ლებონი გუსტავ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გუსტავ ლებონი

ლებონი გუსტავ - Le Bon Gustave, Лебон Гюстав, 1841-1931

ფრანგი ფსიქოლოგი, სოციოლოგი, ანთროპოლოგი, ისტორიკოსი. სოციოლოგიაში ფსიქოლოგიური მიმართულების წარმომადგენელი და სოციალური ფსიქოლოგიის ერთერთი ფუძემდებელი, უდავო გავლენა მოახდინა სოციალური ფსიქოლოგიის განვითარებაზეც. აჩვენა ფსიქოლოგიის მნიშვნელოვნება ისტორიის გაგებისთვის. ცდილობდა, გაერკვია ისტორიის ფსიქოლოგიური კანონები და ფსიქოლოგიური ფაქტორების როლი ისტორიულ პროცესში. გამოიკვლია ეთნიკური კონფლიქტების ფსიქოლოგიური წანამძღვრები და ცივილიზაციიების განვითარების ციკლური ხასიათი. ამდენად, ისტორიული ფსიქოლოგიის ფუძემდებლიცაა.

ყველაზე ცნობილია მასის ფსიქოლოგიის ლებონისეული ანალიზი. ადამიანების დიდი ჯგუფი გარდაიქცევა ბრბოდ მაშინ, როდესაც მის წევრებს ეკარგებათ ან ძლიერ უსუსტდებათ ინდივიდუალობა/პიროვნულობა. ამ დროს ისინი ექცევიან არაცნობიერი იმპულსების („რასის სულის”) ტყვეობაში, უკრიტიკოდ იღებენ ბრბოს სტერეოტიპებსა და სიტუაციურ მოწოდებებს, მათი გონება ჩრდილში ექცევა და გაბატონებული ხდება აფექტები და ინსტინქტური ლტოლვები. ამ დროს ადამიანს შეუძლია, ჩაიდინოს სიმხეცის, ძალადობის, ვანდალიზმის ისეთი აქტები, რომლებიც ჩვეულებრივ პირობებში მისთვის წარმოუდგენელი იქნებოდა. ბრბოს ამ თვისებების მექანიზმებია:

  1. ანონიმურობა და ჯოგურობა, რაც წარმოშობს პირადი უპასუხისმგებლობის განცდას. ამჟამად ამ მოვლენას პასუხისმგებლობის გაბინდვა ეწოდება.
  2. გადადება. როგორც ინფექციური ავადმყოფობისას ხდება დაავადების გადადება, ასევე ვრცელდება ფსიქიკური მდგომარეობა ადამიანთა მასაში {კონფორმისტული აგრესია}.
  3. ჩაგონებადობა. ლებონი მას პრიორიტეტულად მიიჩნევს, რადგანაც ის წარმართავს ბრბოს ქცევას. მისი გავლენით უკრიტიკოდ იღებენ ყოველგვარ სტიმულსა და მოწოდებას. ლებონი არ უღრმავდება ჩაგონების ფსიქოლოგიურ ბუნებას და აღნიშნავს მხოლოდ, რომ ბრბოს წევრი ბრბოს მიერ “გენერირებული დენების” თუ სხვა რამ მიზეზების გამო „მალე ისეთ მდგომარეობაში ვარდება, რომელიც ძალიან წააგავს დაჰიპნოზებული ადამიანის მდგომარეობას. ასეთი სუბიექტი თავის ტვინის პარალიზების გამო ზურგის ტვინის არაცნობიერი მოქმედების მონად იქცევა” . იგი საკუთარი ნების არმქონე „ავტომატია” {დროებითი ზომბირება}.

მაშასადამე, ბრბოს ნაწილად ყოფნა ადამიანს ცივილიზაციის კიბეზე რამდენიმე საფეხურით ჩააქვეითებს. ცალკე იგი ცივილიზებული ადამიანია, მაგრამ ბრბოში ხდება ბარბაროსი, ინსტინქტური ინდივიდი. ბრბო თავისი ბუნებით უწესრიგო და ქაოსურია, ამიტომ საჭიროებს ბელადს, წინამძღოლს. იგი განსაზღვრავს, რაზე უნდა იფიქროს და როგორ იმოქმედოს ბრბომ (ისევე როგორც წინათ ხალხს სჭირდებოდა ბელადი თუ მეფე). თავის მხრივ, ლებონის დახასიათებით, ბრბოს ბელადი - ესაა ფსიქიკურად გაუწონასწორებული, შეშლილობის ზღვარზე მყოფი ადამიანი; იგი იდეის ან რწმენის ფანატიკოსია და მას საოცრად ადვილად გადადებს ბრბოს იმ აუხსნელი ძალის მეშვეობით, რომელსაც ლებონმა „მიმზიდველობა” უწოდა {ქარიზმა}.

ლებონი სოციალიზმის უმკაცრესი კრიტიკოსი იყო. მას მიაჩნდა, რომ თანასწორობის იდეოლოგია ეწინააღმდეგება ადამიანისა და ცივილიზაციის ბუნებას; ლებონი პოლიტიკური და სოციალური რევოლუციების წინააღმდეგ გამოდიოდა. მისი მთავარი თხზულებებია: „ადამიანი და საზოგადოება” (1881), „ხალხების და მასის ფსიქოლოგია” (1894), „აღზრდის ფსიქოლოგია” (1902), „სოციალიზმის ფსიქოლოგია” (1899), „პოლიტიკის ფსიქოლოგია და სოციალური დაცვა” (1910), „ისტორიის ფილოსოფიის სამეცნიერო საფუძველი” (1931).

ლებონის ნაშრომებმა გავლენა მოახდინა ზ. ფროიდის თეორიის ჩამოყალიბებაზე, ზ. ფროიდმა ცალკე წიგნი მიუძღვნა ბრბოს ფსიქოლოგიას: „მასების ფსიქოლოგია და ადამიანის მეობის ანალიზი”.

ფრიად საინტერესოა, რომ ადამიანის ქცევას ბრბოში ჰგავს ადამიანის ქცევა ავტორიტეტული ხელმძღვანელის ბრძანებებით (ს. მილგრემის გახმაურებული ექსპერიმენტი). ადამიანთა დიდი უმრავლესობისთვის ხალხის მასაც ავტორიტეტია. ორივე შემთხვევაში ხდება პასუხისმგებლობის „გადაბარება” სხვაზე, ანუ ზნეობის მუხრუჭების შესუსტება (ისევე როგორც, მაგ., სიზმარში). თანაც ადამიანს არ რცხვენია - პირიქით, შერცხვებოდა მაშინ, თუკი „ავტორიტეტის” საწინააღმდეგოდ მოიქცეოდა (ზნეობრივი შეგნების კონვენციური დონე). და რაკი ზნეობა აღარ ამუხრუჭებს, თავისუფლდება ადამიანის სხვა მოთხოვნილებები, მათ შორის: აფილიაცია (ჯგუფთან მიკუთვნებულობისა, ავტორიტეტის კეთილგანწყობისა და ავტორიტეტთან თანაზიარობისა), ჯგუფში თვითდამკვიდრებისა, ავტორიტეტის წინაშე თვითდამკვიდრებისა; ხშირად აგრეთვე - სხვა დროს შეკავებული აგრესიულობა. (ჩანამატის ავტორი ზურაბ ვახანია).

წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები