გუდიაშვილი ლადო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ლადო გუდიაშვილი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლადო გუდიაშვილი

გუდიაშვილი ლადო დავითის ძე (დ. - 18.III.1896, თბილისი - გ. - 20.VII. 1980, თბილისი) - ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი, თბილისური მოდერნისტული მხატვრობის გამორჩეული წარმომადგენელი.

სარჩევი

ბიოგრაფია

დაიბადა თბილისში რკინიგზის მუშის ოჯახში. სწავლობდა „კავკასიის კაზმულ ხელოვნებათა წამახალისებელი საზოგადოების“ ფერწერისა და ქანდაკების სკოლაში (1910-1914). მისი პირველი ნახატები, ილუსტრაციები ლეო ქიაჩელის მოთხრობებისთვის, დაიბეჭდა ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ (1914). 1916 სხვა მხატვრებთან ერთად შეასრულა ნაბახტევის ფრესკების ასლები, ხოლო 1917 მონაწილეობა მიიღო ე. თაყაიშვილის მიერ საქართველოს ისტორიულ პროვინციებში მოწყობილ ექსპედიციებში. იყო ჟურნალ ARS-ის მხატვარი (1917).

ლ. გუდიაშვილის ინდივიდუალური, მხატვრული სტილი 1918-1919 წლებში ჩამოყალიბდა. სწორედ ამ დროს დახატა მან სურათები ძველი თბილისის თემაზე. ლადო გუდიაშვილი მონაწილეობდა თბილისის მხატვრულ ცხოვრებაში, იყო „ფუტურისტთა სინდიკატის“ წევრი, ფუტურისტთა და „ცისფერყანწელთა“ საღამოების დისკუსიების აქტიური მონაწილე. მან მოხატა „ფანტასტიკური დუქნისა“ და „ქიმერიონის“ კედლები. კ. ზდანევიჩთან, ს. ვალიშევსკისთან, ნ. გონჩაროვასთან, ა. ბაჟბეუქ-მელიქოვთან, ი. ტერენტიევთან ერთად დაასურათა კრებული „ფანტასტიკური დუქანი“, რომელიც ეძღვნება ს. მელნიკოვას. მონაწილეობდა „დიდების ტაძარში“ „ქართველ მხატვართა საზოგადოების“ მიერ მოწყობილ გამოფენაში. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პრესაში მისი არაერთი ფოტო თუ ჩანახატი დაიბეჭდა. აღსანიშნავია ჟურ. „თეატრი და ცხოვრებაში“ დაბეჭდილი ჩანახატი „აღდგომა - გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს“, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობას მიეძღვნა.

1919 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით დაენიშნა სტიპენდია და სასწავლებლად პარიზში გაიგზავნა. 1919-1926 წლებში ცხოვრობდა პარიზში და სწავლობდა რონსონის აკადემიაში, მონაწილეობდა გამოფენებში (Salon d`Automne, Les Independants და სხვ.). მისი ნაწარმოებები იფინებოდა ბელგიასა და ამერიკაში. 1920 წლდან თანამშრომლობდა ჟურ. „ეშმაკის მათრახში“, სადაც მისი არაერთი ჩანახატი და ჩანაწერი გამოქვეყნდა.

გუდიაშვილის სურათები შეიძინეს მადრიდისა და პარიზის მუზეუმებმა, ასევე, კერძო კოლექციონერებმა. 1923 წელს პარიზში, გალერეა „ლალიკორნში“, შედგა მისი პირველი პერსონალური გამოფენა, 1925 გალერეა „ბილიეში“ – მეორე პერსონალური გამოფენა. მისი კატალოგის წინასიტყვაობა დაწერა ცნობილმა ფრანგმა კრიტიკოსმა სალმონმა. ამავე წელს პარიზში გამოიცა რეინალის მონოგრაფია ლ. გუდიაშვილის შემოქმედების შესახებ. იგი დაახლოებული იყო პ. პიკასოსთან, ა. მოდილიანთან, ა. მატისთან, ა. დერენთან, ფ. ლეჟესთან, მ. უტრილოსთან, ლ. არაგონთან, ა. ბრეტონთან და სხვებთან. გუდიაშვილის ინდივიდუალურმა, ეგზოტიკურმა მხატვრობამ ევროპელთა ყურადღება მიიპყრო.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ გუდიაშვილი ასწავლიდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, აგრეთვე მუშაობდა თეატრალურ-დეკორაციული ხელოვნების დარგში. 1926 თბილისში გაიმართა ლ. გუდიაშვილის ნამუშევრების გამოფენა. 1927 წელს მან მოხატა სასტუმრო „ორიენტის“ ვესტიბიული. 1928 წლიდან ნაყოფიერად მუშაობდა წიგნის გრაფიკაში. 1935 წელს პარიზში გაიმართა ლ. გუდიაშვილის პერსონალური გამოფენა. 1946 წელს მან მოხატა თბილისის ქაშვეთის ეკლესიის საკურთხეველი. მიღებული აქვს მონაწილეობა ათეულობით გამოფენაში საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. იყო საქართველოს სახალხო მხატვარი (1950) და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1966), სსრკ-ის სახალხო მხატვარი (1970). მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს სახელმწიფო მუზეუმებში (სემ – ხელოვნების მუზეუმი, თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა); საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწ. მუზეუმი, კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მუზეუმი, შ. რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრის მუზეუმი, თბილისის სამხატვრო აკადემიის მუზეუმი და სხვ.), საქართველოსა და უცხოეთის კოლექციებში.

მაია ციციშვილი

ლიტერატურა

  • ვ. ბერიძე, ლადო გუდიაშვილი, კორვინა, ბუდაპეშტი, 1975;
  • ლ. გუდიაშვილი, მოგონებების წიგნი, საბჭოთა ხელოვნება, 1967, №8;
  • კ. ზდანევიჩი, ლადო გუდიაშვილი, „მნათობი“ 1961, №8;.
  • მ. რეინალი, ფრანგ. თარგმ. ბ. ბრეგვაძემ, „საუნჯე“, 1981, №4;
  • ა. სალმონი, ლადო გუდიაშვილი, ფრანგ. თარგმნა ე. ახვლედიანმა, „საუნჯე“;
  • 1981, №4; გ. ქიქოძე, ლ. გუდიაშვილის, დ. კაკაბაძისა და შ. ქიქოძის პარიზული პერიოდი, მხატვრის შედევრები, გამოფენები, “ცისკარი“, 1957, №2;
  • Т. Никольская, Фантастический город: Русская культурная жизнь в Тбилиси: 1917-1921, М. 2000;
  • ჟურ. ეშმაკის მათრახი, 1920, №47, №57, №58;
  • ჟურ. „თეატრი და ცხოვრება“, 1919, №4, №18.


იხილე აგრეთვე

ლადო გუდიაშვილი

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები