ლამარკი ჟან ბატისტ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჟან ბატისტ ლამარკი

ჟან ბატისტ ლამარკი - (ფრანგ. Jean-Baptiste de Lamarck; 1. 08. 1744, ბაზანტენი, პიკარდია — 18 12. 1829, პარიზი) ფრანგი ბუნებისმეტყველი.

ჟან ბატისტ ლამარკი დაიბადა ბაზანტენში (პიკარდიის პროვინცია), ღარიბი აზნაურის ოჯახში. მშობლებს უნდოდათ ის მღვდელი გამოსულიყო და კათოლიკურ სასწავლებელში მიაბარეს. 16 წლის ლამარკი ტოვებს სკოლას და მოხალისედ მოქმედ არმიაში მიდის (მიმდინარეობდა 7-წლიანი ომი). იქ მან დიდი სიმამაცე გამოიჩინა და ოფიცრის წოდება მიიღო. 1768 წლამდე ლამარკი სამხედრო სამსახურში იმყოფებოდა. მაგრამ ავადმყოფობის გამო ის იძულებული შეიქნა სამხედრო სამსახურისთვის თავი დაენებებინა. ლამარკი სწავლას აგრძელებს პარიზის უმაღლეს სამედიცინო სკოლაში. შემდეგ მუშაობას იწყებს სამეფო ბოტანიკურ ბაღში (1772-1776), რომელიც შემდგომში (1793) პარიზის საბუნებისმეტყველო მუზეუმად გადაკეთდა.

შრომისმოყვარე და ნიჭიერმა ახალგაზრდა მეცნიერმა 1778 წელს დაწერა დიდი შრომა სამ ტომად - „საფრანგეთის ფლორა“. ამ წიგნმა ლამარკს დიდი სახელი მოუხვეჭა და პარიზის აკადემიის წევრად აირჩიეს. 1778 წლიდან იგი სათავეში უდგას ბოტანიკის კათედრას, 1793 წლიდან კი ზოოლოგიის კათედრას სთავაზობენ. 1801 წელს ის აქვეყნებს შრომას „უხერხემლო ცხოველთა სისტემა“, რომელშიც პირველადაა გამოთქმული ევოლუციური იდეები.

1809 წელს ლამარკმა დაბეჭდა ფუნდამენტური შრომა „ზოოლოგიის ფილოსოფია“, რომელშიც ჩამოყალიბებულია მისი ევოლუციური კონცეფცია. ლამარკმა შემოიღო ცხოველთა დაყოფა უხერხემლოებად დახერხემლიანებად, რომელიც ამჟამადაც მყარადაა დამკვიდრებული ბიოლოგიაში. აღსანიშნავია, რომ ტერმინი „ბიოლოგია“, თანამედროვე გაგებით, პირველად ერთდროულად, მაგრამ ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად ლამარკმა და გერმანელმა ბუნებისმეტყველმა გ. ტრევირანუსმა (1802) იხმარეს. ლამარკს ეკუთვნის გეოლოგიური, ჰიდროლოგიური და მეტეოროლოგიური გამოკვლევებიც, რომლებშიც ის ეყრდნობა განვითარების იდეასა და ისტორიზმის პრინციპს. სიცოცხლის უკანასკნელწლებში ლამარკი დაბრმავდა და უკიდურეს სიღარიბეში ჩავარდა. ყველასაგან მივიწყებული 1829 წლის 18 დეკემბერს გარდაიცვალა.

ზოოლოგიის ფილოსოფია

პირველი სრული და თანმიმდევრული ევოლუციური თეორიის ფუძემდებელია ჟან ბატისტ ლამარკი, რომლის ძირითადი დებულებები დასრულებული სახით გადმოცემულია შრომაში „ზოოლოგიის ფილოსოფია“ (1809). ლამარკის ევოლუციური კონცეფცია მოიცავს ორგანული სამყაროს განვითარების მთელ პერიოდს სიცოცხლის წარმოშობიდან, ადამიანის წარმოშობის ჩათვლით. ლამარკის კონცეფციით ორგანიზმები ცვალებადია, სახეობა (ასევე სხვა სისტემატიკური კატეგორიები) პირობითია და თანდათანობით სხვა სახეობებად გარდაიქმნებიან. ლამარკის აზრით, უმარტივესი ორგანიზმები თვითჩასახვით არაცოცხალი მატერიიდან წარმოიქმნებიან. მისი თეორიის მიხედვით ორგანიზმები იცვლებიან და ვითარდებიან უმარტივესიდან ურთულესისაკენ, ნაკლებ სრულყოფილიდან უფრო სრულყოფილისაკენ ორგანიზაციის დონის ამაღლების - „გრადაციის“ გზით. ევოლუციის მამოძრავებელ ძალად ლამარკს მიაჩნდა თვით ორგანიზმებში არსებული სწრაფვა სრულყოფისაკენ“, განვითარების პროცესში მათი გარდაქმნის მიზეზად გარემოს პირობების უშუალო ზემოქმედებით გამოწვეულ ცვლილებებს თვლიდა. გარემო პირობები თავისი ზემოქმედებით ცვლის და არღვევს გრადაციის ბუნებრივ მსვლელობას. მცენარეებსა და დიფერენცირებულ ნერვულ სისტემას მოკლებულ ცხოველებზე გარემო უშუალოდ მოქმედებს და შეგუებით ცვლილებებს იწვევს. ნერვული სისტემის მქონე ცხოველებზე გარემოს ცვლილება ქცევებისა და ჩვევების შეცვლას იწვევს. ვარჯიშის შედეგად შესაბამისი ორგანო იცვლება საჭირო მიმართულებით (მაგ., ჟირაფის, გედის, ბატის გრძელი კისერი, წყლის ფრინველთა თითებს შორის საცურავი აპკი და სხვ.). უვარჯიშობით კი ორგანო სუსტდება, კნინდება და ქრება (მაგ., თხუნელას თვალი, სირაქლემას ფრთები, გველის კიდურების უქონლობა და სხვ.), (ე.წ. პირველი კანონი). ეს ცვლილებები მემკვიდრეობით გადაეცემა (ე.წ. მეორე კანონი). მოგვიანებით, გენეტიკური გამოკვლევებით დადგინდა, რომ გარემოს ზემოქმედებით გამოწვეული ორგანოთა ცვლილება მოდიფიკაციაა და შეძენილი ნიშან-თვისებები არ მემკვიდრეობს. ლამარკის კონცეფციით, ადამიანი რომელიღაც უმაღლესი მაიმუნიდან წარმოიშვა. იგი ანთროპოგენეზის ერთ-ერთ უმთავრეს ფაქტორად ზეამართულ სიარულზე გადასვლას და მეტყველებას მიიჩნევდა.

ამრიგად, ლამარკის თეორია სწორად ასახავს ევოლუციის პროცესის რეალურად არსებობას, მაგრამ ვერ იძლევა მისი მიზეზების მართებულ ახსნას. ვინაიდან ლამარკის ევოლუციური კონცეფცია სუსტად იყო არგუმენტირებული, თანამედროვეთა შორის აღიარება ვერ პოვა და იგი დავიწყებას მიეცა.


წყარო

შათირიშვილი, ა. მიკროევოლუციის საფუძვლები : [სახელმძღვ. ბიოლ. სპეც. სტუდ. / რედ.: ი. ელიავა, თ. ლეჟავა] ; თსუ. - თბ. : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 2005. - 311გვ. : სურ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 298-300

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები