ლეონიდე კათოლიკოს-პატრიარქი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლეონიდე კათოლიკოს-პატრიარქი

ლეონიდე კათოლიკოს-პატრიარქი - (ერისკაცობაში ლონგინოზ სოლომონის ძე ოქროპირიძე), (15.II.1861 გორის მაზრა, სოფელი დისევი - 11.VII.1921, ქ. თბილისი)

სარჩევი

ბიოგრაფია

1867 წელს ლონგინოზი ჩაირიცხა თბილისის სასულიერო სემინარიაში, საიდანაც გადავიდა სტავროპოლის სემინარიაში, რომლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, 1884-1888 წლებში სწავლობდა კიევის სასულიერო აკადემიაში. სამშობლოში დაბრუნებისთანავე მან, როგორც ახალგაზრდა განათლებულმა სასულიერო პირმა, მიზნად დაისახა საქართველოს ეკლესიის ინტერესებისათვის ბრძოლა. 1888 წელს დაინიშნა „კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების” მიერ დაარსებული სკოლების ინსპექტორად. 1891-1897 წლებში ბერმონაზონი ლეონიდე მუშაობდა ჯერ ქართლ-კახეთის სინოდის კანტორის წევრად, 1897 წლიდან დავით გარეჯის იოანე ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვარია. 1898 წლის 17 აპრილს არქიმანდრიტი ლეონიდე აყვანილ იქნა ეპისკოპოსის ხარისხში. 1908 წლიდან გურია-ოდიშის ეპარქიას განაგებდა და მკაცრად ილაშქრებდა რუსეთის ხელისუფლების საგანმანათლებლო პოლიტიკის წინააღმდეგ.

1917 წლის 12(25) მარტს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში გურია-ოდიშის ეპისკოპოსმა ლეონიდემ წაიკითხა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის აქტი. იგი დაინიშნა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროებითი მმართველობის თავმჯდომარედ. 13 მარტს ეპისკოპოსი ლეონიდე შეხვდა ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტის („ოზაკომი”) წარმომადგენელ ხატისოვს და მოახსენა მცხეთაში მიღებული გადაწყვეტილების შესახებ. 14 მარტს გამოცხადდა ეგზარქოსის სასახლეში და საქართველოს ეგზარქოს პლატონს გამოუცხადა, რომ მცხეთაში მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე იგი გადაყენებული იყო ეგზარქოსის თანამდებობიდან. საქართველოს ეკლესიის დროებითმა მმართველობამ ეპისკოპოს ლეონიდეს ხელმძღვანელობით დიდი მუშაობა გასწია საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობის პრაქტიკული განხორციელებისათვის. ეგზარქოსყოფილი პლატონი რუსეთის საერო და სასულიერო ხელისუფლების მითითებით ცდილობდა, არ დაეთმო პოზიციები, 27 მარტს იგი გამოაცხადეს ამიერკავკასიის ეგზარქოსად და თბილელ მიტროპოლიტად. 15 აგვისტოს ქართველმა სამღვდელოებამ გურია-ოდიშის ეპისკოპოსი ლეონიდე თბილელ მიტროპოლიტად აირჩია. 1917 წლის 23 აგვისტოს ყოფილმა ეგზარქოსმა პლატონმა თბილისი დატოვა. საქართველოს ეკლესიის დროებითმა მმართველობამ მიტროპოლიტ ლეონიდეს ხელმძღვანელობით ეგზარქოსის სასახლე დაიკავა. 1918 წლის 23 აგვისტოდან 1919 წლის 23 თებერვლამდე მიტროპოლიტი ლეონიდე იყო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, ხოლო უწმიდესი კირიონის გარდაცვალების შემდეგ (1918 წ. 27 ივნისი) - კათოლიკოს-პატრიარქის მოვალეობის შემსრულებელი.

იგი ესწრებოდა 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას. 1919-1921 წლებში იყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. პატრიარქობის დროს აქტიურად დაუპირისპირდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის რელიგიურ პოლიტიკას, მას მიაჩნდა, რომ საქართველოს ხელისუფლება თავისი პოლიტიკით ეკლესიის დასუსტებას უწყობდა ხელს. ამ თემაზე ცნობილია მისი წერილი ეკლესიის სახელმწიფოსგან გამოყოფის შესახებ, სადაც მწვავედ არის გაკრიტიკებული ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკა. დაკრძალულია თბილისში, სიონის საპატრიარქო ტაძარში. იყო თავისი ეპოქის სასულიერო პირთა შორის გამორჩეული მქადაგებელი.

მიხეილ ქართველიშვილი

ლიტერატურა

  • ს. ვარდოსანიძე, ქართველი მღვდელმთავრები (XX-XXI საუკუნეებში), თბ., 2010; გ. მაჩურიშვილი, ლ. ტოგონიძე, XVIII-XX საუკუნეში მოღვაწე სასულიერო პირთა ცხოვრება და მოღვაწეობა, თბ., 2012;
  • ს. ვარდოსანიძე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ლეონიდე (1861-1921 წწ. ), თბ., 2014;
  • კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე, წერილი ეკლესიის სახელმწიფოსგან გამოყოფის შესახებ. თბ., 2005.

იხილე აგრეთვე

ლეონიდე ოქროპირიძე (საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი)

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები