ლეჩაქი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლეჩაქი

ლეჩაქი − გათხოვილი ქალის, მართკუთხა ანდა სამკუთხა ფორმის თავსაბურავი.

ლეჩაქი ორი სახის არსებობდა: მარმაშისა და დოლბანდისა. აჭარაში უმეტესად თეთრი ფერის დოლბანდის ლაჩაქი იყო გავრცელებული. ახალგათხოვილი თუ ახალგაზრდა ქალის ლეჩაქი ყოველთვის თეთრი და განსაკუთრებულად შემკული იყო. მუქი ფერის ლეჩაქებს მხოლოდ ქვრივი ქალები ატარებდნენ. მისი გამოჭრა და მოქარგვა ყველა ქალს შეეძლო. ლეჩაქის გვერდებს მრავალფეროვანი გეომეტრიული და მცენარეული ორნამენტით ამკობდნენ. საქარგავად სხვადასხვა ფერის აბრეშუმის ძაფებს იყენებდნენ. კიდეებზე მძივებს ანდა ფერად ჯიმფრულებს შემოავლებდნენ.

აჭარელი ქალი ლეჩაქითა და ტრადიციული შემკულობით

XIX საუკუნის 30‐იანი წლების მონაცემებით აჭარაში თეთრი ლეჩაქის გარდა სახეებიანი ანუ პეპლებიანი ლეჩაქიც იყო ხმარებაში. ლეჩაქს „იაზმასაც” უწოდებდნენ. მას თავზე თორით იმაგრებდნენ.

ლეჩაქს თავისებური მოხვევის წესიც ჰქონდა: ისე იხურავდნენ, რომ მისი ერთი ყური − წვერო ნიკაპთან შეკეცილიყო, მეორე კი უკან გადაშვებულიყო, მას ფეშტემალის ბაღში იმაგრებდნენ. მესამე ყურს ყელზე შემოიხვევდნენ და კეფიდან წინ გადმოუშვებდნენ. ამ ყურზე ფერადი მძივების მოგრძო ასხმა იყო შებმული. ლეჩაქს ქალი სიცოცხლის მანძილზე ატარებდა. იგი საქართველოში ერთნაირად გავრცელებული თავსაბურავი იყო. ძირითადად მარმაშისაგან ამზადებდნენ. ლეჩაქს ოთხკუთხა ფორმა ჰქონდა და გარშემო არშიას ავლებდნენ.

XIX საუკუნის საქართველოში გავრცელებული იყო სამნაირი ლეჩაქი – სადა, ნაკერი, აბრეშუმით ანდა სირმით ნაქარგი, დაბასმული, ბასმით − თეთრი წებოთი მოხატული. სადა ლეჩაქს მოხუცი და მგლოვიარე ქალები იხურავდნენ, დაბასმულს − ახალგაზრდები. სახელწოდება ლეჩაქი კავკასიისა და შუა აზიის ხალხებში იყო გავრცელებული. ძველ ქართლში მის ნაცვლად „კუბასტი”, „მაქნანი”, „მაკინაკი” და „ჩიქილა” გვხვდებოდა. ქართულ წერილობით ძეგლებში ლეჩაქი XVII საუკუნიდან მოიხსენიება, მაგრამ უფრო ადრეული პერიოდის კედლის მხატვრობისა და მინიატურების მიხედვით ჩანს, რომ ბადურად ნაქსოვი თავსაბურავები XII საუკუნის საქართველოშიც ფართოდ ყოფილა გავრცელებული.


ლიტერატურა

სამსონია, 2005:105-107; სახოკია, 1985:245; ყარაულაშვილი, 2008; ქართული მატერიალური კულტურის... 2011.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები