კრიუგერი ფელიქს

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კრიუგერი ფელიქს

კრიუგერი ფელიქს - Krueger Feliks, Крюгер Феликс, 1874-1948

გერმანელი ფილოსოფოსი და ფსიქოლოგი, ლაიფციგის სკოლის ფუძემდებელი. განათლება მიიღო მიუნჰენის უნივერსიტეტში. 1906 წლიდან ლაიფციგის უნივერსიტეტის პროფესორი იყო, ხოლო 1917 წლიდან - ამ უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი. ამ თანამდებობაზე შეცვალა ვ. ვუნდტი, რაც კრიუგერის მაღალ სამეცნიერო ავტორიტეტზე მეტყველებს. 1927 წლიდან გერმანიის ფილოსოფიური საზოგადოების თავმჯდომარე იყო. დააარსა ჟურნალი „ახალი ფსიქოლოგიური გამოკვლევები”.

კრიუგერს მიაჩნდა, რომ საჭიროა ფსიქოლოგიაში „გონითი სულის” დაბრუნება, რათა ფსიქიკა არ იყოს დაყვანილი ცნობიერების მოვლენებზე და შეივსოს ტრასფენომენური (არაგანცდადი) სამყაროს ელემენტებით, რომლებიც არსებითად საზრისულ-ფასეულობითი სტრუქტურებია. ფსიქიკაში ისინი წარ-მოდგენილია განწყობების, კერძოდ დისპოზიციების გარკვეული სისტემის სახით, რომელიც განსაზღვრავს აქტიური ფსიქიკური პროცესების განხორციე-ლების კანონზომიერებებს. კრიუგერი ამოდიოდა შეხედულებიდან, რომ ყოველგვარი ფსიქიკური მოვლენა მთლიანობითი ბუნებისაა. ამ მთლიანობის გენეზისურ საფუძვლად განიხილავდა ე.წ. „კომპლექს-თვისებებს”, რომლებიც დიფუზური, გაუნაწევრებელი და აფექტურად შეფერილი წარმონაქმნებია (იხ. ლაიფციგის სკოლა). სწორედ დიფუზურობით განსხვავდება „კომპლექს-თვისების” მთლიანობა გეშტალტური მთლიანობისგან.


წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები