ლენცოფა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლენცოფა

ლენცოფა – (Hyoscyamus Nigos L.);
ოჯახი: ძაღლყურძენასებრნი (Solanaceae)
მეგრულადწირკეში წამალი.

ორწლიანი ბალახოვანი მცენარეა. 30-80 სმ სიმაღლის ღერო სწორად მდგომია, დატოტვილი, მოფენილია ჯირკვლოვანი ბეწვით. ფოთლები ფრთის მსგავსად ამოკვეთილნაკვთიანია. ქვედა ფოთლები ყუნწიანია და როზეტს ქმნიან, ზედა ფოთლები ღერომხვევია. გვირგვინი მღვრიე ყვითელი ფერისაა. ბადისებურად განლაგებული იისფერი ძარღვებით. ყვ. ნაყ. VI-VII. იზრდება ბუჩქნარებში, ქვიან და დანაგვიანებულ ადგილებში, ბოსტნებში, ბაღებში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია, განსაკუთრებით, გზის პირებზე. გავრცელებულია მთელ საქართველოში.

ლენცოფა – ბიბლიური მცენარე

შიქქერონი არამეულად ნიშნავს ლენცოფას. ოქროსფერი ლენცოფა წმინდა მიწის რელიქტური მცენარეა. აქ მას ვხვდებით ყველგან დაწყებული იერუსალიმის ძველი ქალაქის კედლებიდან იორდანის, სამარიის, იუდეის უდაბნოთი და დამთავრებული მკვდარი ზღვის მიდამოებით.

„და გადიოდა საზღვარი ყეკრონის ჩრდილო მხარეს, და უხვევდა საზღვარი შიქქერონისაკენ, და გადადიოდა ბაყალას მთაზე, და აღწევდა იაბნელამდე და თავდებოდა საზღვარი ზღვასთან“. (იესუ ნავეს ძე 15,11).

ლენცოფა - სამკურნალო თვისებები

ლენცოფა

სამკურნალო ნედლეულს ფოთლები წარმოადგენს, პირველ წელს აგროვებენ ზაფხულის ბოლოს, მეორე წელს ყვავილობის დაწყებამდე. მცენარის მთავარი მომქმედი საწყისია ტროპანული რიგის ალკალოიდები – ჰიოსცია- მინი, სკოპოლამინი, ატროპინი, აგრეთვე, ალკალოიდები – ჰიოსციპიკრინი, ჰიოსცერინი, ჰიოსცირეზინი, აღინიშნება მინარევების სახით ეთერზეთები, ცილები, შაქრები, ფისი, მინერალური მარილები, მთრიმლავი ნივთიერებები.

უძველეს სამკურნალო მცენარეების რიცხვს მიეკუთვნება. მისი პრეპარატები ახდენს ნაწლავების, ნაღვლის ბუშტის, შარდსადინარი გზების გლუვი მუსკულატურის სპაზმების შემცირებას, მოქმედებს ბრონქების გლუვ კუნთებზე, ამუხრუჭებს ლორწოვანი სითხის, ნერწყვის, ლორწოსა და კუჭის წვენის გამოყოფას. ოფიცინალური მედიცინა იყენებს ლენცოფას პრეპარატებს. ექსტრაქტს – როგორც სპაზმების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას; ატროპინს – კუჭისა და თორმეტგოჯანაწლავის წყლულის, ბრონქიალური ასთმის, ნაწლავებისა და ნაღვლის ბუშტის სადინარების სპაზმური მდგომარეობის დროს. ჰიოსციამინი აქტივობით აჭარბებს ატროპინს; სკოპოლამინი განსხვავებით ატროპინისაგან, დამამშვიდებლად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, ქირურგიაში იყენებენ ნარკოზისათვის მოსამზადებლად. შედის პრეპარატ „აერონის“ შემადგენლობაში, იხმარება ზღვის ავადმყოფობის პროფილაქტიკისა და სამკურნალოდ. ფოთლები შედის ანტიასმატური მოსაწევი ნაკრების შემადგენლობაში. თესლებისაგან მიღებული ე. წ. „თეთრი ზეთი“ სკიპიდართან და ქლოროფორმთან ერთად გამოიყენება დასაზელად რევმატიზმისა და ნევრალგიური ტკივილებისას (ადგილობრივი გამაუმტკივნებელი მოქმედების გამო). რექტალური სანთლების სახით გამოიყენება მსხვილი ნაწლავის, შარდსადინარი გზების, საშვილოსნოს ყელის გლუვი მუსკულატურის მტკივნეული სპაზმების შესამცირებლად.

ხალხურ მედიცინაში უძველესი დროიდან იხმარება, როგორც ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი და ანტისპაზმოლიტური საშუალება; ფოთლებს იყენებდნენ თავის ტკივილის, ხველების, ბრონქიალური ასთმის, კუჭის სპაზმის, გართულებული მოშარდვის, ტკივილიანი მენსტრუაციის, უძილობისა და ისტერიის დროს. თესლებისაგან დამზადებულ მალამოს იყენებდნენ ძვლის ტუბერკულოზის დროს. ქართულ ხალხურ მედიცინაში გამოიყენებოდა როგორც ტკივილის დამაყუჩებელი ცოფის, ავი ზნისა და კრუნჩხვითი ტკივილების საწინააღმდეგო საშუალებად. ლენცოფას ორთქლის აბაზანას უკეთებდნენ უშვილო ქალებს, ხოლო მთლიანი მცენარისაგან მოხარშულ ფაფას სიმსივნის ჩასაცხრობად შემოადებდნენ.

მცენარე ძლიერ შხამიანია! ყველა პრეპარატი მაღალი აქტიურობით გამოირჩევა, რის გამოც მიღებისას უკიდურესი სიფრთხილეა საჭირო, მიიღება მხოლოდ ექიმის გამოწერით და მისი მეთვალყურეობის ქვეშ. თვითმკურნალობა, მით უმეტეს დამოუკიდებლად მისი დამზადება ყოვლად დაუშვებელია! (შენგელია, 1983; ბიძინაშვილი, 2020).


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები