კვლევის შედეგად მიღებული მასალის პრაქტიკაში გამოყენების მიმართულებით. ეს კვლევა-ძიება უშუალოდ ექსპერიმენტული სწავლების გამოცდილებას ეყრდნობოდა, რომელიც წლების განმავლობაში ფსიქოლოგიის ინსტიტუტის საბაზო-ექსპერიმენტულ სკოლებში მიმდინარეობდა. ი. კოტეტიშვილის ამ დიდი სამუშაოს ძირითადი მიმართულება იყო დაწყებითი სწავლება, სახელდობრ კითხვა-წერისა და მათემატიკის სწავლება. მათემატიკოს გ. ბერიშვილთან ერთად მან ჩამოაყალიბა სკოლაში მათემატიკის ინტერაქციული, კონსტრუქტივისტული სწავლების ორიგინალური მეთოდიკა და შესაბამისი სახელმძღვანელოებიც შექმნა. მათში თეორიული და მეთოდური მხარე შერწყმულია ერთმანეთთან. ახალია არა მხოლოდ კონცეფცია, არამედ აგრეთვე სახელმძღვანელოს სტრუქტურა, შინაარსი და მისი მეთოდოლოგიური განაზრება. შეიქმნა და დაინერგა სახემძღვანელოები პირველი და მეორე კლასის მოსწავლეებისთვის და მასწავლებლებისთვის. ყოველივე ეს განზოგადდა მონოგრაფიაში „ექსპერიმენტული სწავლების ფსიქოლოგიური შინაარსი დაწყებით კლასებში“ (1987). ავტორის აზრით, მათემატიკის სწავლება უნდა დაიწყოს დისკრეტული ობიექტების ერთობლიობიდან, რათა ბავშვებს მართებული შეხედულება ჩამოუყალიბდეს რაოდენობაზე. თვალსაჩინოების როლში უნდა გამოვიდეს არა სურათები, არამედ მოძრავი ნივთები, რომლებით მანიპულირებითაც ბავშვი სწვდება რაოდენობას და არითმეტიკულ ოპერაციებს. აგებულია საგნებზე მზარდი სირთულის მოქმედებათა მთელი სისტემა. გაანალიზებულია აგრეთვე კითხვა-წერის სწავლების მეთოდიკურ-ფსიქოლოგიური საკითხები. კერძოდ, გამიჯნულია კითხვა და წერა. ჯერ ანბანის და კითხვის დაუფლება ხდება, შემდეგ − წერისა. ეს აჩქარებს და სრულყოფს როგორც კითხვის, ისე წერის სწავლების პროცესს. პრაქტიკულად მნიშვნელოვანია აგრეთვე დიდაქტიკური თამაშის გამოყენებასთან დაკავშირებული ექსპერიმენტული კველევის შედეგები. სახელდობრ, ნაჩვენებია, რომ ერთხელობრივი დიდაქტიკური თამაში უშედეგოა. სათანადო შედეგის მისაღწევად საჭიროა დიდაქტიკური თამაშების სისტემა, რომელშიც ასათვისებელი მიმართება განსხვავებულ თვალსაჩინო მასალაზეა მოცემული.

ი. კოტეტიშვილი არაერთი სხვადასხვა დონის სამეცნიერო ფორუმის მონაწილეა. იგი წარმატებით წარდგა მოხსენებით მოსკოვის, ლაიფციგისა და მიუნჰენის ფსიქოლოგთა საერთაშორისო კონგრესებზე. აღსანიშნავია მისი ღვაწლი საქართველოში სპეციალიტების მომზადების საქმეშიც. ი. კოტეტიშვილის ხელმძღვანელობით ოცამდე საკანდიდატო დისერტაციაა დაცული.

მთავარი ნაშრომები

  • К вопросу о развитии взаимосвязи „символического” и „знакомого” сознания // Вопросы психологии, 1963, 3;
  • Некоторые вопросы развития функции репрезентации в дошкольном возрасте / Психологические исследования. Тбилиси: „Мецниереба”, 1966;
  • С чего начинать обучение математики в школе // Вопросы психологии, 1978, 3;
  • გარკვევით თვლა და მისი მეთოდურ-ფსიქოლოგიური მნიშვნელობა / პირველი კლასის მოსწავლის აზროვნების ფსიქოლოგიური თავისებურებები. რედ. ი. კოტეტიშვილი. თბილისი: „მეცნიერება, 1985;
  • მათემატიკის ექსპერიმენტული სწავლების ფსიქოლოგიური შინაარსი დაწყებით კლასებში. თბილისი: „მეცნიერება”, 1987;
  • ხუთ-ექვსწლიან ბავშვებთან კითხვის სწავლების აუდიო-ვიზუალური მეთოდი // საქართველოს ფსიქოლოგიის მაცნე, 2009, 1;
  • ექვსწლიანი ბავშვის სწავლების ფსიქოლოგიური ასპექტები / ფსიქოლოგია, ტ. XXII. თბილისი: „მწიგნობარი”, 2010


წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები