ლევი-ბრიული ლიუსიენ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლიუსიენ ლევი-ბრიული

ლევი-ბრიული ლიუსიენ - Lévy-Bruhl Lucien, Леви-Брюль Люсьен, 1857-1939

ფრანგი ფილოსოფოსი, სოციოლოგი, ფსიქოლოგი, ეთნოგრაფი. სწავლობდა და ასწავლიდა სორბონის უნივერსიტეტში, სადაც ხელმძღვანელობდა ეთნოლოგიის ინსტიტუტს. ლევი-ბრიულმა სახელი გაითქვა, როგორც პირველყოფილი აზროვნების კონცეფციის ავტორმა. იგი ამტკიცებდა, რომ ფსიქიკა სოციალურად არის განსაზღვრული. სხვადასხვა სოციალურ-ისტორიულ სტრუქტურებს აზროვნების გარკვეული ტიპი შეესაბამება. ლევი-ბრიულმა შეისწავლა მდიდარი ეთნოგრაფიული მასალა, რომელიც ეხებოდა აფრიკის, ავსტრალიის, ოკეანიის ჩამორჩენილი ტომების ცხოვრებას. ამის საფუძველზე მივიდა დასკვნამდე, რომ პრიმიტივების აზროვნების წესი არსებითად განსხვავდება თანამედროვე ევროპელის რაციონალური, ლოგიკური, წინააღმდეგობებისადმი მგრძნობიარე აზროვნებისაგან. პირველყოფილი აზროვნება მისტიკური და პრალოგიკურია. ის ე.წ. „პარტიციპაციის” (თანამონაწილეობა, თანაზიარება) კანონს ემყარება, ლოგიკის ნაცვლად.

ამასთან, ლევი-ბრიულის თანახმად, თანამედროვე ადამიანის აზროვნება და პრიმიტივების პრალოგიკური აზროვნება არაა უფსკრულით გაყოფილი. აზროვნების ეს ორი ტიპი არაა აზროვნების სოციოგენეზის მკვეთრად გამიჯნული საფეხურები. ისინი თანაარსებობენ - პირველყოფილი ადამიანი თავის პრაქტიკულ ქმედებაში ისევე ლოგიკურია {პრაქტიკული უნარიანობა}, როგორც დღევანდელი ადამიანი. ასევე, პირუკუც: თანამედროვე ადამიანის გონებისთვის არც პარტიციპაციაა უცხო, განსაკუთრებით მორალსა და რელიგიაში, რომელთა საფუძველში ხშირად ალოგიკური წარმოდგენებია.

ლევი-ბრიულის ნაშრომებმა „პირველყოფილი აზროვნება” (1922 წ.) და „პირველყოფილი სული” (1928 წ.) დიდი წვლილი შეიტანა ინგლისური ანთროპოლოგიური სკოლის კრიტიკაში, რომელსაც მიაჩნდა, რომ სხვადასხვა ხანისა და კულტურის ადამიანების გონებრივი ოპერაციები არსებითად ერთი და იგივეა. ამ ნაშრომებმა გავლენა მოხდინა აგრეთვე ჟ. პიაჟეს თეორიაზე და კ.გ. იუნგის ანალიზურ ფსიქოლოგიაზე. თანამედროვე ჰუმანიტარულ მეცნიერებაში და ზოგადად კულტურაში მითოსური ცნობიერების თავისებურებებს დიდი მნიშვნელოვნება ენიჭება.

წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები