ლევინი კურტ ცადეკ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლევინი კურტ ცადეკ

ლევინი კურტ ცადეკ - Lewin Kurt Zadek, Левин Курт, 1890-1947

გერმანელ-ამერიკელი ფსიქოლოგი. სადოქტორო დისერტაცია დაიცვა ბერლინში 1914 წელს კ. შტუმფის ხელმძღვანელობით. 4 წელს იბრძოდა I მსოფლიო ომში; მძიმედ დაიჭრა, დაიმსახურა საბრძოლო ჯილდოები. ომის მერე დაუბრუნდა ბერლინის უნივერსიტეტს და ჩაერთო აქტიურ პედაგოგიურ და კვლევით საქმიანობაში. თანამშრომლობდა მ. ვერთჰაიმერთან, ვ. კელერთან და ფ. კოფკასთან. 1933 წელს იძულებული გახდა, გადასახლებულიყო აშშ-ში. აქ იგი ჯერ სტენფორდის, შემდეგ კორნელის უნივერსიტეტებში მოღვაწეობდა; 1945 წელს დააარსა და სათავეში ჩაუდგა ჯგუფური დინამიკის კვლევით ცენტრს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში.

ლევინი იყო გამოჩენილი მეთოდოლოგი, თეორეტიკოსი, ექსპერიმენტატორი და პრაქტიკოსი.მისი კვლევების ძირითადი სფეროა ქცევისა და მოტივაციის ფსიქოლოგია და სოციალური ფსიქოლოგია. ლევინმა მეთოდოლოგიურად გააანალიზა ფსიქოლოგიის კრიზისი და აჩვენა, რომ კრიზისის დაძლევის გზა ქცევის ზოგადი კანონების დადგენეშია. მისი ველის თეორია ზოგადფსიქოლოგიური სისტემაა, რომელიც მოწოდებულია, აღწეროს, ახსნას და იწინასწარმეტყველოს ყოველგვარი ქცევა „სასიცოცხლო სივრცეში” მოქმედი ფსიქოლოგიური ძალების საფუძველზე.

ეს თეორია და მისი ექსპერიმენტული ბაზა, თავის სამეცნიერო სკოლასთან ერთად, ლევინმა შექმნა გერმანიაში მოღვაწეობის პერიოდში. ამერიკაში ამ კონცეფციის მონაცემები სოციალური ფსიქოლოგიის დარგზე გადაიტანა. ლევინი სოციალური ფსიქოლოგიის ერთ-ერთ უდიდეს თეორეტიკოსადაა აღიარებული. ველის თეორიაში, ცალკეული ინდივიდისა და გარემოს ურთიერთქმედების აღსაწერად შემოღებული ცნებები (ველი, დაძაბულობა, ვალენტობა, ვექტორი და სხვა) მან გამოიყენა სოციალური ჯგუფის შიგნით და ჯგუფებს შორის მიმდინარე პროცესების დასახასიათებლად. ინდივიდის მსგავსად, ჯგუფი და მისი გარემოცვა ქმნის სოციალურ სივრცეს; მის სტრუქტურაში შედიან ცალკეული ინდივიდები, მიკროჯგუფები, სოციალური ნორმები, ღირებულებები, კომუნიკაციის არხები და ა.შ. ამდენად, ჯგუფური ქცევა ყოველ მომენტში განსაზღვრულია სოციალურ ველში მოქმედი რეალური ძალებით {ველზედამოკიდებულობა, ველისგან დამოუკიდებლობა}.

ამ მიმართულებით გაწეული ემპირიული და პრაქტიკული სამუშაო ეყრდნობა ე.წ. „ქმედითი კვლევის” მოდელს. თავისი არსით ესაა ფუნდამენტურ-გამოყენებითი კვლევის მეთოდი, რომელიც ორი ძირითადი ნიშნით ხასიათდება: სოციალური პრობლემის სისტემატური, უპირატესად ექსპერიმენტული შესწავლა და ძალისხმევა მისი პრაქტიკული გადაწყვეტის მიმართულებით. მაშასადამე, კვლევა ჩართულია სოციალური ამოცანების რეალური გადაწყვეტის საქმეში, მაგ., ისეთისა, როგორიცაა ჯგუფურ ურთიერთობათა შეცვლა. ამ მეთოდიკით, ლევინის ხელმძღვანელობით განხორციელდა მცირე ჯგუფების მოქმედების სხვადასხვა ასპექტების ნაყოფიერი კვლევა. შეისწავლებოდა ლიდერობა და მართვის სტილი, ჯგუფური ატმოსფერო და ჯგუფის შეჭიდულობა, ადაპტაცია და კომუნიკაცია ჯგუფში და ჯგუფებს შორის, სოციალური პერცეფცია, ჯგუფის პროდუქციულობა და სხვა. ლევინმა უშუალოდ პრაქტიკული სამუშაოს ორგანიზაციასაც მოჰკიდა ხელი. მაგ., შრომის ნაყოფიერების ასამაღლებლად იგი მიმართავდა ლიდერობის სტილის შეცვლას; ჯგუფის შიგნით და ჯგუფთა შორის წარმოქმნილი კონფლიქტების, მათ შორის რასობრივ ნიადაგზე აღმოცენებული დაძაბულობის შესუსტების მიზნით ატარებდა სპეციალურ ტრენინგებს; ისინი, მოგვიანებით, ძალზე პოპულარული „შეხვედრის ჯგუფების” (ჯგუფური თერაპიის) პროტოტიპად იქცნენ.

ლევინმა მნიშვნელოვნად განსაზღვრა თანამედროვე ფსიქოლოგიის სახე. იგი აღიარებულია მოტივაციის ექსპერიმენტული კვლევის პიონერად {კვაზიმოთხოვნილება }, ამერიკული სოციალური ფსიქოლოგიის ერთერთ ფუძემდებლად. ლევინის მიერ შემოტანილი მრავალი პრინციპი, ცნება თუ მეთოდიკა ფსიქოლოგიური მეცნიერების ორგანული ნაწილი გახდა.


წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები