ლითონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლითონი (მეტალი) − (ძვ. ფრანგ. metal ლითონი; მასალა, მატერია, ნივთიერება < ლათ. metallum კარიერი, ქვის სამტეხლო, ლითონი < ბერძ. métallon მაღარო, საბადო, ქვის სამტეხლო; ლითონი, მადანი) – ნებისმიერი ელემენტარული კლასის კრისტალური ნივთიერება, რომელსაც მაღალი თბო- და ელექტროგამტარობა, ჭედვადობა, პლასტიკურობა, ბზინვა ახასიათებთ, რაც განპირობებულია მათ კრისტალურ მესერში თავისუფლად გადაადგილებადი ელექტრონების დიდი რაოდენობით. ამ თვისებებს ატარებს 80-ზე მეტი მარტივი ნივთიერება (ელემენტი) და ლითონის ბევრი შენადნობი. ქიმიური ელემენტების სამ-მეოთხედზე მეტი ლითონებია.

ჩვეულებრივ პირობებში თითქმის ყველა ლითონი მყარია, მხოლოდ ვერცხლისწყალი გვხვდება თხევად მდგომარეობაში. მსგავსების გარდა ლითონებს შორის განსხვავებაც არსებობს. მაგ., კალა, ტყვია და ალუმინი, რკინისა და სპილენძისაგან განსხვავებით უფრო რბილი, სუსტი და შედარებით დაბალ ტემპერატურაზე დნობადი ლითონებია. ზოგი ლითონი, როგორიცაა კალიუმი და ნატრიუმი, აქტიური ნივთიერებებია და კარგად შედის რეაქციაში, ზოგი კი, მაგ., ოქრო და პლატინა, არააქტიურია. ოქრო ბუნებაში სუფთა სახითაა აღმოჩენილი, დანარჩენი ლითონი კი ქანებში მინერალების სახით მოიპოვება, სადაც ისინი არალითონებთანაა ნაერთში. მაგ., რკინის ძირითადი მინერალები რკინისა და ჟანგბადის ნაერთებია.

ლითონის გამყარება შესაძლებელია მათი გადნობითა და შენადნობების დამზადებით. ქიმიური აქტივობის მიხედვით დალაგებულ მწკრივს აქტივობის მწკრივი ეწოდება: li, K, Ca, Na, Mg, Al, Zn, Cr, N, Fe, Sn, Pb, [H], Cu, Ag, Hg, Pt, Au. შუა საუკუნეებამდე ცნობილი იყო მხოლოდ 7 ლითონი: ოქრო, ვერცხლი, სპილენძი, კალა, ტყვია, რკინა, ვერცხლისწყალი. 1789 წელს ცნობილმა მეცნიერმა ლაუაზიემ, ლითონებს მიაკუთვნა იმ დროისათვის ცნობილი 17 მარტივი ნივთიერება – Sb, Ag, As, Bi, Co, Cu, Sn, Fe, Mn, Hg, Mo, Ni, Au, Pt, Pb, W. Zn. ლითონების საერთო ქიმიური თვისებაა ის, რომ მათი ატომები ადვილად გასცემენ ელექტრონებს და გარდაიქმნება დადებითად დამუხტულ იონებად. რაც ადვილად გასცემს ლითონის ატომი ელექტრონს, მით მეტი აქტიურია იგი. ლითონები რეაქციაში შედიან არალითონებთან: ჟანგბადთან, გოგირდთან, ჰალოგენებთან, აზოტთან, ფოსფორთან, მჟავებთან და წყალთან.

ლითონები და მისი შენადნობები იყოფა ორ ჯგუფად: შავი (რკინა და რკინის შენადნობები, რომელთა წილად მოდის მსოფლიოში წარმოებული ლითონპროდუქციის 95%) და ფერადი. პრაქტიკაში ლითონი გამოიყენება ძირითადად შენადნობების სახით (10 ათასზე მეტი). განსაკუთრებულად სუფთა ლითონები კი (99,999% და მეტი) გამოიყენება ატომურ ტექნიკაში.

თანამედროვე მშენებლობა წარმოუდგენილია ლითონებისა და მისი შენადნობების (ფოლადი, დურალუმინი, ბრონზა, თითბერი და ა.შ.) გარეშე, რომლისგან დამზადებული ელემენტები და კონსტრუქციები (წამწეები, კოჭები, კამარები, კოლონები, ჩარჩოები, სტრუქტურები, გარსები, ფურცლები, პროფილები და სხვ.) ფართოდ გამოიყენება სამოქალაქო და სამრეწველო დანიშნულების ნაგებობებისათვის.

არსებობს ლითონის მრავალი სახეობა: ადვილდნობადი, ამორფული, ანტიკოროზიული, ანტიფრიქციული, არალეგირებული, გადამეტხურებული, გაზრდილი სისუფთავის, გამდნარი, გამყარებული, განსაკუთრებული სისუფთავის, გარდამავალი, გაქრეული, გოგირდიანი, დარიშხანიანი, დაქვეითებული სისუფთავის, დიამაგნიტური, დორეს, ელექტროლიტური, თეთრი, თვითნაბადი, თხევადი, იშვიათი, იშვიათ მიწათა, კაჟბადოვანი, კეთილშობილი, კოროზიამედეგი, კოროზიებადი, ლეგირებული, მაგნიტური, ლეგირებული, მალეგირებელი, მაღალი სიმტკიცის, მაღალი სისუფთავის, მეორეული, მისადუღი, მრავალგოგირდოვანი, მსუბუქი, მსხვილკრისტალური, მსხვილმარცვლოვანი, მფარავი, მძიმე, მხურვალგამძლე, მხურვალმედეგი, ნახშირბადმცირე, ნადნობი, პირველადი, პიროფორული, პლატინის ჯგუფის, რადიაქტიური, რბილი, საზარე, სალი, სამონეტო, სასტამბო, საშუალო სისუფთავის, სტიბიუმიანი, სქელდნობადი, სწრაფმჭრელი, ტუტე, ტუტემიწოვანი, უბრალო, უკმარხურებული, უხეშმარცვლოვანი, ფერადი, ფურცლოვანი, ღრუბლოვანი, შავი, შესადუღებელი, შეუკლები, შოთისებრი, ცვეთამდგრადი, ცივმსხვრევადი, ცივნაჭედი, ძვირფასი, ძირითადი, ძნელდნობადი, წითელმსხვრევადი, ჭედადი, ხალასი და სხვ.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები