ლეიკ პლესიდის ზამთრის III ოლიმპიური თამაშები (1932)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ზამთრის III ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია ფოტოზე მერცხნიდან პირველი სოკ-ის პრეზიდენტი ანრი დე ბაივ ლატური; მატცხნიდან მეორე ფრანკლინ რუზველტი

ლეიკ პლესიდის ზამთრის III ოლიმპიური თამაშები (1932) – ზამთრის III ოლიმპიური თამაშები ჩატარდა ლეიკ პლესიდში 1932 წლის 4-13 თებერვალს.

ზამთრის III ოლიმპიური თამაშები პირველი იყო, რომელიც ევროპის კონტინენტს მიღმა ჩატარდა. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის არაოფიციალური წესის თანახმად, ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მასპინძელ ქვეყანას იმავე წელს ზამთრის თამაშების ჩატარებაც შეეძლო. და რაკი ლოს ანჯელესს 1932 წლის ზაფხულის თამაშების მასპინძლობის უფლება 1923 წელს ჰქონდა მოპოვებული, ამერიკელები ზამთრის თამაშებისთვის შესაბამისი განაცხადისთვის მზადებასაც შეუდგნენ. ზამთრის ოლიმპიადის მოსურნე აშშ-ის შვიდი ქალაქი - აღმოჩნდა, მათ შორის ლეიკ პლესიდი, რომელიც უფრო იმით იყო ცნობილი, რომ იქ ნიუიორკელები საზაფხულო არდადეგებს ატარებდნენ, მოგვიანებით კი, იგი აშშ-ის ერთ-ერთ საუკეთესო ზამთრის კურორტად გარდაიქმნა.

1929 წლის 10 აპრილს ლოზანაში, სოკ-ის 27-ე სესიაზე ლეიკ პლესიდი ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძლად გამოცხადდა. ეს იყო ოლიმპიური თამაშები, რომელიც „დიდი დეპრესიისას“ გაიმართა. ამის გამო ევროპულ სახელმწიფოებს მეტად გაუჭირდათ შორ მანძილზე გასამგზავრებლად საჭირო ფინანსების მოძიება. ბევრმა მათგანმა ოკეანის გაღმა წასვლაზე უარი განაცხადა, ერთმა ნაწილმა კი გამოსავალი შემცირებული გუნდით გამგზავრებაში მოძებნა.

ზამთრის მესამე ოლიმპიური თამაშების პლაკატი

მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, აშშ-ის ოლიმპიურმა კომიტეტმა ნიუ იორკის შტატის მთავრობას ევროპელთათვის გარკვეული სამგზავრო შეღავათებიც კი დააწესებინა.

ედი იგანი (ბობით მარცხნიდან მეორე) ოლიმპიური თამაშების ისტორიაში ერთადერთია, რომელმაც ოქროს მედალი მოიპოვა ორ სხვადასხვა სახეობაში

საბოლოოდ, ლეიკ პლესიდს 1928 წლის თამაშებთან შედარებით 8 ქვეყნით ნაკლები დელეგაცია და მონაწილეთა ფაქტობრივად განახევრებული რაოდენობა ეწვია. შეიძლება ითქვას, რომ ოლიმპიური თამაშებისთვის ეს უკან გადადგმული ნაბიჯი იყო. ყველაფერთან ერთად ლეიკ პლესიდში უჩვეულოდ დათბა, რამაც - ბობსლეის ტრასა და ყინულის მოედნები დაადნო. ამიტომაც მასპინძლები მეზობელი კანადიდან დიდი რაოდენობით თოვლის ტრანსპორტირებას შეუდგნენ. აღსანიშნავია ისიც, რომ თბილი ამინდების გამო ორგანიზატორებს ბობსლეისტთა ასპარეზობების რამდენიმეჯერ გადადება მოუწიათ. საქმე იქამდე მივიდა, რომ ოთხკაციან ეკიპაჟებში მედლები ოლიმპიადის დახურვის შემდეგ გათამაშდა.

ლეიკ პლესიდის თამაშების ყველაზე წარმატებული სპორტსმენები გახდნენ ამერიკელები ირვინგ იაფე და ჯეკ შიი, რომლებმაც ციგურებით რბოლაში ორ-ორი ოქროს მედალი მოიპოვეს. ამასთან, ჯეკ შილის თამაშების გახსნაზე ოლიმპიური ფიცის დადების პატივიც ხვდა წილად. აშშ-ის ნაკრები მოპოვებული მედლების რაოდენობით პირველი იყო, წინა ოლიმპიადების ლიდერი ნორვეგია კი მეორე საფეხურზე აღმოჩნდა. ეს იმითაც აიხსნებოდა, რომ ციგურებით რბოლა ამერიკული წესებით წარიმართა (ოლიმპიური თამაშების ისტორიაში პირველად და ერთადერთხელ): სპორტსმენები სტარტზე გამოვიდნენ ჯგუფებად, ეგრეთ წოდებული მასობრივი სტარტით და არა ევროპული სისტემით, რაც ორი მონაწილის ერთმანეთის პირისპირ პაექრობას ითვალისწინებს. ამგვარმა ცვლილებამ საგრძნობი უპირატესობა ამერიკელებს მიანიჭა, რომლებიც შესაბამის წესებთან უფრო გაშინაურებულები იყვნენ. ცვლილებით გაბრაზებულმა ხუთგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ფინელმა კლას ტუნბერგმა პროტესტის ნიშნად ასპარეზობაზე უარი თქვა.

უნიკალურ შედეგს მიაღწია ამერიკელმა ედი იგანმა. ოლიმპიური თამაშების ისტორიაში იგანი ერთადერთია, რომელმაც ოქროს მედალი მოიპოვა ორ სხვადასხვა სახეობაში, როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის თამაშებზე. იგანმა 1920 წლი ანტვერპენის თამაშებზე კრივში იზეიმა ჩემპიონობა, 12 წლის შემდეგ კი ოქრო მედალი ბობსლეიში (ოთხკაციანი) დაისაკუთრა.

მეორე ოლიმპიური ოქროს მედალი მოიპოვა ნორვეგიელმა სონია ჰენიმ. ფიგურულ ციგურაობაში ასევე მეორედ იზეიმა ჩემპიონობა ანდრე და პიერ ბრუნე ფრანგთა წყვილმა. ვაჟებში მეოთხ ოქროს მედლისთვის იბრძოდა შვედი გილის გრაფსტრიომი, მაგრამ მეორე ადგილი დაიკავა, ჩემპიონობა კი ავსტრიელმა კარლ შაფერმა მოიპოვა.

ფიგურული ციგურაობა, ისევე, როგორც წინა თამაშებზე, ოლიმპიური პროგრამის ერთადერთი სახეობა იყო, სადაც ქალი სპორტსმენები მონაწილეობდნენ. ჰოკეიში, რომელიც წინა თამაშებზე მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატის სტატუსითაც სარგებლობდა, ამჯერად, მხოლოდ ოლიმპიური და მსოფლიოს პირველობის მედლები გათამაშდა (ევროპამ დამოუკიდებელი ჩემპიონატი ჩაატარა), ჩემპიონობა კი ზედიზედ მეოთხედ კანადელებს დარჩათ.

რიგით მესამე ზამთრის ოლიმპიური თამაშები ბოლო იყო, რომლის პროგრამაშიც არ შედიოდა სამთომოთხილამურეთა შეჯიბრებები. თუმცა, ამ სახეობის წარმომადგენლებმა ოლიმპიადის პარალელურად კორტინა დ'ამპეცოში (იტალია) რიგით მეორე მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზეს.


წყარო

ოლიმპიური ორტომეული

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები