ლაშარის ბერმუხა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლაშარის ბერმუხაფშავში, ხმელგორზე, სადაც ახლა ლაშარის ჯვრის სალოცავია, ერთი მუხა მდგარა, რომლის წვერი ცას სწვდებოდა თურმე. ამ მუხის ჩრდილი ხოშარამდე უწევდა. მუხის წვერზე ოქროს შიბი ეკიდა და ზედ ანგელოზები ჩამოდიოდნენ ციდან და მუხის ტოტებზე სხდებოდნენ.

ზურაბ ერისთავმა მოინდომა ფშავ-ხევსურეთის დამორჩილება, მაგრამ ვერაფერს გახდა. ზურაბმა ფშავ-ხევსურეთის ბევრი ხატი გატეხა, აურაცხელი სიმდიდრე გაიტანა, ლაშარის ჯვარს კი ვერაფერი მოუხერხა. მიადგნენ მისი ყმები ლაშარის მუხას, დაუწყეს ჭრა, მაგრამ რამდენი ნაფოტიც გადმოვარდებოდა, იმდენივე უკან აფრინდებოდა, მიეკვრებოდა და ხე ისევ იკურნებოდა. ზოგის გადმოცემით კი, ზურაბის ჯარისკაცებს ხის ჭრაში უღამდებოდათ, ბნელში ვერაფერს არჩევდნენ და მუშაობას წყვეტდნენ, მეორე დღეს კი ხე ისევ გამრთელებული იყო.

ზურაბი საგონებელში ჩავარდნილა. უნდოდა, როგორმე შეეტყო მუხის მოჭრის საიდუმლო და ოქროს შიბი ხელში ჩაეგდო. ბოლოს, ზურაბს დაუბარებია ფშავის თორმეტი თემიდან კაცები და მოუთხოვია მათთვის, გაეცათ ლაშარის მუხის მოჭრის საიდუმლო.

პირველად გოგოლაური დაუბარებია, უთქვამს: ან ამ მუხის მოჭრის საიდუმლო უნდა გაგვიმჟღავნო, ან კლდიდან უნდა გადახტეო. მაღალი კლდე ყოფილა, ფრიალო. იქიდან გადამხტარ კაცს დაბლა სულიც არ დაჰყვებოდა. გოგოლაურს კლდიდან გადახტომა აურჩევია და გადამხტარა კიდეც. ჩავარდნილა არაგვში, გაუცურავს მდინარე და გაღმა ტყისთვის შეუფარებია თავი.

ზურაბს ახლა წოწკურაული (მუქუს თემიდან) დაუბარებია, უთქვამს: ან მუხის მოჭრის საიდუმლო უნდა გასცე, ან გველის ხორცი უნდა ჭამოო. წოწკურაულს უთქვამს: საიდუმლოს არ გავთქვამ და ისევ გველს გამოვწოწკავო. აქედან შეერქვა წოწკურა და ასე წარმოიშვა გვარი წოწკურაული. მანამდე ის სხვა გვარისა ყოფილა. მუქუელი სასწაულად გადარჩენილა სიკვდილს. მას შემდეგ წოწკურაულებს „მუცელგველიანებს“ ეძახიან.

მესამედ ზურაბს ცაბაურთ თემის უფროსი დაუბარებია და ძაღლის ხორცის ჭამა დაუვალებია, თუ მუხის მოჭრის ხერხს არ ასწავლიდა. არც ცაბაურს არ გაუთქვამს საიდუმლო და აჭამა ზურაბ ერისთავმა მოხარშული ძაღლის ხორცი. ამიტომ არის ძველი ნატირალი ცაბაურზე:

„იქით მიმიდეგ, ცაბაურო,
ძაღლის მჭამელო გოგოჭურო“.

ერთი თემის კაცისთვის დაუვალებია: თუ გვასწავლი, გვასწავლე, თუ არა და – ძმას მოგიკლავთ, იმის ხორცს მოგიხარშავთო. ეს კაციც არ დათანხმებულა და უჭმევიათ მისთვის ძმის ხორცი.

ბოლოს ერთ-ერთ კაცს, გვარად ჯალაბაურს, უთქვამს: კატა დაკალით, იმისი სისხლი მიასხით ხეს და მაშინვე მოიჭრებაო. ხის მოჭრის საიდუმლო კი გაიგეს, მაგრამ უსურმაგის დაკვლას ვერავინ ბედავდა. მაშინ ზურაბს საჩუქრებით მოუსყიდია ერთი აფციაური, რომელსაც დაუკლავს შავი კატა და მისი სისხლი მიუსხია მუხისთვის. დაუწყიათ ჭრა. ხე კი მოუჭრიათ, მაგრამ წვერზე დაკიდებულ შიბს გველივით წივილი დაუწყია, ახვეულა და წივილითვე წასულა ცაში, გაუჩინარებულა. ვერ ჩაუგდია ხელში ზურაბ ერისთავს ოქროს შიბი.

ლაშარის ჯვარმა აფციაურები დაწყევლა და იმ დღიდან ფშავის არაგვზე აფციაურები ვერა გვარობდნენ. ფშაველ ვაჟს სასტიკად ეკრძალებოდა აფციაური ქალის მოყვანა ცოლად. ასევე ფშაველი ქალი ცოლად ვერ წაყვებოდა აფციაურ ვაჟს.

„არ მინდა ფშავის ხევზედა
აფციაურის გვარისა.
ეგ მუხა მაგათ მოგვიჭრეს,
მუხა ლაშარის ჯვარისა“.

აფციაურებს თურმე საყელოსა და საღილურებსაც უკუღმა უკერებდნენ ხალათზე – ასე დასჯილან ისინი ღვთისაგან.

ლაშარის მუხამ სადაც კი დაჰკრა წვერები წაქცევისას, ყველგან ნიშები დაარსდა. ერთი ნაფოტი თიანეთში – ივრის ხეობაში, ხატხევში გადავარდნილა და იქაც ლაშარის ჯვრის ნიშია. ლაშარის ჯვარში დღეობაზე ამ სიმღერას მღერიან:

„ბერი გიორგი მეც ვიყავ, ცას ვები ოქროს შიბითა,
ხმელგორზე მედგა ბერმუხა, ზედ ავდიოდი კიბითა,
ჩემს საყმოთ შემონაძღვენი ღმერთთან მიმქონდა იქითა...“


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები