ლაღიძე მიტროფანე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მიტროფანე ლაღიძე

მიტროფანე ლაღიძე - (22 ივნისი, 1869 — 2 იანვარი, 1960), საზოგადო მოღვაწე და ქველმოქმედი, საქართველოში უალკოჰოლო სასმელების წარმოების ფუძემდებელი.

ბიოგრაფია

მიტროფანე ერმალოს ძე ლაღიძე დაიბადა 1869 წელს, ქუთაისის სოფელ ჭოლევში, ღარიბი აზნაურის ოჯახში. მამამისი საკმაოდ განათლებული პიროვნება იყო. მან კარგად იცოდა რუსული ენა და მასთან, როგორც გონებამახვილ და გამჭრიახი გონების კაცთან, ქუთაისის ახლომახლო სოფლებიდან რჩევა-დარიგებისთვის მოდიოდნენ. დედა - გულჩინა უგრეხელიძე უაღრესად დინჯი, ენაწყლიანი და შესანიშნავი მოსაუბრე ყოფილა.

მიტროფანე 14 წლისა იყო, როცა ქუთაისში ჩამოიყვანეს და მუშაობა დაიწყო კოკოჩაშვილისა და ივანოვსკის აფთიაქში. ცეზარ ივანოვსკი წარმოშობით პოლონელი იყო, რომელიც პოლიტიკურ ნიადაგზე საქართველოში გადმოესახლებინათ. ფარმაციის მაგისტრი ჩინებულად ყოფილა დაუფლებული თავის პროფესიას, მას სიყვარული და პატივისცემა თავისი პროფესიისადმი მოწაფეებისთვისაც ჩაუნერგავს.

ივანოვსკის ქუთაისში აფთიაქის გარდა ჰქონია ლიმონათის წარმოება, სადაც მიტროფანეც მუშაობდა. წარმოების პატრონი მიტროფანეს დიდი ყურადღებითა და სიყვარულით ეპყრობოდა, როგორც შრომისმოყვარესა და პატიოსან ჭაბუკს. იქ მიტროფანემ შესანიშნავად შეისწავლა ხილეული წყლების – უალკოჰოლო სასმელების წარმოების მეთოდი და ივანოვსკის გარდაცვალების შემდეგ წარმოებას თვითონ ჩაუდგა სათავეში. შრომისმოყვარე და ინიციატივიანმა მიტროფანემ 1900 წელს ქუთაისის ლიმონათის წარმოების ბაზაზე შექმნა ხილეული სასმელების წარმოების ამხანაგობა – მთელ დასავლეთ საქართველოში დიდად რომ გაითქვა სახელი.

აი, რას წერს პავლე ჩაგელიშვილი ლაღიძის მიერ დამზადებული ხილეული წყლების უალკოჰოლო სასმელების შესახებ: – მიტროფანე ლაღიძის მიერ დამზადებული სასმელები თავიდანვე უაღრესად დიდი პოპულარობით სარგებლობდა. მან პირველმა შემოიღო სასმელების ეგრეთწოდებული გაკეთილშობილების” მეთოდი, რაც იმაში გამოიხატება, რომ ხილის წვენებთან ერთად სასმელს სათანადო ესენციაც ემატება. ეს უკანასკნელი დიდად აუმჯობესებს სასმელების არომატს.

მიტროფანე ლაღიძემ პირველმა გადაჭრა ჩვენში უალკოჰოლო სასმელების დასამზადებელი ნატურალური წვენების გამოყენების საკითხი. იგი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა ნედლეულის ხარისხს და სასმელების წარმოების ტექნოლოგიის მკაცრად დაცვას. სასმელების ქარხნების ყველა იმდროინდელ მესაკუთრეთაგან განსხვავებით მიტროფანე ლაღიძე უფრო მეტად დაინტერესებული იყო ქართული სასმელების სახელით, ვიდრე ამხანაგობის მოგებით. სწორედ ამის გამო გაითქვა სახელი მისმა სასმელებმა, როგორც საქართველოში, ისე მის გარეთაც. ქართული უალკოჰოლო სასმელების მაღალი ღირსება რა თქმა უნდა, მხედველობიდან არ გამოპარვია მაშინდელი საქართველოს, რუსეთისა და საზღვარგარეთის საზოგადოებას. 1913 წელს პეტერბურგსა და ვენაში სასმელთა საერთაშორისო გამოფენაზე ქართულმა უალკოჰოლო სასმელებმა ერთ-ერთი პირველი ადგილი დაიკავეს და ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ.

მიტროფანე ლაღიძე

1906 წელს ლაღიძემ თბილისში დააარსა ლიმონათის ქარხანა. 1910 წლისთვის თბილისში არსებობდა ხილის წყლების 3 ქარხანა – ლაღიძისა, ზემელისა და მამულოვისა. მათ შორის ყველაზე უკეთესი ხარისხის ლომონათს უშვებდა ლაღიძის ქარხანა, რომლის პროდუქცია საქართველოს საზღვრებს გარეთაც იგზავნებოდა, მაგალითად, თბილისში მყოფი ირანელი ვაჭრები, როგორც განსაკუთრებულ საჩუქარს, ირანის დიდებულებსა და წარჩინებულ პირებს „ფეშქაშად“ უგზავნიდნენ ლაღიძის მიერ დამზადებულ წყლებს.

დიდია ლაღიძის დამსახურება უალკოჰოლო სასმელების მაღალ მეცნიერულ-ტექნიკურ დონეზე დამზადება-გამოშვების საქმეში.

1902 წელს მიტროფანე გაემგზავრა საზღვარგარეთ – გერმანიასა და საფრანგეთში. პარიზში გაეცნო და შეისწავლა ხილეული წყლების წარმოების მეთოდი და ტექნოლოგია, რომელიც შემდეგ დიდი ცოდნითა და ეფექტიანობით გამოიყენა თავის წარმოებაში. მიტროფანე ლაღიძე, როგორც უკვე ვთქვით, მოძრავი და ინიციატივიანი კაცი იყო.

და, აი, ქუთაისის ბანკის მმართველის, ცნობილი საზოგადო მოღვაწის კირილე ლორთქიფანიძის დახმარებითა და ხელშეწყობით საფრანგეთიდან სათანადო კომპანიისგან მიიღო საკმაო კრედიტი ელექტროსადგურისთვის საჭირო დანადგარების შეასძენად. ეს ფრიად დიდმნიშვნელოვანი წამოწყება პირველად ქუთაისში 1904 წელს განხორციელდა და აშენდა ელექტროსადგური, რომელმაც პირველად ქუთაისს მისცა ელექტროგანათება. ამ ისტორიული ფაქტით ხალხი დიდად კმაყოფილი და აღფრთოვანებული დარჩა.

შემდეგ მიტროფანემ საფრანგეთიდან მიიღო მაცივარ-დანადგარები ხელოვნური ყინულის მისაღებად, რომელიც დაამონტაჟა ელექტროსადგურის მახლობლად კვების საჭიროებისთვის. ეს იყო დიდი სიმძლავრის ქარხანა, რომლის მიერ გამოშვებული პროდუქციით, ქუთაისის გარდა ამარაგებდა აგრეთვე, ფოთის ნავსადგურის სამაცივრო მეურნეობასაც.

პირველად ლაღიძემ ძალიან ფართოდ გამოიყენა ხილეული წყლების უალკოჰოლო სასმელის დასაყენებლად საქართველოში არსებული ადგილობრივი ხილ-კენკრის ნედლეული. ამასთან, ის ზედმიწევნით ფრთხილად ეკიდებოდა ხილის ნედლეულის შერჩევას მიკრორაიონების მიხედვით. ასე, მაგალითად: ჟოლოს სიროფს ამზადებდა მხოლოდ ბორჯომის ხეობაში, უმთავრესად კი ბაკურიანში გავრცელებული ხილ-კენკრით, რომელიც ძალიან სურნელოვანი და გემრიელი იყო, თუმცა ჩრდილოეთ კავკასიიდან შემოტანილი ნედლეული უფრო იაფი ჯდებოდა.

მიტროფანე ლაღიძის უალკოჰოლო სასმელების სარეკლამო აბრა.

ამბობენ, მიტროფანე ლაღიძეს წყლის დაყენების რაღაც საიდუმლოება ჰქონდაო, მაგრამ მას, როგორც ცნობილია, წყლის დაყენების არავითარი საიდუმლოება არ გააჩნდა, გარდა ბუნებრივი დეგუსტაციური ნიჭისა და კეთილსინდისიერი დამოკიდებულებისა საქმისადმი.

თავის დროზე ბატონი აკაკი შანიძე იხსენებდა:

– მიტროფანეს შევეკითხე, თუ როგორ აყენებდა სასმელ წყალს, მან მიპასუხა
– ბატონო აკაკი, მე არაფერს ვუმატებ იმ სურნელოვან ხილს, რაც ჩვენს მრავალფეროვან ბუნებას ასე უხვად მოუციაო.
– მამა განსაკუთრებული დეგუსტატორული თვისებით იყო შემკული, – იხსენებს მიტროფანეს შვილი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, პროფესორი რამაზ ლაღიძე, – სულ მცირედი ნიუანსების მიხედვით ინგრედიენტს ისეთნაირად შეარჩევდა, რომ პროდუქტი განსაკუთრებულ მომხიბლავ და გემურ, სურნელოვან თვისებებს იძენდა და ამრიგად ქმნიდა ისეთ კომპოზიციებს, რომლებსაც არაერთხელ დაუმსახურებიათ უმაღლესი შეფასება და პირველი პრემიები – ოქროსა და ვერცხლის მედლები, მათ შორის საზღვარგარეთაც, ვენაში, აგრეთვე პეტერბურგის გამოფენაზე 1913 წელს.

ლაღიძემ უალკოჰოლო სასმელების დამზადების საკითხი საქართველოში მეცნიერულ სიმაღლეზე აიყვანა და ამით ავტორიტეტი შეუქმნა მის ფართოდ გამოყენება-მოხმარებას, არა მარტო საქართველოში, არამედ, მთელ ყოფილ საბჭოთა კავშირში. ერთ-ერთ წერილში ლაღიძე წერს:

1900 წლიდან საქართველოში მე შემოვიღე საუკეთესო ნატურალური წყლების, წვენებისა და სიროფების დამზადების ახალი მეთოდები, წესები და რეცეპტურები, რომლის წესით დამზადებული წყლები ხარისხის მხრივ მოწონებული და ღირსეულად შეფასებულ იქნა ფართო საზოგადოების მიერ. ამ რეცეპტურით დამზადებული წყლები, როგორც გემოთი, ისე სურნელოვნებით საამურია და ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა იმიტომ, რომ ჩემი მეთოდით დამზადებულ სასმელებში არ იხმარება არავითარი სინთეტიური ესენციები და ქიმიკატები. აღნიშნული სასმელი არაერთხელ გავგზავნე სხვადასხვა გამოფენაზე როგორც რუსეთში, აგრეთვე, საზღვარგარეთაც და ყველგან ჩემი რეცეპტით დამზადებული სასმელები მოწონებულ იქნა. მაგალითად, 1913 წელს პეტერბურგის ჰიგიენურ გამოფენაზე მაღალი და განსხვავებული ხარისხის ხილეული სასმელების დამზადებისთვის დიდი ოქროს მედალი მივიღე. აგრეთვე, სხვადასხვა გამოფენაზე მივიღე პატარა ოქროსა და ვერცხლის მედლები ხილეულის წყლების საუკეთესო ღირსებისა და ხარისხისათვის“.

სარეკლამო აბრა. ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული ეტიკეტების კოლექცია

როგორც დიდი მოღვაწე და სპეციალისტი, ლაღიძე მიიწვიეს მოსკოვში. იქ მას საუბარი ჰქონდა მაშინდელი მთავრობისა და პარტიის ხელმძღვანელობასთან. მას დაავალეს მოსკოვში და რუსეთის სხვა ქალაქებში გაეხსნა უალკოჰოლო ხილეული წყლების საფირმო მაღაზია. გარდა ამისა, 1934 წელს ის უკრაინის პარტიისა და მთავრობის ხელმძღვანელობამ მიიწვია კიევში, სადაც შეხვდა კოსიოვსა და პოსტიშევს, რომლებმაც სთხოვეს უკრაინის ქალაქებში გაეხსნა ხილეული წყლების საფირმო დარბაზები. მიტროფანე ლაღიძემ კიევში წაიკითხა რამდენიმე მოხსენება, ლიმონათის ქარხნების მუშებს გააცნო თავისი რეცეპტურით დამზადებული სურნელოვანი წყლების დამზადების წესები.

– ეს ჩემი გაუმჯობესებული რეცეპტურა, – წერს ლაღიძე, – აგრეთვე, გადავეცი მოსკოვის, ლენინგრადისა და კიევის უალკოჰოლო წყლების ქარხნებს, სადაც 1934 წელს მიმიწვიეს საკონსულტაციოდ. ჩემი მეთოდით დამზადებული უალკოჰოლო სასმელი წყლები, მოსკოვის მიერ დამტკიცებულ რეცეპტურასთან შედარებით, გაცილებით უკეთესი ხარისხის სასმელ წყლებს იძლევა. ამის დასამზადებლად, აგრეთვე, ბევრად ნაკლები ძვირფასი დეფიციტური მასალა იხარჯება, ვიდრე მოსკოვის მიერ დამტკიცებული რეცეპტურით. ამასთან, ეკონომიას აძლევს სახელმწიფოს.

ლაღიძის სურნელოვანი წყლებით, მისი დაყენების მაღალი ტექნოლოგიით მრავალი ქვეყანა დაინტერესდა და არაერთხელ მიუღია მიწვევა ირანიდან, ეგვიპტიდან და სხვა ქვეყნებიდან, რათა ამქვეყნებში გაეხსნა თავისი წარმოება. ამისთვის უცხოელი საქმოსნები მეტად ხელსაყრელ პირობებს ჰპირდებოდნენ მიტროფანეს – კაპიტალურ დაბანდებას თვითონ კისრულობდნენ და შემოსავლის ნახევარს მას აძლევდნენ. მაგრამ არც ერთი ქვეყნის საქმოსანთა წინადადება არ მიუღია. კომუნისტები არ აძლევდნენ ამის ნებას.

1952 წელს გაზეთ „კომუნისტის“ მოსკოველი კორესპონდენტი წერდა: საქართველოს ლუდ-ლიმონათის ტრესტი გამოსაშვებად ამზადებს ახალ სასმელს - „ლიმონათს“ მ. ლაღიძის რეცეპტის მიხედვით. ეს ახალი მასობრივი სასმელი დაიკავებს საბჭოთა კავშირის უალკოჰოლო სასმელების სამრეწველო პროდუქციათა 40 პროცენტს. გარდა ამისა, გასინჯულია ამჟამად არსებული რეცეპტურა სხვა სასმელებისაც, როგორიც არის „მსხალი”, „კრემსოდა”, „სიტრო”, „შვინდი”, „მანდარინი” და სხვ. ძირითადად მიღებულია მ. ლაღიძის რეცეპტურა. ლაღიძე დანიშნულია სსრ კავშირის კვების მერწველობის სამინისტროს „გლავფრუქტოვოდ”-ის მთავარ კონსულტანტად. მას დავალებული აქვს თვალყური ადევნოს მთელ ქვეყანაში უალკოჰოლო სასმელების ხარისხის გაუმჯობესებას”.

ეს იყო უდიდესი ნდობა, პატივისცემა და აღიარება, რომელიც ლაღიძის კეთილშობილურმა შრომამ, პროფესიულმა ოსტატობამ და გამოცდილებამ დაიმსახურა.

ლაღიძის მთელი ხანგრძლივი მოღვაწეობა შორს სცილდება წმინდა კომერციულ საქმიანობას. ის იყო ქველმოქმედი მრეწველი, ამ სიტყვის ფართო მნიშვნელობითა და გაგებით. ვფიქრობთ, მთელი მისი წარმოება უფრო მეცნიერულ-ექსპერიმენტულ ლაბორატორიას წარმოადგენდა, სადაც მიმდინარეობდა შეუნელებელი ძიება ხილეული სურნელოვანი წყლების გაუმჯობესებისა.

სარეკლამო აბრა. ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული ეტიკეტების კოლექცია

ლაღიძეს მუდამ გვერდში ედგა შრომისმოყვარე, გამჭრიახი და ნაზი ბუნების მქონე მეუღლე, ოლიმპიადა ანდრიას ასული ვახანია. ის დაიბადა 1883 წელს ზუგდიდში, დეკანოზ ანდრია ვახანიას ოჯახში. ანდრია ითვლებოდა პლატონ იოსელიანის ნიჭიერ მოწაფედ. ოლიმპიადა სწავლობდა ქუთაისის წმინდა ნინოს სასწავლებელში, რომელიც წარჩინებით დაამთავრა. შემდეგ თავისი ცხოვრება დაუკავშირა მიტროფანე ლაღიძეს. მიუხედავად იმისა, რომ იგი მრავალი შვილის დედა იყო, მაინც დიდ დახმარებას უწევდა მეუღლეს მის მიერ წამოწყებული საქმის გაძღოლაში. ოლიმპიადა კარგად ერკვეოდა ხილეული წყლების დამზადების ტექნოლოგიაში, ჰქონდა ჩინებული გემოვნება, ხელმძღვანელობდა მიტროფანეს დაწყებულ მრავალ სამეურნეო საქმეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იგი საზღვარგარეთ იმყოფებოდა.

ლაღიძე მუდამ ახლის ძიებაში იყო, რითაც ამდიდრებდა ჩვენი ერის მრეწველობის ისტორიას და საფუძველს უყრიდა ახალ-ახალ წამოწყებებს. ასე, მაგალითად: სამთო და ქიმიური მრეწველობის მნიშვნელოვან ობიექტს – ბარიტის მოპოვებას, რომელსაც საფუძველი პირველად მიტროფანემ ჩაუყარა. მას ბარიტი ჩამოჰქონდა ქუთაისიდან – ახლომდებარე სოფელ ჯონეთის საბადოდან, წინასწარი დამუშავებისა და გამდიდრების შემდეგ მას პეტერბურგსა და რუსეთის სხვა ქალაქებში გზავნიდა.

დიდი დამსახურებაა ისიც, რომ ჩვენს დროში უალკოჰოლო სასმელების ქარხანასთან თბილისში მისი ინიციატივით აშენდა ნახშირმჟავა გაზის ქარხანა ახალი პროგრესული ტექნოლოგიით. ფაქტობრივად ეს ქარხანა ერთადერთი ობიექტი იყო, რომლის ტიპური დანადგარებისა და მოწყობილობის შესასწავლად პრაქტიკას გადიოდნენ პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებიც. ლაღიძეს არ ჰქონდა ისეთი სიმდიდრე, როგორც დავით სარაჯიშვილს, მაგრამ რაც გააჩნდა, კეთილშობილურად და დაუზარებლად ახმარდა ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს ხალხს.

1930 წელს ლაღიძე აფხაზეთში ცნობილმა რევოლუციონერმა ნესტორ ლაკობამ მიიწვია სამუშაოდ. იგი გაემგზავრა სოხუმში, სადაც მისი ხელმძღვანელობით აშენდა ხილეული წყლების ქარხანა. აქ მუშაობდა მისი ცოლისძმა ნ. ვახანია და მიტროფანეს შვილი, ცნობილი პროფესორი რამაზ ლაღიძე. ლაღიძის წყლებმა ფართო პოპულარობა მოიპოვა არა მარტო სოხუმელ, არამედ უცხოელ ტურისტთა შორისაც.

1921 წელს ლაღიძის წყლების ქარხანას რუსთაველის პროსპექტზე, იქ სადაც ამჟამად კავშირგაბმულობის სამინისტროა, ცეცხლი მოედო. ქარხანა ქვედა სართულზე იყო განლაგებული, ზემო სართული კი რომელიღაც დაწესებულებას ეკავა, და, ამ შენობის ზედა ნაწილს, რაღაც ბოროტმოქმედების კვალის დასაფარავად ვიღაცამ ცეცხლი წაუკიდა. ცეცხლში გაეხვია ლაღიძის ქარხანაც. სასწრაფოდ სახანძრო რაზმი გამოიძახეს. ამ დროს დარეკეს ოპერა იწვისო და ეს სახანძრო რაზმი იქ გაგზავნეს, ვითომდა ცეცხლის ჩასაქრობად. ოპერას კი ცეცხლი არ გასჩენია. ეს იყო ბოროტმოქმედთა ხრიკები.

ლაღიძის წყლების ქარხანაში ცეცხლის გაჩენის ამბავი მთელ თბილისს მოედო. აქვე გაჩნდნენ თბილისის მთელი ინტელიგენცია, მიტროფანეს მეგობარ-ნაცნობები, მათ შორის ვალერიან გუნია, ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი, ვალერიან გაფრინდაშვილი და სხვები.

მეხანძრეთა გარეშე დარჩენილ ცეცხლს შეუტიეს - უნდოდათ გადაერჩინათ ლაღიძის ქარხანა, ეს ოთხეული რამდენიმე საათს ცეცხლს უშიშრად ებრძოდა, განასკუთრებით კი პაოლო. იგი შენობის ხან ერთ კუთხეში ეკვეთებოდა ცეცხლს და ხან მეორეში. ამ დროს მან შენიშნა, რომ ფილოსოფიური დაფიქრებული ნელი ნაბიჯით, აუღელვებლად მოდიოდა მიტროფანე.

- შენ, ჰეი, ბატონო მიტროფანე, როგორ დინჯად მოდიხარ, ხომ ხედავ ქარხანა იწვის, - ხმამაღლა უთხრა თურმე კვამლით მთლად გაშავებულმა პაოლომ.მ იტროფანე კი მაინც დინჯად და აუჩქარებლად მოდიოდა.

ამ ამბავს პოეტი სიცილით იგონებდა ხოლმე ხშირად და ამბობდა: - რა კაცია ეს მიტროფანე, როგორი დინჯი და აუღელვებელი! ჩვენ ყველანი გამურული ვიყავით კვამლით, ის კი აუფორიაქებელი იყო. თუმცაღა, – იგონებს პოეტი, – მის მშვიდ და წყნარ სახეს სევდა და დარდი გადაკრავდა მომხდარი შემთხვევის გამო.

წყარო

გამოჩენილ ბიზნესმენთა სამეწარმეო ცხოვრებიდან

იხილე აგრეთვე

მიტროფანე ლაღიძე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები