კოჭობი სახუცო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კოჭობი სახუცო

კოჭობი სახუცო - ლუდის სასმისი, ვერცხლის სარიტუალო თასი, რომელსაც შებმული აქვს ხალხისგან შეწირული სხვადასხვა სამკაული: მონეტები, ყაწიმები, შიბები-ძეწკვები და სხვა. სახუცო კოჭობი წმინდა ჭურჭელია და სასმელი ჭურჭლებიდან მხოლოდ იმითაა ნებადართული კოდიდან ლუდის ამოღება. თუ ადამიანი ცოდვილია, თავის თავს ვერ მისცემს ნებას სახუცო კოჭობიდან ლუდი დალიოს.

არის წესი, როცა განსაკუთრებული კრძალვის ნიშნად კოჭობს მიწაზე დადებენ და მუხლებზე დამდგარნი ლუდს დახტუნებით დალევენ. ამ ჭურჭლის საკრალურ დანიშნულებას ხაზს უსვამს ის გარემოებაც, რომ მას წელიწადში ერთხელ გამოაბრძანებენ, რასაც ხალხი მუხლმოდრეკით შეხვდება. ეს თასი თავისი სიმბოლური არსით ზეციური წარმოშობისაა და ციდანაა ჩამოსული, ღვთისშვილთა ნიშანს წარმოადგენს და მისგან აღმოცენდება ჯვარხატი. „ეს ცით მოსული ხატი“ (ანუ ჯვრის ნიშანი), რომელიც ეკვრის სახუცო კოჭობის კიდეს, მტრედის სახით ეცხადება საყმოს. თასს განსაკუთრებული ძალა ენიჭება ხევისბერის ხელში, ხოლო მასზე მიკრული სამკაულები დიდიპატივისცემის ნიშანია. სახუცო კოჭობიდან თემის წევრები მოსვამენ ლუდს, რითაც სიმბოლურადაა გამოხატული თემის ერთიანობის იდეა.


თასის ხელში პყრობის უფლება მხოლოდ ხატის მსახურს – ხუცესს თუ ხევისბერს აქვს ან სხვა ხელოსანს, რომელსაც თავი წმიდად აქვს შენახული. დღესასწაულზე ხუცესს უჭირავს იგი, ჯვარის ყმები, მოდღესასწაულენი, რიგრიგობით მიეახლებიან მას და ოდენ ბაგით ხელშეუხებლად დაეწაფებიან, ასე რომ, მთელი საყმო ერთიანობის ნიშნად ამ ერთი თასით მოსვამს ლუდს. სახუცო კოჭობს ბოლოს თავად ხუცესი დაცლის. ზოგიერთი სახუცო კოჭობი ისე უხვად არის მორთული ვერცხლის სამკაულებით – ვერცხლის ძეწკვებით, პატარ-პატარა ჯვრებით, საყურეებით, ვერცხლის მასრებით, მონეტებით და სხვა ნივთებით, რომლებიც საყმოსგან არის შეწირული. სიმძიმის გამო ხუცესს უჭირს დიდხანს მისი ხელში ჭერა და ყავარჯენზე დააყრდნობს ხოლმე. სადიდებლებში ამ თასს „ჭიქა-ბარძიმი“ ეწოდება. ხუცესი მაღლა ასწევს მას და იტყვის: „ამ ჭიქა-ბარძიმზე შენ გადიდას, გაგიმარჯოს ღმერთმა. მიქიელ მთავარო ანგელოზო...“


ლიტერატურა

ე. ნადირაძე, ქართული ლუდი, ეთნოლოგიური ძიებანი, ტ III, 2007. ე.ნ.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები