კუნძა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კუნძა – ადგილობრივი თეთრყურძნიანი ვაზის ჯიში

კუნძა – ადგილობრივი თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია, გავრცელებულია ძირითადად ქვემო იმერეთში და იძლევა სუფრის ორდინარულ ღვინოს. მევენახეობის ლიტერატურულ წყაროებში და ადგილობრივ მევენახეთა შორის კუნძა ცნობილია აგრეთვე „კუმსას“ და „მწვანეს“ სახელწოდებით.

კუნძა უძველესი ვაზის ჯიშია, თავისი მორფოლოგიური ნიშნებით და სამეურნეო-ტექნოლოგიური თვისებებით მეტად ახლო დგას ადგილობრივ ვაზის ჯიშებთან და მათთან ერთად მიეკუთვნება prol. pontica Negr. ეკოლოგიურ-გეოგრაფიულ ჯგუფს. იგი გამოსულია კულტურული ვაზის ჯიშების ფორმათა წარმოქმნის ადგილობრივი – კოლხეთის კერიდან.

ძირითადი სახელწოდება „კუნძა“ და დამატებითი „კუმსა“ ჯიშს მიღებული აქვს მტევნების მეტად კუმსი აგებულების გამო. და მართლაც, ჯიში კუნძა მჭიდროდ მარცვალჩასხმულ, მოკლე, განიერ-კონუსისებრი ფორმის მკვრივ მტევნებს ისხამს, რომლებიც თავისი მოყვანილობით კუნძს წააგავს. იმერეთის ზოგიერთ სოფლებში გავრცელებული დამატებითი სახელწოდება „მწვანე“ იმერულ მწვანესთან მსგავსების გამო უნდა ჰქონდეს შერქმეული.

სუფთა ნარგავების სახით ჯიში გავრცელებულია მხოლოდ დასავლეთ საქართველოში. შედარებით დიდი ფართობი ჯიშს უკავია, ძირითადად, ქვემო იმერეთში, სახელდობრ: წულუკიძის, წყალტუბოს, ტყიბულის, მაიაკოვსკის, ქუთაისის და ვანის რაიონებში. ვენახების 1940 წლის საკავშირო აღწერის მიხედვით კუნძას ფართობი 715 ჰექტარს შეადგენდა. აღნიშნული ფართობი ცალკეული რაიონების მიხედვით შემდეგნაირად იყო განაწილებული (იხ. ცხრ. 1).


ცხრილი 1

კუნძას ფართობის განაწილება მევენახეობის რაიონების მიხედვით

მევენახეობის
რაიონი
ფართობი
ჰექტრობით
მევენახეობის
რაიონი
ფართობი
ჰექტარობით
ზესტაფონის
რ-ნი
3,16 ტყიბულის
რ-ნი
104,8
ორჯონიკიძის
რ-ნი
29,0 წულუკიძის
რ-ნი
142,11
თერჯოლის
რ-ნი
6,4 სამტრედიის
რ-ნი
0,65
მაიაკოვსკის
რ-ნი
90,15 წყალტუბოს
რ-ნი
133,90
ვანის
რ-ნი
6,24 ცაგერის
რ-ნი
49,90
საჩხერის
რ-ნი
0,48 ამბროლაურის
რ-ნი
0,65
ჭიათურის
რ-ნი
0,19 გუდაუთის და
სოხუმის რ-ნი
5,25
ქუთაისის
რ-ნი
84,68
სულ 715,56

უფრო ზუსტი 1947 წლის ვენახების მთლიანი აღწერის მონაცემების მიხედვით კუნძას ეკავა საქართველოში 427,69 ჰექტარი და გავრცელებული იყო იმერეთში, ძირითადად, ქუთაისის, წულუკიძის, ვანის, მაიაკოვსკის, ზესტაფონის, წყალტუბოს და რაჭა-ლეჩხუმში – ამბროლაურის რაიონში. ვენახების 1953 წ. აღწერის დროს კუნძა მოხვედრილია მწვანეს და გორული მწვანესთან ერთად, რის გამო მისი ფართობი ძლიერ შემცირებულია.

ასე, მაგალითად, მაიაკოვსკის და ვანის რაიონებში ნაჩვენები მწვანე (25 ჰექტ. ფართობი) კუნძაა, ხოლო ქუთაისის, ტყიბულის, წულუკიძის, მაიაკოვსკის და ვანის რაიონებში ნაჩვენები გორული მწვანის 120 ჰექტარი ძირითადად კუნძაა. ეს გამოწვეულია იმით, რომ იმერეთში კუნძა „მწვანეს“ სახელწოდებითაა ცნობილი.

სარჩევი

ბოტანიკური აღწერა

ჯიში ბოტანიკურად აღწერილია იმერეთში მაიაკოვსკის რაიონში სოფ. ობჩაში კოლმეურნეობის ვენახში, რომელიც გაშენებულია ფერდობზე კირნარ-თიხნარ ნიადაგზე. ვაზი გასხლული და ფორმირებულია ოლიხნარის წესით. უფრო დეტალურად ჯიში აღწერილია მევენახეობის ინსტიტუტის საკოლექციო ვენახში, რომელიც გაშენებულია ცივ-გომბორის მთის ოდნავ დაქანებულ ფერდობზე ზღვის დონიდან 562,3 მ სიმაღლეზე. ვაზი შპალერზეა გამართული და გაფორმებულია ქართული წესით ორ მოპირისპირე გრძელ 8-10 კვირტიან საკავებელზე და ორ მოკლე 2-3 კვირტიან ნეკზე.

ახალგაზრდა ყლორტი

(15-20 სმ). მოზარდი ყლორტის გვირგვინი პირველი ორი, ჯერ კიდევ გაუშლელი, ფოთოლაკის ჩათვლით შებუსვილია სქელი ქეჩისებრი ბუსუსით, უფრო ძლიერ ფოთლის ქვედა მხრიდან. იგი მოთეთრო ფერისაა და სუსტი მოვარდისფრო იერი ახლავს გვირგვინისა და პირველი ორი ფოთოლაკის ირგვლივ. მესამე ფოთლიდან დაწყებული ზედა მხარის შებუსვა კლებულობს და იგი მონარინჯისფრო-ყვითელი ხდება, ხოლო ქვედა მხრიდან მეოთხე ფოთოლაკამდე მორუხო თეთრი ფერის შებუსვა რჩება. ყლორტის ზედა ნაწილიც შებუსვილია, უფრო ინტენსიურად წვერისაკენ.

ერთწლიანი რქა

კარგად შემოსული ერთწლიანი რქა მოყვითალო ყავისფერია. მუხლთაშორისები საშუალოდ 12-15 სმ სიგრძისაა. მუხლები მუხლთაშორისებთან შედარებით უფრო მუქად არის შეფერილი. ზოლები მუხლთაშორისების გასვწრივ კარგად ემჩნევა.

ფოთოლი

შუა იარუსის (9-12) ფოთლები საშუალოზე დიდი ზომისაა, მათი სიგრძე საშუალოდ 17-18 სმ, ხოლო სიგანე 18 სმ უდრის. ფოთლის მოხაზულობა მომრგვალოა, იშვიათად ოვალური ან განიერ ოვალურია. ფოთოლი თითქმის დაუნაკვთავი ან სამნაკვთიანი და მუქი მწვანე ფერისაა. ფოთლის ზედაპირი სწორი, ან ბადისებრ დანაოჭებულია, იშვიათად იგი მსხვილბურთულებიანია. ფოთლის შუა ნაკვთი უფრო ხშირად ბლაგვკუთხიანია. ფოთლის მოხაზულობა ბუნებრივ პირობებში ღარისებრია და ნაკვთების ბოლოები უფრო ხშირად ძირსაა დახრილი.

ზედა ამონაკვეთები ღიაა, უფრო ხშირად ზეზეურებია, შეჭრილი კუთხისმაგვარი ფორმისაა, იშვიათად გვხვდება საშუალო სიღრმის პარალელურგვერდებიანი ჩანგისმაგვარი ამონაკვეთები, მათზე უფრო იშვიათად ოდნავ შესამჩნევი და კვერცხისმაგვარი თვლიანი დახურული ამონაკვეთები გვხვდება. ამონაკვეთების ფუძე უფრო ხშირად მახვილია.

ქვედა ამონაკვეთები ნაკლებადაა გამოსახული, ჩვეულებრივ იგი ოდნავ შესამჩნევი ნაპრალისებრია ან შეჭრილი კუთხისმაგვარი ფორმისაა, ხშირად ქვედა ამონაკვეთები სულ არაა გამოსახული.

ყუნწის ამონაკვეთი ღიაა, შვილდისებრი ფორმისა, ზოგჯერ იგი ჩანგისმაგვარია მახვილი ფუძით, იშვიათად გვხვდება აგრეთვე დახურული ელიფსისებრთვლიანი ამონაკვეთები.

ფოთლის მთავარი ძარღვები ბოლოვდება სწორი მახვილწვერიანი სამკუთხედისებრი ფორმის კბილებით, ცალ მხარეზე ან ორივე მხარეზე გამოწეულგვერდებიანი მახვილწვერიანი კბილებით, იშვიათად გუმბათისმაგვარი ფორმის კბილებიც გვხვდება. გვერდითი კბილები უფრო ხშირად ხერხისკბილებისებრი ფორმისაა ცალ ან ორივე მხარეზე გამოწეული გვერდებით.

ფოთლის ქვედა მხარე შებუსვილია საკმაო სქელი აბლაბუდისებრი ბეწვებით, რომლის ქვემოთ მოფენილია მოკლე ჯაგრისებრი ბუსუსი, რაც ერთად ქმნის საკმაო სქელ ქეჩისებრ შებუსვილობას.

ფოთლის ყუნწი შუა ძარღვზე ოდნავ მოკლეა, ან მას უდრის. ყუნწი გლუვია და ღია მწვანე ღერისაა.

ყვავილი

ყვავილი ორსქესიანია. ყვავილში ხუთი, იშვიათად ექვსი მტვრიანაა. მტვრიანები სწორმდგომია, მათი სიგრძის შეფარდება ბუტკოს სიმაღლესთან 1,15-1,50 შეადგენს. ბუტკო კონუსისმაგვარი ფორმისაა, სვეტი კარგად გამოსახულია, იგი მთავრდება ორად ან სამად გაყოფილი დინგით.

მტევანი

მტევნები საშუალო სიდიდისაა, რომელთა სიგრძე მერყეობს 8-დან 15 სმ-მდე. ხოლო განი 7-დან 12 სმ-მდე. საშუალო სიდიდის მტევნის ზომა 11X9 სმ უდრის. მტევნების ფორმა განიერი კონუსისებრია, ხშირად მხრიანია, იშვიათად უფორმო მტევნებიც გვხვდება. მტევნები ძალზე მკვრივია, იშვიათად მკვრივი მტევნებიც გვხვდება. მტევნის ყუნწი მოკლეა, საშუალოდ მისი სიგრძე 1,5-2,0 სმ უდრის, იგი ბალახისებრია, ხოლო რქასთან შეერთების ადგილას ხევდება და რქის ფერს იღებს. მარცვლის ყუნწი მწვანეა, მისი სიგრძე 5-7 მმ უდრის, იგი დაფარულია რუხი ხორკლებით. მარცვლის ბალიში ვიწრო კონუსისებრი ფორმისაა და დაფარულია ყავისფერი ხორკლებით.

მარცვალი

მარცვალი საშუალო ზომისაა, მისი სიგრძე მერყეობს 1,6-დან 2,0 სმ-მდე. ხოლო განი 1,5-დან 2,0 სმ-მდე. საშუალო მარცვლის სიგრძე-სიგანე 1,8X1,75 სმ უდრის. მარცვალი მომრგვალოა, იშვიათად შეზნექილია, ზოგჯერ ოდნავ ოვალური ფორმის მარცვლებიც გვხვდება. მტევნის სიმკვრივის გამო მარცვლის უდიდესი განი მის ბოლოსაკენ ინაცვლებს, რის გამო ხშირად მარცვალი შებრუნებული კვერცხისმაგვარ ფორმას იღებს. მარცვალი ღია ყვითელი ფერისაა და დაფარულია ცვილისებრი ფიფქით. მარცვლის კანი სქელი და უხეშია, გემო ჩვეულებრივია, რბილობი წვნიანი, ხოლო წვენი უფერული.

წიპწა

მარცვალში უფრო ხშირად ერთი ან ორი წიპწაა. წიპწა მომრგვალოა და ყავისფერი, ხოლო ნისკარტი არეში და მუცლის მხარეზე მონარინჯისფრო-ყვითელია. ქალაძა წიპწის ზედა ნაწილში მდებარეობს, იგი ოვალური ფორმისაა და ოდნავ გამოზნექილია გარეთ. ღარი ქალაძიდან წიპწის ზედა ნაწილისაკენ კარგად გამოსახულია, ხოლო ღარტაფი ქალაძიდან ნისკარტისაკენ ვიწრო და ოდნავ შესამჩნევია. მუცლის მხარე ქედიანია. მუცლის მხარის ღარები საკმაოდ ღრმაა და პარალელურად მიემართება ნაწიბურის გასწვრივ. ღარის ფუძე მოყვითალოა. ნისკარტი კარგად გამოსახულია, მისი სიგრძე 1,6-1,8 მმ უდრის, ფორმით იგი ცილინდრულ-კონუსისებრია და ნარინჯისფერი აქვს.

აგრობიოლოგიური დახასიათება

სავეგეტაციო პერიოდი და მისი ცალკეული ფაზების მსვლელობა

დაკვირვებები კუნძას ფენოფაზების მსვლელობაზე წარმოებდა იმერეთში – საქარის საცდელ სადგურზე ქ. ზესტაფონში და კახეთში – მევენახეობის ინსტიტუტის საკოლექციო ვენახში ქ. თელავის მახლობლად. იმერეთში წარმოებულ დაკვირვებების მიხედვით სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლიობა კვირტის გაშლის დასაწყისიდან ყურძნის სრულ სიმწიფემდე 185, ხოლო კახეთში 165 დღეს უდრიდა. კუნძას ყურძენი სრულ სიმწიფეს იმერეთში (საქარა) საშუალოდ 11 ოქტომბერს აღწევს, ხოლო კახეთში (ქ. თელავი) 6 ოქტომბერს. კვირტის გაშლიდან ყურძნის სრულ სიმწიფემდე აქტიურ ტემპერატურათა ჯამი იმერეთში 3790º შეადგენდა, ხოლო კახეთში – 3244º. ამ მონაცემების მიხედვით კუნძა შეიძლება მიეკუთვნოს სიმწიფის III პერიოდის ჯიშებს. იმერეთის სტანდარტული ვაზის ჯიშებთან – ციცქასა და ცოლიკოურთან შედარებით კუნძა 10-12 დღით (ერთი პერიოდით) უფრო ადრე მწიფდება. წლების მანძილზე სავეგეტაციო პერიოდის ცალკეულ ფაზების მსვლელობის დასახასიათებლად ქვემოთ მოყვანილია საქარის საცდელ სადგურზე და მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტის საკოლექციო ვენახში წარმოებული დაკვირვებების შედეგები (იხ. ცხრ. 2).

კუნძას სავეგეტაციო ფაზების მსვლელობა იმერეთსა და კახეთში
(ცხრილი 2.)

იმერეთისა და კახეთის პირობებში კუნძას ერთწლიანი რქები ყურძნის მასობრივი სიმწიფის პერიოდისათვის იღებს საშემოდგომო შეფერვას, ხოლო ფოთოლცვენის დროისათვის სავსებით მწიფდება და კარგად შემოსული – გახევებული ხვდება ზამთრის ყინვებს.

ვაზის ზრდის სიძლიერე ნიადაგისა და ჰავის პირობების მიხედვით საგრძნობლად ცვალებადობს. ქვემო იმერეთის ალუვიურ ნიადაგებზე კუნძას ზრდა საშუალოზე ძლიერია, ხოლო შუა იმერეთში იგი საშუალოა.

მოსავლიანობა

კუნძას ნამყენები შედარებით ადრე იძლევა პირველსა და სრულ მოსავალს. დარგვიდან მეორე წელს კუნძა იძლევა ნიშანს, ხოლო მესამე, მეოთხე წლიდან სრულ მოსავალს. საქარის საცდელ სადგურზე კუნძას მოსავლიანობა პროფ. თ. კვარაცხელიას (11) ცნობით უდრიდა: 1947 წ. 62,0 ცენტნერს, 1948 წ. 67, ხოლო 1949 წ. 57 ცენტნერს ჰექტარზე.

საწარმოო ვენახებში კუნძას მოსავლიანობა საგრძნობლად მერყეობს ნაკვეთების მდებარეობის, ნიადაგის თვისებებისა და ფორმირება-დატვირთვის მიხედვით.

ქვემო იმერეთის ალუვიურ ნიადაგებზე 2,25 კვ.მ კვების არეზე, ვაზების ორი მოპირისპირე საკავებელზე და ნეკზე გასხვლის შემთხვევაში, კუნძას მოსავლიანობა 80-100 ცენტნერს აღწევს, ხოლო შუა იმერეთის გაეწრებულ და ნეშომპალა-კარბონატულ ნიადაგებზე მთისა და გორაკების ფერდობებზე კუნძას მოსავლიანობა შედარებით ნაკლებია და საშუალოდ შეადგენს 60-80 ცენტნერს ჰექტარზე.

კარგი მოსავლიანობით ხასიათდება კუნძა აფხაზეთშიაც. მევენახეობის ინსტიტუტის დასაყრდენ პუნქტის ნაკვეთზე (სოფ. ახალსოფელი, გუდაუთის რ-ნი) კუნძას მოსავალი 100-120 ცენტნერს აჭარბებს ჰექტარზე.

კახეთში მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტის საკოლექციო ვენახში (ქ. თელავი) კუნძას მოსავალი 1949 წელს ძირზე მერყეობდა 2,5-დან 3 კგ-მდე, ხოლო 1950 წელს 2,5-დან 3,6 კგ-მდე, საშუალო მოსავალი კი ერთ ძირზე 2,82 კგ უდრიდა, რაც ჰექტარზე გადაყვანით 90-100 ც შეადგენს.

კუნძა კარგი მსხმოიარობის მაჩვენებლებით ხასიათდება, მისი მსხმოიარობის კოეფიციენტი 1,5-2,0-მდე მერყეობს, ხოლო საშუალო 1,6 უდრის. მტევნის საშუალო წონა მერყეობს 150-დან 175 გ-მდე, ხოლო კარგად განვითარებული მსხვილი მტევნების წონა 250-300 გ აღწევს. ამ მონაცემების მიხედვით ერთი ძირი ვაზის მოსავალი 15-20 კვირტით დატვირთვის შემთხვევაში 4-5 კგ აღწევს, მაგრამ რადგანაც გაანგარიშებული მოსავალი მუდამ ნაკლებია ფაქტიურზე კუნძას საშუალო მოსავალი უნდა ვივარაუდოთ 80-100 ცენტნერამდე ჰექტარზე.

ავადმყოფობათა და მავნებელთა მიმართ გამძლეობა

მევენახეობის საქარის საცდელ სადგურზე და მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტის საცდელ ნაკვეთებზე წარმოებულ დაკვირვებათა, აგრეთვე ადგილობრივი სპეციალისტების, საბჭოთა მეურნეობისა და კოლმეურნეობის მევენახეთა დაკვირვებების მიხედვით კუნძა შედარებით მაღალი გამძლეობით ხასიათდება სოკოვან ავადმყოფობათა (განსაკუთრებით ჭრაქის) მიმართ. ძირითადად ამით უნდა აიხსნას კუნძას მომეტებულად გავრცელება ქვემო იმერეთისა და ნაწილობრივ აფხაზეთის ჭარბტენიან რაიონებში. შედარებით კარგი გამძლეობით ხასიათდება კუნძა აგრეთვე ფილოქსერის წინააღმდეგაც, თუმცა თავის გამძლეობით იგი ჩამორჩება ციცქას და ამ თვისებით უახლოვდება მჭკნარა დონდღლაბს.

საძირეებთან მონათესაობა

საქართველოში გავრცელებულ საძირეთაგან საცდელ და სამეურნეო დაწესებულებათა დაკვირვება-გამოცდილებით კუნძა შედარებით კარგ შედეგს იძლევა თითქმის ყველა სტანდარტულ საძირეზე. ნიადაგის ცალკეულ ტიპების მიხედვით უკეთეს შედეგს კუნძა იძლევა რიპარიაXრუპესტრის 3306 და 101/14 საძირეებზე, ძირითადად, ნოყიერ ალუვიურ ნიადაგებზე. ნეშომპალა-კარბონატულ ნიადაგებზე კარგ შედეგს კუნძა რიპარია-ბერლანდიერი 420ა-ზე იძლევა, ხოლო მწირ ხირხატ ნიადაგებზე – რუპესტრის დულოზე.

შედარებით კარგი გამძლეობით ხასიათდება კუნძა გარემო პირობების მიმართაც, განსაკუთრებით შეიძლება აღინიშნოს ყინვებისა და გვალვის მიმართ მისი შედარებით კარგი გამძლეობა. წარმოებული დაკვირვებით იმერულ ვაზის ჯიშებს შორის კუნძა კრახუნას შემდეგ ყველაზე გამძლეა ზამთრის ყინვების მიმართ.

ნიადაგების მიმართ კუნძა განსაკუთრებულ მოთხოვნას არ აყენებს, მაგრამ უხვი მოსავალი და ძლიერი ზრდა მას ალუვიურ ნიადაგებზე ახასიათებს.

ტექნოლოგიური დახასიათება

ყურძნის მექანიკური შედგენილობა

კუნძას ყურძნის მექანიკური ანალიზის მონაცემები
(ცხრილი 3.)

მტევნების გარეგნული შეხედულებით, მტევნის მექანიკური ნაწილების შედგენილობითა და წვენის შეცულობით კუნძა უდავოდ საღვინე ვაზის ჯიშია.

მევენახეობა-მეღვინეობის საქარის ზონალურ საცდელ სადგურზე წარმოებული ანალიზების მიხედვით კუნძას ყურძნის მექანიკური შედგენილობა შემდეგი მაჩვენებლებით ხასიათდება (იხ. ცხრ. 3).

როგორც მოყვანილი მონაცემებიდან ჩანს, ლაბორატორიულ პირობებში ყურძნის წვენის გამოსავალი 78%-დან 83%-მდე მერყეობს. წარმოების პირობებში წვენის გამოსავალი საგრძნობლად ნაკლებია და 1 ტ ყურძნიდან საშუალოდ მიიღება 74 დეკალიტრი წვენი და 182 კგ ჭაჭა, საშუალოდ ყურძნის წვენის გამოსავალი შეადგენს 76%, ხოლო ჭაჭისა 24%.

ყურძნის წვენის შედგენილობა

იმერეთის რაიონებში კუნძა საკმაო რაოდენობით აგროვებს შაქარს. ზოგიერთ წლების ხელშემწყობ ბუნებრივ პირობებში კუნძა 22% და უფრო მეტ შაქარს აგროვებს. შაქრის დაგროვების უნარიანობის დასახასიათებლად ქვემოთ მოყვანილია მევენახეობა-მეღვინეობის საქარის საცდელ სადგურზე და მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტში წარმოებული ანალიზების შედეგები (იხ. ცხრ. 4).


ცხრილი 4

კუნძას ყურძნის შაქრიანობა-მჟავიანობა რთველის დროს
ნიმუშის აღების ადგილი მოსავლის წელი რთველის თარიღი შაქარი %-ით სიმჟავე ‰-ით
სოფ. საქარა, ზესტაფონის რ-ნი
სოფ. არგვეთა ზესტაფონის რ-ნი
სოფ. სვირი ზესტაფონის რ-ნი

სოფ. კვალითი ზესტაფონის რ-ნი
„------“
1910
1910
1910
1910
1938
1939




11.IX
23,4
21,8
22,3
22,0
20,4
18,7
8,4
8,1
8,3
9,5
12,0
16,5
მევენ-მეღვინ. საქარის
საცდელი სადგური
1940
1941
1942
1943
1945
1946
1947
1948
10.X
20.XI
25.X
30.X
13.X
8.X
20.IX
18.IX
23,1
21,5
19,9
22,3
21,0
20,2
20,2
18,0
6,7
6,5
6,3
6,5
10,2
8,8
9,9
6,1
ქ. თელავი, მევენახეობა-
მეღვინეობის ინს-ტი
1943
1944
1947
1949
1950
1951
1952
1955
1956
1957
16.X
5.X
6.X
31.X
30.IX
15.X
16.X
18.X
1.XI
27.IX
18,0
23,0
20,5
21,0
22.0
22,0
22,2
18,78
17,88
22,0
11,2

10,6
6,5
11,81
7,87
5,7
11,0
16,5
9,2

ყურძნის სიმწიფის მსვლელობის დინამიკის დასახასიათებლად მოგვყავს მეცნ. კანდ. ვ. დემეტრაძის მიერ საქარის საცდელ სადგურზე წარმოებული ანალიზების შედეგები (იხ. ცხრ. 5).

კუნძას ყურძნის სიმწიფის დინამიკა (1940 წ.)
(ცხრილი 5.)

როგორც მოყვანილი მონაცემებიდან ჩანს შაქრიანობის მატება და მჟავიანობის დაკლება ცალკეული თვეების მიხედვით თანდათანობით მიმდინარეობს და უფრო ნელა იგი ოქტომბრის თვეში წარმოებს.

სუფრის ღვინის დასაყენებლად ყურძენი იკრიფება სექტემბრის მეორე ნახევრიდან ოქტომბრის პირველ ნახევრამდე, როცა ყურძნის შაქრიანობა 20-22% და მჟავიანობა 8-7‰-მდე მიაღწევს. კუნძასაგან დამზადებული ღვინო ღია ჩალისფერია, მოოქროსფრო იერით; იგი დიდი ენერგიით, საკმაო სხეულით და სიხალისით ხასიათდება. ჩვეულებრივ კუნძა კარგი ღირსების ორდინალურ ღვინოს, ხოლო ზოგიერთ წლებში ნეშომპალა-კარბონატულ ნიადაგებზე იგი ხარისხოვან ღვინოსაც კი იძლევა. კუნძას ღვინო შედარებით ადრე მწიფდება. იგი უნდა მოხმარებულ იქნეს 2-3 წლის განმავლობაში, რადგან უფრო ხანგრძლივად შენახვისას ღვინოს გემური თვისებები და არომატი არ უმჯობესდება.

კუნძას ღვინის გემური თვისებების დასახასიათებლად მოყვანილია რამდენიმე ამონაწერი საქარის საცდელ სადგურზე შემდგარ სადეგუსტაციო კომისიის სხდომის ოქმიდან: „კუნძა 1941 წლის მოსავლისა – მოყვითალო-ჩალისფერი მოოქროსფრო იერით, კარგად დაწმენდილი, საკმაო სხეულიანი, სასიამოვნო გემოს ღვინო, კარგად გამოსახული ჯიშური არომატით, ნიშანი 7,4“.

„კუნძა 1945 წლის მოსავლისა – ღია-ყვითელი ფერის, კარგად დაწმენდილი კარგად გამოსახული ჯიშური არომატით, ხალისიანი ევროპული ტიპის ღვინო შესაფერი სხეულით, ნიშანი 7,2“.

კუნძა 1946 წლის მოსავლისა – ღია ჩალისფერი ნაკლებ სხეულიანი, სასიამოვნო მჟავიანობის სუფრის ღვინო, ნიშანი 7,6“.

ყურძნის წვენისა და ღვინის ქიმიური ბუნების მაჩვენებლების მიხედვით კუნძა პერსპექტიულია აგრეთვე უალკოჰოლო ყურძნის წვენის დასამზადებლად; მისი შედარებით მაღალი შაქრიანობა და საკმაო მაღალი მჟავიანობა მეტად სასარგებლო და მიმზიდველია. ჯიში შეიძლება რეკომენდებული იქნეს აგრეთვე ხარისხოვანი საკონიაკე მასალის დასამზადებლად.

დასასრულს კუნძას ღვინის ქიმიური შეცულობის დასახასიათებლად ქვემოთ მოყვანილია საქარის საცდელ სადგურზე ვ. დემეტრაძის და ვ. კინწურაშვილის მიერ ჩატარებული ღვინის ქიმიური ანალიზების შედეგები (იხ. ცხრ. 6).

კუნძას ღვინის ქიმიური შედგენილობის მონაცემები
(ცხრილი 6.)

საერთო შეფასება და დარაიონება

კუნძა ადგილობრივი, იმერული ვაზის ჯიშია, გავრცელებულია ძირითადად ქვემო იმერეთის რაიონებში. საქართველოს სარაიონო სტანდარტულ ასორტიმენტში იგი არ შედის, იძლევა იმერული ტიპის სუფრის ორდინარულ და ალაგ-ალაგ ხარისხოვან ღვინოს.

ჯიშის დადებით თვისებებს მიეკუთვნება მისი შედარებით უხვი მოსავლიანობა, სოკოვან ავადმყოფობათა (ჭრაქი) და ნაწილობრივ ფილოქსერის მიმართ შედარებით კარგი გამძლეობა და იმერეთში შედარებით ნაადრევი სიმწიფე და კარგი ყინვაგამძლეობა; მისი ქვემო იმერეთის რაიონებში მომეტებულად გავრცელება ჩამოთვლილი დადებითი თვისებებით აიხსნება.

ჯიშის უარყოფით თვისებებს მიეკუთვნება მისი პროდუქციის არამაღალი ხარისხი და შედარებით მცირედ გამოყენება.

ქვემო იმერეთის ტენიან რაიონებისათვის ჯიში პერსპექტიულია მასობრივი მოხმარების სუფრის ღვინის, უალკოჰოლო ყურძნის წვენისა და საკონიაკე ღვინომასალების დასამზადებლად.

კუნძა შეიძლება რეკომენდებული იქნეს ფართო საწარმოო გამოცდისათვის საბჭოთა კავშირის სამხრეთ რაიონებისათვის. სუფრის ღვინისა და უალკოჰოლო ყურძნის წვენის დასამზადებლად.



ლიტერატურა

1. დემეტრაძე ვ. მასალები დასავლეთ საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის მრეწველობის დარაიონებისა და სპეციალიზაციისათვის. ქუთაისი, 1936.
2. მოდებაძე კ. მეღვინეობის წიგნი, თბილისი, 1948.
3. ტაბიძე დ. მეღვინეობის განვითარება საქართველოში. თბილისი, 1950.
4. ჩოლოყაშვილი ს. მევენახეობა, წიგნი II, ამპელოგრაფია, თბილისი, 1939.
5. ჯავახიშვილი ივ. საქართველოს ეკონომიური ისტორია. ტ. II, თბილისი, 1934.
6. Бахтадзе И. Экономический быт государсвенных крестьян Шорапанского уезда Кутаисской губернии, т. V, ч. II, Тифлис, 1887.
7. Вацадзе Э. Г. Виноделие в Имеретии. Сборник сведений по виноград. и винод. на Кавказе. вып. III.1896.
8. Гораев К.Н. Анализы вин Кутаисской губ. скраткими характеристиками районов и почв. Труды лабор. при Сакарском пит. амер. лоз., вып. 7, Тифлис, 1914.
9. Гораев К.Н. К вопросу о хозайств. ценности важнейших имеретинских и некоторых привозных сортов винограда в условиях Кутайсской губ. Труды лабор. при Сакарском пит. америк. лоз, Выпуст7, 1914.
10. Давитая Ф.Ф. Климатические зоны винограда в СССР, Москма. 1938.
11. Кварацхелия Ф.К. Западно-грузинские сорта винограда. Кутаиси, 1936.
12. Негруль А. М. Эволюция культурных форм винограда. Доклады АН СССР, том XVIII, №8, 1938.

წყარო

საქართველოს ამპელოგრაფია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები