ლიპსი თეოდორ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლიპსი თეოდორ

ლიპსი თეოდორ - Lipps Theodor, Липпс Теодор, 1851-1914

გერმანელი ფილოსოფოსი, ფსიქოლოგი, ესთეტიკოსი. ვ. ვუნდტთან და ჰ. ებინჰაუსთან ერთად მიჩნეულია გერმანული მეცნიერული ფსიქოლოგიის ფუძემდებლად. ბონის, ბრესლაუს და მიუნჰენის უნივერსიტეტების პროფესორი, მიუნჰენის ფსიქოლოგიური ინსტიტუტის დამაარსებელი. ლიპსის თანახმად, ფსიქოლოგია, როგორც მეცნიერება უშუალო ფსიქიკური გამოცდილების შესახებ, ყველა ფილოსოფიური დისციპლინის საფუძველია - ლოგიკის, ეთიკის, ესთეტიკისა.

პირველი პროფესიონალი ფსიქოლოგების მსგავსად, ლიპსიც ცნობიერების ფსიქოლოგიას აგებდა. ცნობიერება უშუალოდ ეძლევა სუბიექტს და ამიტომ ფსიქოლოგიის პირველი ამოცანა ცნობიერების მოვლენების სრულყოფილი აღწერაა. ფიზიოლოგიის მონაცემების გამოყენება მხოლოდ მაშინაა აზრიანი, როცა ცნობიერების მოვლენების არსი და ბუნება გარკვეულია. მაგრამ თავისი კოლეგების უდიდესი უმრავლესობისაგან განსხვავებით, ლიპსი მიიჩნევდა, რომ ცნობიერი ფენომენების გარდა რეალურად არსებობს არაცნობიერი ფსიქიკური განცდები/პროცესები. იგი მოუწოდებდა მათი შესწავლისკენ და მიიჩნევდა, რომ სულიერი ცხოვრების საერთო კავშირი უმთავრესად არაცნობიერ ფსიქიკურ პროცესებში ვლინდება. სწორედ არაცნობიერ ფსიქიკურში - და არა ფიზიოლოგიურში, როგორც ეს იმდროინდელ მეცნიერებაში მიაჩნდათ (ცნობიერებას მოკლებული ფსიქიკური არ არსებობს და არაცნობიერი მხოლოდ ფიზიოლოგიურიაო). ცნობილია, რომ ზ. ფროიდი ზედმიწევნით კარგად იცნობდა ლიპსის შრომებს, რომლებმაც შესამჩნევი გავლენა მოახდინეს არაცნობიერის შესახებ ფროიდის თეორიის ჩამოყალიბებაზე.

თავად ლიპსმა შექმნა ორიგინალური ესთეტიკური კონცეფცია, რომელსაც „ფსიქოლოგიური ესთეტიკა” დაერქვა. ის „ემპათიის” ცნებას ემყარება. ლიპსის ინტერპრეტაციაში ესაა განსაკუთრებული ფსიქიკური აქტი, რომლის დროსაც საგნის აღმქმელი სუბიექტი საგანზე თავისი ემოციური მდგომარეობის პროეცირებას ახდენს {პროექცია}. ამგვარად წარმოიქმნება ესთეტიკური განცდები, რომლებიც ხელოვნების ნაწარმოებში თავად აღმქმელ სუბიექტს შეაქვს. საკუთარი განცდების პროეცირებით უშუალო ფორმების (ვთქვათ არქიტექტურული ობიექტების) აღქმაში, წამოიქმნება მათი „გასულიერების” , შინაგანი სიცოცხლით სავსეობის და უნიკალურობის განცდა. ამით აიხსნება გეომეტრიული ილუზიებიც. ლიპსმა ერთი ახალი ილუზიაც აღმოაჩინა - „ლიპსის ილუზია” {აღქმის ილუზია} და ცნობილი ილუზიებიც ახსნა თავისი თეორიით. მაგ., ვერტიკალური ხაზი აღიქმება უფრო გრძლად, ვიდრე მისი ტოლი ჰორიზონტული {ჰორიზონტულ-ვერტიკალური ილუზია} იმიტომ, რომ დამკვირვებელი „თავს გრძნობს, თითქოს ზევითკენ იყოს გაჭიმული”. ეს მსჯელობა გულუბრყვილო ჩანს, მაგრამ დიდ სიმართლეს შეიცავს: რომ ილუზიების მიზეზი სუბიექტის განწყობაა, რომ სუბიექტი საგანს ასე იმიტომ ხედავს, რომ თავისი განწყობა შეაქვს მასში. ეს ბუნებრივად უკავშირდება ლიპსის მიერ არაცნობიერ ფსიქიკურზე ყურადღების გამახვილებას, რადგან განწყობა არაცნობიერის ყველაზე ტიპური სახეობაა.

ემპათიის L კონცეფცია ფართოდ გამოიყენება ხელოვნების ფსიქოლოგიაში და ნამდვილად მნიშვნელოვან მოხვედრას შეიცავს. თუმცა ლიპსისეული ემპათიის ცნება არსებითად განსხვავდება იმისგან, რასაც თანამედროვე ფსიქოლოგიაში ეწოდება ემპათია. ეს უკანასკნელი იქნებოდა, ხელოვნების ნაწარმოების აღმქმელს ამ ნაწარმოების ავტორის განცდები რომ გაეზიარებინა, ანუ რომ ყოფილიყო ავტორისა და აღმქმელის თანაგანცდა, ავტორის გაგება - და არა აღმქმელის მიერ თავისი საკუთარი განცდების, ასოციაციების პროეცირება. ამიტომ უფრო ზუსტი იქნება, თუკი ლიპსისეული ტერმინი „ემპათია” შეიცვლება ტერმინით „ესთეტიკური პროექცია”.

წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები