ბაღვაში ლიპარიტ (IV)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ლიპარიტ (IV) ბაღვაში-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლიპარიტ (IV) ბაღვაში - ლიპარიტ (III)-ის ძე, კლდეკარის ერისთავი 1028-1057 წწ., ქართლის ერისთავი 1040-იან-1057 წწ.; ბაგრატ IV-ის თანამედროვე, გამჭრიახი, გაბედული და ძლიერი პიროვნება, რომლის დაპირისპირებამ ბაგრატ IV-სთან ღრმა კვალი დააჩნია XI ს-ის საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებას.

ლიპარიტს დიდ ანგარიშს უწევდნენ მისი თანამედროვე ბიზანტიისა და თურქ-სელჩუკთა სახელმწიფოს მმართველნი. ლიპარიტ IV-ის შემდგომ კლდეკარის ერისთავთა დამორჩილება საქართველოს მეფეების საშინაო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ ამაოცანად დარჩა.

ლიპარიტი მოიხსენიება იმერას, დიდი გომარეთისა და ამბარლოს წარწერებში. მან უაღრესად რთული გზა განვლო ბაგრატ IV-ის ვასალობიდან ბიზანტიის იმპერატორის მოკავშირეობამდე. თავდაპირველად ლიპარიტი ერთგულად ემსახურებოდა ახლად გამეფებულ მცირეწლოვან ბაგრატ IV-ს და ქვეყნის ინტერესების დასაცავად არა ერთი ბრძოლა გადაიტანა. „მატიანე ქართლისაჲ“ იუწყება, რომ ბაგრატ IV-ის საქართველოში დაბრუნებიდან ერთი წლის შემდეგ (1028) იმპერატორმა კონსტანტინემ ბიზანტიელთა სადამსჯელო ჯარი გამოგზავნა, რომელმაც მოაოხრა ტაოს ქვეყანა და მოვიდა თრიალეთს. აქ ბიზანტიელთა ჯარს მედგარი წინააღმდეგობა გაუწია კლდეკარში გამაგრებულმა ლიპარიტმა და აიძულა იგი უკან გაბრუნებულიყო. მომდევნო წლებში ლიპარიტი კვირიკე კახთა მეფესთან და თბილისის ამირასთან ერთად იბრძვის განძის ამირა ფადლონის წინააღმდეგ. ლიპარიტისა და ბაგრატის განხეთქილების მიზეზი გახდა თბილისის საამიროს საკითხი. „მატიანე ქართლისაჲს“ ცნობით, ლიპარიტი დამოუკიდებლად უწევს ორგანიზებას თბილისის შემოერთებას - მან ქართლის ერისთავ ივანე აბაზასძესთან ერთად ტფილელი ამირა ჯაფარი მუხათგუერდში შეიტყუა და შეიპყრო, შემდეგ ბირთვისის ციხეც წაართვა. ამ ფაქტს ადასტურებს ამბარლოს წარწერაც: „მას ჟამსა მიწყია, ოდეს შეიპყრა ლიპარიტ ერისთავთ ერისთავმან ამირაჲ“. დატყვევებული ამირა ბაგრატ IV-მ შეიწყალა და კვლავ თბილისში დააბრუნა. ცოტა ხნის შემდეგ ბაგრატმა კახელთა და ჰერთა ლაშქრის მონაწილეობით თავად ითავა თბილისზე ლაშქრობა. თბილისის ალყა ორ წელს გაგრძელდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ თბილისის ამირა ჯაფარ იბნ-ალი ტივით აპირებდა თბილისიდან განძაში გაპარვას, მაგრამ ბაგრატმა თავისი დიდებულების კარნახით, კვლავ დაინდო ამირა და, ლიპარიტისაგან ფარულად, ზავი შეკრა მასთან. ამ ამბის შემდეგ ლიპარიტი საბოლოოდ განუდგა ბაგრატს. ეს განდგომა ბაგრატ IV-ს და ქვეყანას მეტისმეტად ძვირი დაუჯდა, განსაკუთრებით 1040-იანი წლების შემდგომ, როდესაც მათ პოლიტიკურ უთანხმოებას პირადი მოტივებიც შეემატა.

ბიზანტიამ, რომლის დამპყრობლურ გეგმებს კავკასიაში ძლიერ აფერხებდა ბაგრატ IV, ოპოზიციონერი კლდეკარის ერისთავის სახით ძლიერი მოკავშირე იპოვა. ამიერიდან ლიპარიტ კლდეკარის ერისთავი საქართველოში ბიზანტიური პოლიტიკის ყველაზე თანმიმდევრული გამტარებელი გახდა. ბიზანტიამ განიზრახა ბაგრატისათვოს დაეპირისპირებინა დემეტრე, კონსტანტინოპოლში მცხოვრები მისი ნახევარძმა, დემეტრე (1032 წ. ამ დემეტრემ გადასცა ანაკოფიის ციხე ბიზანტიას). ლიპარიტი ორჯერ შემოუძღვა დემეტრეს საქართველოში ბიზანტიის ფულითა და სამხედრო ძალით. ატენის ბრძოლის შემდეგ მოწინააღმდეგენი დაზავდნენ, რის შედეგადაც მეფემ შემოსარიგებლად ლიპარიტს ქართლის ერისთავობაც უბოძა, თუმცა ამით ბიზანტიის ხელისუფალთა მხარდაჭერით ძალამიცემული ლიპარიტის გული მეფემ მაინც ვერ მოიგო.

1045 წ. ბიზანტიამ ანისის სამეფო გააუქმა. ანელმა ბერებმა, ბიზანტიელთაგან თავდაცვის მიზნით, ქალაქი ბაგრატის დედას, არწრუნთა შთამომავალ დედოფალ მარიამს, ფაქტობრივად კი, ბაგრატს გადასცეს. ბაგრატმა ისარგებლა ამ ვითარებით და მნიშვნელოვნად შეავიწროვა ბიზანტიის პოზიციები ანისსა და შავიზღვისპირეთში. ამავე ხანებში თბილელი ბერების მიწვევით ბაგრატი კახთა მხარდაჭერით თბილისში შევიდა. ბაგრატის წარმატებების საპირისპიროდ ბიზანტიამ ლიპარიტი აამოქმედა. ამჯერად ლიპარიტმა მოტყუებით გამოიყვანა ანისიდან ქალაქის მცველები - ბაგრატის უერთგულესი ერისთავები და ყველა დაატყვევა. ბაგრატი იძულებული გახდა თბილისი მიეტოვებინა და ჯავახეთში ჩასულიყო. ლიპარიტმა, რომელსაც ბიზანტიის ჯარი უმაგრებდა ზურგს, სძლია მეფეს. ამ ამბის შემდეგ ბაგრატმა ზედიზედ კიდევ რამდენიმე დამარცხება იწვნია ლიპარიტისაგან. განდგომილ მოხელეს მეფემ დაზავება შესთავაზა, მაგრამ ლიპარიტი მოლაპარაკებაზე არც კი გამოცხადდა. ამ მარცხის შემდეგ ბაგრატი აფხაზეთს გადავიდა. ლიპარიტმა ხელთ იგდო მესხეთის მრავალი ციხე და გამაგრდა „ზემო ქუეყანასა ზედა“. 1046-1047 წწ-ში ლიპარიტი, ბიზანტიელთა დავალებით, დვინში ლაშქრობს და სამშობლოში 1047 წ. ბრუნდება. ამასობაში მცირე აზიასა კავკასიის სამხრეთით თურქ-სელჩუკთა შემოსევები ძლიერდება. ლიპარიტ IV ბიზანტიელთა მხარეს იბრძვის და 1048 წ. ბასიანის სიახლოვეს, კაპუტრუს ციხესთან, ტყვედ ვარდება (ამ თარიღს ადასტურებენ ბერძნული, სომხური და არაბული წყაროები). ლიპარიტის შვილებმა და მისმა ვასალებმა ბაგრატთან შერიგება არჩიეს. ქვეყანაში დროებით მშვიდობამ დაისადგურა.

არაბი ავტორის, იბნ ალ-ასირის (XII-XIII სს.) თანახმად, ბასიანთან მავერანნაჰრის თურქებმა დაამარცხეს ბიზანტიელთა და აბხაზთა (აქ: საქართველოს) 50-ათასიანი ლაშქარი, დაატყვევეს დიდი ჯგუფი პატრიკიოსებისა, რომელთა შორის იყო ალ-კარიტ (ლიპარიტი) აფხაზთა მალიქი. თავის დასახსნელად მას თურქთა მეთაურის იბრაჰიმ ინალისათვის 300 ათასი დინარი და 100 ათასი დინარის საჩუქარი შეუთავაზებია, მაგრამ იბრაჰიმი არ დათანხმებია და საპატიო ტყვე ხორასნის მმართველ თოღრულ-ბეგისათვის მიუგვრია. ლიპარიტის ტყვეობიდან გამოხსნაზე ზრუნვა იმპერატორმა კონსტანტინე მონომახოსმა აიღო თავის თავზე. სკილიცეს თანახმად, ლიპარიტის გამოსასყიდად იმპერატორმა თოღრულ-ბეგს დიდძალი თანხა და საჩუქრები გაუგზავნა, მაგრამ თოღრულ-ბეგს იმპერატორის საჩუქრებზე უარი უთქვამს და ლიპარიტი გამოსასყიდის გარეშე გაუთავისუფლებია, თანაც მისთვის იმპერატორისაგან მოძღვნილი ძვირფასი საჩუქრები გაუტანებია. ლიპარიტის გამოხსნასთან დაკავშირებული ბერძნულ-არაბული წყაროები ადასტურებენ, რომ ლიპარიტ ბაღვაში უაღრესად მნიშვნელოვან პოლიტიკურ როლს ასრულებდა ბიზანტიის აღმოსავლურ პოლიტიკაში, რის გამოც ბიზანტიამ თურქ-სელჩუკებთან დიპლომატიური არხები პირველად ლიპარიტის გამოხსნის მიზნით აამოქმედა. უცხოურ წყაროებს ეთანხმება „მატიანე ქართლისაჲ“ ლაკონური განცხადებაც: „და იყო მოყუარედ მისა ხუარასანს დოღლუბეგ სულტანი და საბერძნეთს - ბერძენთა მეფე“. არსებობს მოსაზრება, რომ კონსტანტინე მონომახოსის განსაკუთრებულ მფარველობას ლიპარიტ ბაღვაშისადმი, გარდა პოლიტიკური მოტივებისა, ასევე, ასაზრდოებდა მისი „მოყვრობა“ ლიპარიტთან. იგულისხმება მიქელ ფსელოსის ცნობა კონსტანტინე მონომახოსის გატაცების შესახებ ფავორიტი ალანი ქალით, რომლის მამას იმპერატორი დიდძალ ქონებას უგავნიდა ყოველწლიურად. სამეცნიერო ლიტერატურაში, იმის გათვალიწინებით, რომ ბიზანტიური წყაროები „ალანს“ ხშირად ქართველებს უწოდებდნენ, იმპერატორის ფავორიტი ქალი გაიგივებულია ლიპარიტის ასულთან (ლ. თავაძე). ლიპარიტ ბაღვაში ტყვეობიდან გათავისუფლებულა 1049 წ. (მ. კარანაძე).

ტყვეობიდან დაბრუნებულმა ლიპარიტმა ბიზანტიელთა სამხედრო ძალით და ადგილობრივ მომხრეთა დახმარებით კვლავ უკიდურესად შეავიწროვა ბაგრატ IV. მან დაიკავა ანისი და აიძულა ბაგრატი მიეტოვებინა თბილისი, სადაც თითქმის განმტკიცებული ჰქონდა პოზიციები. მოწინააღმდეგენი ერთმანეთს ჯავახეთში შეხვდნენ. მეფე კვლავ დამარცხდა და 1051 წ. იძულებული გახდა კონსტანტინოპოლში ჩასულიყო. აქ იგი სამი წელი იმყოფებოდა საპატიო ტყვეობაში. ამ ხნის განმავლობაში საქართველოში, ლიპარიტის მოთხოვნით, გიორგი უფლისწული რუისში მეფედ აკურთხეს. ახალგაზრდა მეფის მეურვეობაც თავად ლიპარიტმა ჩაიბარა. 1054 წ. იმპერატორმა კონსტანტინე მონომახოსმა ბაგრატ IV ლიპარიტთან ისე „შეარიგა“, რომ შერიგების პირობები თავად განსაზღვრა: ბაგრატს მთელი ქართლი და დასავლეთი საქართველო დაუტოვა, ხოლო ლიპარიტს, რომელიც ფორმალურად ცნობდა ბაგრატის სუზერენობას, მთელი მესხეთი მიაკუთვნა. როგორც ირკვევა, მესხეთთან ერთად ლიპარიტმა ჯავახეთის ნაწილიც მიიღო, რასაც ადასტურებს ზედა ვარძიის სამშენებლო წარწერა, რომელშიც მეფე საერთოდ აღარ არის მოხსენიებული. ამრიგად, ლიპარიტმა მესხეთის მთავრობა ოფიციალურად მიიღო და დიდი უფლებები მოიპოვა მთელ ქვეყანაში.

1055 წ. გარდაიცვალა ლიპარიტ ბაღვაშის მფარველი იმპერატორი კონსტანტინე მონომახოსი, რომლის შემდეგ საიმპერიო კარზე ზედიზედ ენაცვლება ერთმანეთს სხვადასხვა დინასტიის რამდენიმე იმპერატორი (თეოდორა, მიხეილ VI, ისაკ I კომნენოსი). ცხადია, ბიზანტიისათვის ამ რთულ პერიოდში ლიპარიტმა მხარდაჭერა დაკარგა. როგორც ჩანს, ამ წლებში საქართველოშიც დაიმსხვრა მითი ლიპარიტის ყოვლისშემძლეობის შესახებ. 1057 წ. ბაგრატის ერთგულმა ვასალმა სულა კალმახელმა მესხი აზნაურების დახმარებით დლივს მყოფი ლიპარიტი მის ძესთან, ივანესთან ერთად შეიპყრო და კალმახის ციხეში დაამწყვდია. ახლა უკვე ბაგრატმა „განაგო“ დაპატიმრებული ლიპარიტის საქმეები, - მისგან ჩაიბარა ციხეები: არტანუჯი, ყველი, უფლისციხე და ბირთვისი. ლიპარიტის უმთავრესი ციხე კლდეკარი კი, რომელსაც მედგრად იცავდა ლიპარიტის მწიგნობართუხუცესი ანამორი, დიდი წინააღმდეგობის შემდეგ ძლივს დაიმორჩილა მეფის ლაშქარმა - მეციხოვნეები დაეზავნენ მეფეს და კლდეკარის სანაცვლოდ ლიპარიტისა და ივანეს ცოცხლად გაშვება მოითხოვეს. ამის შემდეგ ლიპარიტმა „ჩაიცვა ჩოხანი“ და თავისი ძე ივანე მეფეს შეავედრა. ივანეს მეფემ კლდეკარი ჩამოართვა და მხოლოდ არგვეთის მამული დაუტოვა. შემონაზვნებულმა ლიპარიტმა კი, „შეუცოდებლობის ფიცი“ დადო და საბერძნეთში წავიდა, სადაც იგი მალე გარდაიცვალა. მისმა ერთგულმა ყმებმა ლიპარიტის ცხედარი ჩამოასვენეს და მის სამკვიდრო მამულში, კაცხში დაკრძალეს.

ალავერდის ოთხთავის მინაწერის ცნობით, ლიპარიტ (IV) ბაღვაში ატარებდა პროედროსის, პროტოარხონტის და მაგისტროსის ბიზანტიურ ტიტულებს. „ქართლის ცხოვრების“ სომხურ თარგმანში კი, 1051-1057 წწ-ში იგი კურაპალატადაც მოიხსენიება.

კლდეკარის ერისთავი ლიპარიტ (IV) ბაღვაში, ძლიერი და წინააღმდეგობრივი პიროვნება, როგორც ჩანს, ღრმა შთაბეჭდილებას ახდენდა თანამედროვეებზე. მიუხედავად იმ დიდი პოლიტიკური ზიანისა, რაც, გარემოებათა წყალობით, მოჰყვა მის კონფლიქტს ბაგრატთან, ქართველი მემატიანეც აღიარებს ლიპარიტის მნიშვნელობას: „და ლიპარიტ მოირჭუნა ზემოსა კერძსა დაუკლებელად, და იყო მოყუარედ მისა ხუარასანს დოღლუბეგ სულტანი და საბერძნეთს ბერძენთა მეფე, და ზრდიდა ბაგრატის ძესა გიორგის მცირესა სახელითა მეფობისათა“. სხვა ქართველ არისტოკრატთა მსგავსად, ლიპარიტი ზრუნავდა ხელნაწერთა შექმნა-გამრავლებაზე და მათ სულის საოხად ეკლესიას სწირავდა. მისი დაკვეთით 1048-1051 წწ-ში მანგლისში გადაუწერიათ იოანე ოქროპირის განმარტებები („თარგმანებანი“) მათესა და მარკოზის სახარებებისა. ასევე მის სახელს უკავშირდება ალავერდის ოთხთვის სახელით ცნობილი უძვირფასესი ხელნაწერი, რომელიც ივანე ლიპარიტის ძემ საქართველოში ჩამოიტანა და კაცხის მონასტერს შესწირა.


წყაროები და ლიტერატურა

მატიანე ქართლისაჲ 1955: 292-306; კედრენე 1963: 78; ქართლის ცხოვრების ძველი სომხური თარგმანი 1953: 227; ხელნაწერთა აღწერილობა 1953: 215; ხელნაწერთა აღწერილობა 1986: 214; ბაქრაძე 1959: 21, 61; ჯაფარიძე 2012ა: 115-116, 117, 123, 126, 128, 132-133; ცისკარიშვილი 1959: 35; თავაძე 2011: 161, 162-163;. კარანაძე 2007: 318.

იხილე აგრეთვე

ლიპარიტ IV ბაღვაში


Logo1.JPG ანტონი მრავალმნიშვნელოვანი

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები