კუდიანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კუდიანი – ხალხური რწმენის თანახმად, ადამიანი (უმეტესად დედაკაცი), რომელსაც კუდი აქვს, მაგრამ მისი არსებობა ხალხის თვალისგან დაფარულია. თუ იგი ცხადი გახდა, მის კუდიანობას ძალა ეკარგება. კუდიანის გადასაადგილებელი საშუალება კატაა, მადლი ან ცოცხი, რომელსაც, როგორც ცხენს, გადააჯდება კუდიანი და გაფრინდება კუდიანთა და ავსულთა შეკრებაზე. კუდიანს შეუძლია სხვადასხვა, განსაკუთრებით, უწმიდურ ცხოველებად ან მწერებად გადაქცევა (მაქციობა); შეუძლია გაძვრეს კარის ჭუჭრუტანაში. კუდიანს, ქალსაც და კაცსაც, ორი სული და ორი გული აქვს: ერთი წმიდა, მეორე უწმიდური. ღამით ის სტოვებს წმიდა სულსა და გულს და უწმიდური სულითა და გულით მიდის თავის საკუდიანო საქმეზე.

აჭარელის შეხედულებით კუდიანი დღისით ჩვეულებრივი ადამიანი იყო, ხოლო ღამით შესაძლოა მას ზოომორფული სახე მიეღო. საჭიროების მიხედვით იგი მოსალოდნელი იყო კატად, თაგვად, ბუზად, გველად ქცეულიყო. კუდიანობა შუაღამიდან იწყებოდა და მამლის პირველ ყივილამდე გრძელდებოდა. კუდიანი დღის შუქზე უძლურდებოდა. თავყრილობისათვის მათ განსაკუთრებული ადგილი ჰქონდათ შერჩეული და ღამით შესაწირავებით – ქათმით, ძროხით, რძით ხელდამშვენებულები შესაკრებად ლომპაპის სამფლობელოსკენ ხალიჩაზე ან და ცოცხზე გადამჯარნი ფრენით მიეშურებოდნენ.

აჭარაში გამოვლენილი ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული წყაროებით, ადამიანი კუდიანობის დაწყების წინ ტანსაცმელს საკუთარ სახლში იხდიდა და გადაბრუნებული ხელმეორედ იცვამდა. კუდიანის „მწკვართავს” მასთან წამალი მიჰქონდა. იგი ამ წამალს იღლიებში ამოისობდა და ბუხარში „აშპებოდა”. აქედ ან ჩანს, რომ კუდიანები ლომპაპის სამყოფთან კავშირს ბუხრის საკვამურით ამყარებდნენ.

ლომპაპის სამყოფი როგორც დროის, ისე სივრცით განზომილებაში იყო წარმოდგენილი, რაზეც შუაცეცხლის (გვიან ბუხრის) მეშვეობით ლომპაპის საბინადროსთან დაკავშირების ფაქტიც მეტყველებს და მიუთითებს ისიც, რომ ამქვეყნიურ და ლომპაპისეულ სამყაროთა შორის მოქმედებები ერთმანეთის პარალელურად მიმდინარეობდა, უფრო ზუსტად, ორეულები ერთდროულად მოქმედებდნენ. ეს სივრცე ამქვეყნიურისაგან განსხვავებულ პარალელურ სამყაროში – ქვესკნელში მდებარეობდა. რატომ მიფრინავდა ლომპაპთან კუდიანი მაინცადამაინც ბუხრის საკვამურიდან. ამ და სხვა ვითარებაშიც ბუხარს, უფრო ზუსტად, კერას საკრალური მნიშვნელობა გააჩნდა. სახლეული გარდაცვლილ წინაპართა სულებს სწორედ ბუხრისა და კერიის მეშვეობით ეკონტაქტებოდა.

სავარაუდოა, რომ ხალხური რწმენა სამყაროს მოდელში სკნელებს, როგორც ჩანს, სხვადასხვა გზით აკავშირებდა. ერთ-ერთი ასეთ გზას საცხოვრებელი ნაგებობის საჯალაბოში განთავსებული შუაცეცხლის საკვამური წარმოადგენდა. ხალხური სქემა კერას შუასკნელად თუ მოიაზრებდა, რომელიც კერის ციური ჯაჭვით ზესკნელს უკავშირდებოდა, მაშინ იგი ქვესკნელთანაც უნდა ყოფილიყო მიბმული. კოორდინანტთა ასეთ ვერტიკალურ განზომილებაში დაცული უნდა ყოფილიყო იერარქიული სტრუქტურაც: ზესკნელში – ღვთის მრევლის არეალში ღმერთი და ანგელოზები ბინადრობდნენ, ხოლო ქვესკნელში – ქთონური, მიწისქვეშეთის ღამისეული ღვთაებები. ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ განზომილებებში დემონთა და ღვთაებათა სხვა ტიპის ჯგუფებსაც თავიანთი განსაკუთრებული ადგილი ეკავათ. ამგვარი გრადაცია ფერთა სიმბოლიკაშიც აისახებოდა თეთრი, წითელი და შავი ფერების სახით, რაც მთლიანობაში ჯვრისა და მზის, როგორც წრიულობისა და მარადიულობის გამოხატულების სისტემაში იყო მოქცეული. ამ სისტემაში ღვთაებათა თითოეულ ჯგუფს თავისთავადი ფუნქცია გააჩნდა და სამყაროს მოწყობის კოსმოგონიურ სტრუქტურაში შესაბამისი ასტრალური ნიშნებითა თუ საკრალური სიმბოლოებით ფუნქციური დატვირთვის მატარებელი იყო. ეს ნიშნები და სიმბოლოები ძირითადად თავს იჩენდა ტრადიციულ რწმენა-წარმოდგენებში, საკულტო რიტუალებში, მატერიალურ კულტურასა და ორნამენტში, დემონოლოგიურ აზროვნებაში, მითებში, გადმოცემებსა და ზღაპრებში. ტრადიციული რწმენით, ადამიანებს საკრალურ განზომილებათა გადალახვა გარდაცვალებამდე არ ძალუძდათ ან და პარალელურ განზომილებაში მოხვედრას მანამ ვერ ახერებდნენ, სანამ მათ ხორციელ ყოფას გრძნეულება არ შეიპყრობდა.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

იხილე აგრეთვე

კუდიანთ წუხრა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები