ლენჩიბერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლენჩიბერი − სოციალური კატეგორია.

გვიანშუასაუკუნეების აჭარაში ლენჩიბერის გაჩენა „ოსმალობის” უშუალო გამოვლინება იყო. იგი თურქულ‐აღმოსავლური სოციალური ურთიერთობების ნაყოფადაა მიჩნეული. ლენჩიბერის ინსტიტუტი სამხრეთ კავკასიის მუსლიმანურ სახანოებშიც იყო გავრცელებული. მის შესახებ ცნობები ქართულ წყაროებშიც გვხვდება. 1729 წლის ხელნაწერი – „ელის დებულება” ელის თარხან კაცთა და რუს ლანჩბართა სამ სიას შეიცავდა. ელის დებულებაში დამოწმებული სოციალური კატეგორია − „ლანჩფარი” (ლანჩბარი/რანჯბარი) ფეოდალური, საკუთრივ კი – მუსლიმანური აღმოსავლეთისათვისაც არ იყო უცხო. თვლიდნენ, რომ სამხრეთ კავკასიის რანჯბარები, აჭარაში კი − ლენჩიბერი, უუფლებო გლეხთა მცირერიცხოვანი კატეგორია იყო, ზოგი მას სოციალურ‐უფლებრივი მდგომარეობით მონის კატეგორიასაც უთანაბრებდა.

„დასტურლამალის” მიხედვით მეურნეობის მოსაწყობად და გასამართავად რანჯბარს „ბელბასი”: პირველ წელს – ერთი აბაზი, ხოლო მეორე წელიწადს – ორი შაური ეძლეოდა. ამგვარად ეწყობოდა რანჯბართა კერძო მეურნეობა, მათი მიწაზე მიმაგრება და საბეგრო ვალდებულებანი. ლანჩბართა სოციალური ინსტიტუტი კახეთში – ჰერეთშიც გვხვდებოდა. ჰერეთში იყვნენ მოხეტიალე, ხელზე მომუშავე, მთიდან ჩამოსული გლეხები, რომელთაც „რეჩბარებს” ეძახდნენ. რანჯბარული საბუთების ანალიზის მიხედვით, რანჯბარი (ლენჩიბერი) სამხრეთ კავკასიის სახანოებში მეიჯარე გლეხს აღნიშნავდა. სამხრეთ კავკასიაში რანჯბარები მოჯამაგირეების მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. აზერბაიჯანში ისინი გლეხთა ცალკე კატეგორიასაც წარმოადგენდნენ. რანჯბარი ამავე დროს მეიჯარე და ფეოდალის – ბეგის, ხანის, ფაშის პირად მეურნეობაში მომუშავე გლეხსა და მიწის მუშასაც ერქვა. ამ ბეგარას „უმურური რანჯბარი” ეწოდებოდა. ფეოდალურ აზერბაიჯანში მკვიდრ რანჯბართა რიგებს გაქცეული გლეხები ავსებდნენ. ხშირად რანჯბართა რიგებში ტყვეებიც ხვდებოდნენ. ფეოდალს შეეძლო რაიიეს რანჯბარად გადაქცევა და მისი გასაჩუქრება. რანჯბარები შეძლებული და გაბატონებული ფენის თითქმის ყველა წარმომადგენელს ჰყავდა. ცნობილი იყო მოქალაქეების გავლენის ქვეშ მყოფი ლანჩბარებიც. ლენჩიბერები მიწაზე მიმაგრებულ და მესაქონლეთა წრეებშიც არსებობდნენ.

საერთოდ, სიტყვა ლანჩბარი წარმომავლობით „ტვირთის მზიდავს”, „მუშას”, უფრო ზუსტად, „მიწის მუშას” ნიშნავდა. აქედან გამომდინარე, ლანჩბარი თავდაპირველად გადასახადს, საგადასახადო ტვირთს აღნიშნავდა. თუ ლანჩბარი საგადასახადო ტვირთვი იყო, მაშინ შესაძლებელია ამ ტვირთის გადამხდელს ანდა მის გადამტანს თავდაპირველადვე სახელად ლანჩბარი რქმეოდა. იქ ლანჩბარები არც მესაქონლეობასა და არც მომთაბარეობას არ მისდევდნენ. ისინი სოციალური კიბის ყველაზე დაბალ საფეხურზე იდგნენ. ზოგ ადგილებში ლანჩბარი მიწაზე იყო მიმაგრებული. ირკვევა, რომ აჭარელი ლენჩიბერები გვიანშუასაუკუნეებში მესაქონლეობითა და მიწათმოქმედებით იყვნენ დაკავებული, კერძოდ, თუ საქართველოს ელის რაიონებში რანჯბარებს აბრეშუმის მოყვანასა და ბრინჯის მეურნეობის წარმოებაში იყენებდნენ, აჭარაში, პირიქით, ლენჩიბერები მესაქონლეობასა და მიწათმოქმედებაში, ძირითადად, მარცვლეული კულტურების ფართობებში იყვნენ დასაქმებულნი, ჰქონდათ პირადი მეურნეობა და სახვნელი იარაღებით გამწევი ძალაც. მათი გადასახადები მეურნეობის იმ დარგით განისაზღვრებოდა, რომელ დარგსაც ისინი მისდევდნენ. რანჯბართა საქმიანობას მათი საცხოვრებელი კუთხის ბუნებრივი გარემო, მეურნეობრივი საქმიანობა და საზოგადოებრივი მდგომარეობის პირობები საზღვრავდა. მეიჯარეობა, როგორც ფეოდალური ურთიერთობებისათვის დამახასიათებელი მოვლენა, აჭარაშიც იყო გავრცელებული.

მეიჯარე გლეხთა წარმოშობა სათემო მიწების დატაცებამ, გამუდმებულმა ომებმა და ხიზნობამ განაპირობა. მიწას იჯარით მცირე მამულიანი გლეხი იღებდა. მცირემიწიანობა კი აჭარისათვის უცხო არ იყო. მეიჯარე გლეხები აჭარაში სასოფლო თემის გარეთ იდგნენ, მაგრამ იყო მეიჯარეთა მიერ სასოფლო თემიდან ანდა დიდი სახლეულიდან მიწის იჯარით აღების შემთხვევები. თუ ხშირად აღმოსავლური რეიიე − გარკვეული სოციალური კატეგორია, სასოფლო თემში იყო გაერთიანებული, ლენჩიბერი პირიქით – თემის გარეთ იდგა. ადრე ლენჩიბერს შეიძლება სოფელში ეცხოვრა, მაგრამ იგი ამ სოფლის, სასოფლო თემის წევრად არ ითვლებოდა. ეს ძირითადად „მოსულებს” ეხებოდა, რადგან „მკვიდრი” თავიდანვე თემში ერთიანდებოდა და მის სრულუფლებიან წევრადაც მიიჩნეოდა. დასაშვებია მეიჯარე გლეხი აჭარაშიც ლენჩიბერი ყოფილიყო. სხვა მხარიდან მოსული პირები აჭარაში შინა და ხელზე მოსამსახურედ გამოიყენებოდა. მოსულებს როგორც მიწის სამუშაოზე, ისე მესაქონლეობაში მწყემსებად იყენებდნენ. საზოგადოების ამ წევრებს უპატრონო, ობლად დარჩენილი ბავშვები, უსახლკარო და უმიწაწყლო პირები და სხვა კუთხიდან მოსული ხელმოკლე ადამიანები მიეკუთვნებოდნენ.

ხელზე და და შინა მოსამსახურეს ზემო აჭარაში „ქოლეს” და „ხიზმეთქარს”, ხოლო ქვემო აჭარაში” – „მორბედს” ეტყოდნენ. ხიზმეთქრობა იგივე მოჯამაგირეობა იყო. ზემო აჭარაში მორბედად საზოგადოების ანდა ოჯახის რვა‐თხუტმეტი წლის ასაკამდე წევრიც ითვლებოდა. იგი ოჯახს საქონლის მოვლა‐პატრონობაში ერთგავრ დახმარებას უწევდა, მოჰქონდა შეშა და ეზიდებოდა სასმელ წყალს. ხიზმეთქარს ყოველგვარი სამუშაოს შესრულება უხდებოდა. ქოლეს, ხიზმეთქარსა თუ მორბედს შეიძლება საჭმელ‐ჩასაცმელისათვის ემსახურა. ამავე დროს შეიძლებოდა გაწეული შრომის გასამრჯელო მოეთხოვა. ზემო აჭარაში საკომლო სახელად ქოლოშვილიც (ცეცხლაძე) დასტურდება.

აზერბაიჯანში რაიასაგან რანჯბარს განსაზღვრული ნიშნების მიხედვით ანსხვავებდნენ: რანჯბარ გლეხს საკუთარი მეურნეობა არ ჰქონდა, არ ჰყავდა მუშა საქონელი. იგი ინვენტარის ნაკლებობასა და უქონლობას განიცდიდა. გლეხთა ასეთი კატეგორია აჭარაში „ფუხარას” სახელწოდებით იყო ცნობილი, ხოლო ლენჩიბერი, როგორც სოციალური კატეგორია, უფრო მეტად საშუალო კატეგორიის გლეხს უტოლდებოდა. „სუხრას” შესატყვისად ქვემო აჭარის ზოგიერთ თემში ტერმინ „ანღარს” ხმარობდნენ, ხოლო ზემო აჭარაში „სოხრა” იყო გავრცელებული. სოხრა ფეოდალის თუ სახელმწიფოს სასარგებლოდ გაწეული მიწის სამუშაო იყო, მაგალითად, გზის გაყვანა და სხვა მისთანანი. ამ სამუშაოს საზღაურად გლეხი არაფერს არ ღებულობდა. ამდენად, ლანჩბარი, რომელიც აჭარაში „ლენჩიბერის” ფორმით იყო წარმოდგენილი, ეწოდებოდა კაცს, რომელიც სხვებისაგან მეურნეობის ორი დარგის – მიწათმოქმედებისა და მესაქონლეობის განსაკუთრებული ცოდნითა და უნარით გამოირჩეოდა.

ლენჩიბერის სახელის მოპოვების თვალსაზრისით უპირატესობა მიწათმოქმედებას ენიჭებოდა. ამავე დროს ტერმინი ლენჩიბერი „მუშა კაცის” შესატყვისადაც იხმარებოდა. ლენჩიბერი მესაქონლეობასა და მიწათმოქმედებას ერთროულადაც მისდევდა, რაც მეურნეობის სიმბიოზიდან გამომდინარეობდა. ეს ბუნებრივიც იყო, რადგან აჭარაში ეს ორი დარგი მჭიდრო კავშირში ვითარდებოდა. აჭარაში არსებობდა ისეთი გაგებაც, რომ ლენჩიბერი „კარგათ მცხოვრები”, „შეძლებული კაცი” იყო, ზოგან კი, მაგალითად, მარეთის ხეობაში იგი ხელმოკლე, მცირემიწიანი, უმიწო, ღარიბი გლეხის, მიწის მუშაკის, მაგრამ ამავე დროს კარგი მეურნის მნიშვნელობითაც იხმარებოდა. ეს გაგება, რა თქმა უნდა, წარსული ცხოვრების რეალური ანარეკლი იყო. ასე რომ, აჭარაში ადრე სიტყვა ლენჩიბერი მუშას, მიწის მუშა კაცს აღნიშნავდა, რომელიც მიწის დიდ ნაკლებობას განიცდიდა და ხელმოკლეობაში ცხოვრობდა. მათი უმრავლსობა სხვა თემიდან იყო გადმოსული, ე. ი. გლეხთა ასეთ კატეგორიათა რიცხვს ადგილმონაცვლეობის ნიადაგზე ახლად ჩამოსახლებული მეკომურეები ზრდიდნენ. მათი ერთი წყება მეიჯარეობასაც მისდევდა, ხოლო ზოგი „ქოლეობით”, „ხიზმეთქრობითა” და „მორბედობით” იმსუბუქებდა თავის ხვედრს. ახლად ჩამოსახლებული ლტოლვილი პირი, უმამ‐ ულოდა უსახლკარო კაცი თუ ბეგის – ფეოდალის ხელთ მოხვდებოდა, იგი ვალდებული იყო შვიდი წლის განმავლობაში მის კარზე, როგორც მოსამსახურეს, მიწის მუშას ანდა მწყემს, ისე ემსახურა. ვადის გასვლის შემდეგ ბეგი რომელიმე სოფელში მას საცხოვრებელ ადგილს აძლევდა და კომლად ასახლებდა ანდა მისი საგამგეოს რომელიმე ოჯახში ჩაასიძებდა. ტყვედ ჩავარდნილები და ლტოლვილები, რომლებიც აჭარაში რჩებოდნენ ლენჩიბერების მდგომარეობაში ვარდებოდნენ. ლტოლვილი პირი, რომელიც ვინმეს შეეხიზნებოდა, ამ ნიადაგზე იგიც ლენჩიბერი ხდებოდა.



ლიტერატურა

მგელაძე, 241-248; ნოღაიდელი, 1936; ჯაჯანიძე, 1961;ქართული ეთნოლოგიური... 2009:225.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები